საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები წლიურად დაახლოებით 50%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს, 7.53 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.
ანგარიშის თანახმად, მხოლოდ ივლისში საერთაშორისო რეზერვები 404.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ამასთან, სებ-ის ცნობით, გაუმჯობესდა რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებლებიც. საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი (ARA Metric) მიმდინარე შეფასებით 118.7%-ს შეადგენს.
ეროვნული ბანკის განმარტებით, ვინაიდან საერთაშორისო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტიაა, მისი გრძელვადიანი პოლიტიკა რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტიან მართვაზეა ორიენტირებული.
2026 წლის იანვარ-ივნისში სებ-ის წმინდა სავალუტო შესყიდვებმა ჯამურად 2,078.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ივლისის წმინდა შესყიდვების სტატისტიკა კი ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 25 აგვისტოს გამოქვეყნდება.
სებ-მა საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაცია 2024 წელს დაიწყო და ოქროში პირველი ინვესტიციები განახორციელა. ეროვნული ბანკის განცხადებით, მას შემდეგ ოქროს აქტივის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც მთლიან საერთაშორისო რეზერვებზეც დადებითად იმოქმედა.
2026 წლის ივნისში სებ-მა საერთაშორისო რეზერვებისთვის დამატებით 100 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა. შედეგად, 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, ოქროს წილმა მთლიან საერთაშორისო რეზერვებში 13.5% შეადგინა, ხოლო ოქროს აქტივის ღირებულებამ 1.01 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს.












