გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

გასული კვირა საავტომობილო სიახლეებით დატვირთული აღმოჩნდა. Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ საავტომობილო მიმოხილვაში კი ისეთ ამბებს გაეცნობით, როგორიცაა: რა გადაწყვეტილება მიიღო Bentley-მ 12-ცილინდრიანი ძრავების წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით, როგორია Nikola-ს მეოთხე კვარტალის შედეგები, რატომ შეაჩერა Ford-მა F-150-ის წარმოება კიდევ ერთი კვირით, რა ჰქვია ჩინური Geely-ს მიერ წამოწყებულ ახალ ბრენდს და როგორი იქნება პირველი ელექტრო Alfa Romeo Giulia.

Bentley 12-ცილინდრიანი ძრავების წარმოებას შეწყვეტს | მიზეზი ელექტრიფიკაციის პროცესია

მდიდრული ავტომობილების ბრიტანულმა მწარმოებელმა Bentley-მ 12-ცილინდრიანი ძრავების წარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. კომპანია გადაწყვეტილების აღსრულებას მიმდინარე წლის აპრილიდან გეგმავს და მიზეზად ბრენდის ელექტრიფიკაციის პროცესის ხელშეწყობას ასახელებს.

Phil Noble | Reuters

საინტერესოა, რომ ბრიტანული ავტომწარმოებლის გადაწყვეტილებით, Bentley ამ მოვლენის აღსანიშნავად აქამდე წარმოებულ ყველაზე ძლიერ 12-ცილინდრიან ძრავას გამოუშვებს, რომელსაც 740 ცხენის ძალის გამომუშავება შეეძლება. კომპანიის განცხადებით, აღნიშნული ძრავა 18 ერთეული უნიკალური Bentley Batur-ისთვის შეიქმნება. ამ უნიკალური, ხელით შექმნილი ავტომობილის ღირებულება 2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და 18-ვე ერთეული უკვე გაყიდულია.

ბრიტანული ავტომწარმოებლის გადაწყვეტილება ერთ-ერთი უკანასკნელი მაგალითია მწარმოებლების მიერ ელექტრიფიკაციის პროცესებისათვის ხელშეწყობისა. ცნობისთვის, გასულ წელს Bentley-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია მომდევნო ათი წლის განმავლობაში სრულად ელექტრიფიკაციისათვის 3 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავს. სრულად ელექტროწარმოებაზე გადასვლას Bentley 2030 წლისთვის გეგმავს.

კომპანიის განმარტებით, ბოლო მოდელის 12-ცილინდრიანი ძრავების შეზღუდული რაოდენობა Continental GT-ის, Bentayga-სა და Flying Spur-ის მოდელებისთვისაც იწარმოება. საბოლოოდ კი 12-ცილინდრიანი ძრავების წარმოება 6 და 8-ცილინდრიანი ჰიბრიდული ძრავების წარმოებით ჩანაცვლდება. Bentley-ს განმარტებით, კომპანიამ 2003 წელს, W12 ძრავების წარმოების დაწყებიდან დღემდე 100,000 ერთეული 12-ცილინდრიანი ძრავა აწარმოვა.

რაც შეეხება 6 და 8-ცილინდრიან ძრავებს, მათი წარმოების შეწყვეტის სავარაუდო თარიღის შესახებ კომპანია ინფორმაციას არ ავრცელებს.

Nikola-ს მეოთხე კვარტალის შემოსავლები შემცირდა | კომპანიამ მხოლოდ 20 სატვირთოს მიწოდება შეძლო

გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ელექტროსატვირთოების მწარმოებელმა Nikola-მ მეოთხე კვარტალში 133 სატვირთოს წარმოება შეძლო. თუმცა კომპანიამ დილერებს მხოლოდ 20 ერთეული ელექტროსატვირთო მიაწოდა. შესაბამისად, Nikola-ს მეოთხე კვარტალის შემოსავლები მოსალოდნელზე მეტად შემცირდა.

Nikola Motor Company

კომპანიის განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი ის ცვლილებებია, რაც მეოთხე კვარტალში ელექტროსატვირთოების მოდიფიკაციისათვის განხორციელდა. მომხმარებლებისაგან მიღებული უკუკავშირის გათვალისწინება და ელექტროსატვირთოების მახასიათებლების ცვლილება სწორედ მეოთხე კვარტალში განხორციელდა.

ამ სიახლის გავრცელების შემდეგ, Nikola-ს აქციათა ფასი სავაჭრო დღის ბოლოს 5%-ით შემცირდა. კომპანიის შემოსავალი მეოთხე კვარტალში 6.6 მილიონი დოლარით განისაზღვრა, ნაცვლად მოსალოდნელი 32.1 მილიონი აშშ დოლარისა. საერთო ჯამში Nikola-ს მეოთხე კვარტალის წაგებამ 222.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

საინტერესოა, რომ 2023 წლისთვის კომპანია წარმოების მნიშვნელოვნად ზრდას გეგმავს. Nikola-ს მიზანია, 2023 წელს დილერებს 250-დან 350-მდე ერთეული ელექტროსატვირთო მიაწოდოს. გარდა ამისა, კომპანიას ერთი ელექტროსატვირთოს წარმოებისათვის გაწეული დანახარჯის 105,000 აშშ დოლარით შემცირებაც სურს.

Ford-მა F-150-ის წარმოების აღდგენის გადაწყვეტილება კიდევ ერთი კვირით გადადო

Ford Motor-ის გადაწყვეტილებით, F-150-ების წარმოების აღდგენა კიდევ ერთი კვირით გადაიდო. შეგახსენებთ, რომ თებერვლის დასაწყისში ამერიკულმა ავტომწარმოებელმა საკუთარი ელექტროპიკაპის, F-150 Lightning-ის წარმოება რამდენიმე კვირით შეაჩერა. ამის მიზეზად კი საწარმოში გაჩენილი ხანძარი დაასახელა.

Bill Pugliano | Getty Images News | Getty Images

კომპანიის განცხადებით, მისმა ელემენტების მწარმოებელმა პარტნიორმა, სამხრეთკორეულმა SK-მ საწარმოში ელემენტების წარმოება განაახლა, თუმცა პროცესების თავიდან სრული სვლით დაწყებას დრო დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ Ford-ის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებით, ხანძარი ავტომობილის მიწოდებამდელი შემოწმების დროს გაჩნდა და შემდეგ ახლოს მყოფ სხვა ავტომობილზეც გავრცელდა. Ford-ის პრესსპიკერმა დამატებითი დეტალების გამჟღავნებისაგან თავი შეიკავა. თუმცა ფაქტია, ინციდენტის შემდეგ არათუ ავტომობილის წარმოება შეწყდა, არამედ უკვე წარმოებული ავტომობილების მიწოდების პროცესიც შეჩერდა.

ცნობისათვის, Ford-ის ელემენტების მიმწოდებელი სამხრეთკორეული SK On-ი გახლავთ, რომელთანაც ავტომწარმოებელი უკვე დიდი ხანია, თანამშრომლობს. მეტიც, 2021 წელს ორმა კომპანიამ აშშ-ში ელემენტების ერთობლივი საწარმოების გახსნის შესახებაც განაცხადა.

Ford-ის განცხადებით, მომხმარებლებისათვის უკვე მიწოდებული ერთეულების შესახებ მსგავსი ინციდენტების თაობაზე საჩივრები კომპანიას არ მიუღია. შესაბამისად, დილერებს მარაგებში არსებული F-150-ების გაყიდვების შეჩერება არ მოუწევთ.

ჩინურმა Geely-მ ახალი სუბ-ბრენდი Galaxy წარადგინა

ჩინურმა ავტომწარმოებელმა, Geely-მ ახალი სუბ-ბრენდი Galaxy წარადგინა. კომპანიის განმარტებით, ახალი ბრენდი ჩინური ავტომწარმოებლის ტექნოლოგიური მიღწევების სახე იქნება. Galaxy, „მაღალტექნოლოგიური ელექტრიფიცირებული პროდუქტების სერია“ მომხმარებლებს 2025 წლამდე 7 სხვადასხვა მოდელს შესთავაზებს. აქედან 4 – ჰიბრიდული ავტომობილი, ხოლო 3 ელექტრომობილი იქნება.

autocar.co.uk

ახალი ბრენდის წარდგენასთან ერთად, Geely-მ მისი პირველი მოდელიც გამოაჩინა. Galaxy L7 დამუხტვადი ჰიბრიდი გახლავთ, რომელიც გასაყიდად მიმდინარე წლის ზაფხულიდან ჩაეშვება. შემოდგომაზე კი უკვე ახალი დამუხტვადი ჰიბრიდი L6-ც გამოჩნდება.

საინტერესოა, რომ Galaxy-ს ავტომობილები Geely-სა და შვედური Volvo-ს მიერ ერთობლივად შექმნილ პლატფორმაზე აიგება. რაც შეეხება ბრენდის პირველ სრულად ელექტრომობილს, მისი სახელი E8 იქნება და ის დღის სინათლეს წლის ბოლოსთვის იხილავს. Geely საკუთარ მომხმარებლებს ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს ჰპირდება, რაც Galaxy-ს თანამედროვე ელემენტების უსაფრთხოების სისტემაში, ჰიბრიდული სიმძლავრის განაწილების ტექნოლოგიასა თუ უახლეს საოპერაციო პროგრამული უზრუნველყოფის სისტემაში გამოიხატება.

აღსანიშნავია ისიც, რომ Geely სუბ-ბრენდის ავტომობილების გაყიდვას ჩინეთის გარეთაც გეგმავს. ეს ყველაფერი კი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი მოთხოვნა იქნება ახალი ბრენდის მოდელებზე ადგილობრივ ბაზარზე.

Alfa Romeo-მ პირველი ელექტრო Giulia Quadrifoglio წარადგინა

იტალიურმა ავტომწარმოებელმა, Alfa Romeo-მ საკუთარი საკულტო ავტომობილის, Giulia-ს ელექტროვერსია წარადგინა. 1000 ცხენის ძალის მქონე ელექტრო-Giulia-ს ერთი სრული დამუხტვით 700 კილომეტრის გავლა შეეძლება. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჟან-ფილიპ იმპარატომ განაცხადა.

Autocar.co.uk

თუმცა იტალიური ავტომობილი დღის სინათლეს დაახლოებით 2025 წლამდე ვერ იხილავს. ბრენდმა ამჯერად მხოლოდ მისი დიზაინი და კონცეპტ-ვერსია წარადგინა. საინტერესოა, რომ ახალი ელექტრო-Giulia კონკურენციას ისეთ მოდელებს გაუწევს, როგორიცაა: Tesla Model S-ი და Porsche Taycan-ი.

საინტერესოა, რამდენად შეძლებს იტალიური მწარმოებელი ავტომობილის საბოლოო ვერსია კონცეპტს დაუახლოოს და 1000 ცხენის ძალა გამოიმუშაოს. ამ შემთხვევაში Alfa Romeo-ს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ელექტრომობილის წარმოება შეეძლება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *