Unitree-ის IPO: ჰუმანოიდი რობოტების მწარმოებელი ჩინური კომპანიები ბირჟაზე გასვლას ჩქარობენ

Unitree-ის IPO: ჰუმანოიდი რობოტების მწარმოებელი ჩინური კომპანიები ბირჟაზე გასვლას ჩქარობენ

ფოტო: Qilai Shen/Bloomberg

რობოტების მწარმოებელი ჩინური კომპანია Unitree შანხაის საფონდო ბირჟაზე პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის (IPO) ემზადება. კომპანიამ აქციის ფასი 150.8 იუანით განსაზღვრა და IPO-ზე 6.1 მილიარდი იუანის, დაახლოებით $904 მილიონის, მოზიდვას გეგმავს. წარმატების შემთხვევაში, Unitree ჩინურ ბირჟაზე დალისტული ჰუმანოიდი რობოტების მწარმოებელი პირველი კომპანია გახდება.

Unitree-ის IPO ჩინეთის სწრაფად მზარდი რობოტიკის ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. კომპანია იმ რამდენიმე ადგილობრივ მწარმოებელს შორისაა, რომლებიც ჰუმანოიდი რობოტების კომერციალიზაციისთვის ტექნოლოგიურ და ფინანსურ რესურსებს ბოლო წლებში აქტიურად ზრდიან.

რა ვიცით Unitree-ზე?

Unitree 2016 წელს ინჟინერმა ვანგ სინგსინგმა დააარსა. კომპანია თავდაპირველად შედარებით დაბალფასიანი ოთხფეხა რობოტების, ე.წ. „რობოტი ძაღლების“, წარმოებით გახდა ცნობილი. მოგვიანებით Unitree-მ ჰუმანოიდი რობოტების მიმართულებაც განავითარა. კომპანიის G1, H1 და R1-მოდელებმა საერთაშორისო ყურადღება განსაკუთრებით მათი ვირუსული დემონსტრაციებით მიიპყრო – რობოტები დარბიან, ცეკვავენ და საბრძოლო ხელოვნების მოძრაობებსაც ასრულებენ.

Unitree ამ მიმართულებით კონკურენციას უწევს ისეთ კომპანიებს, როგორებიც არიან Tesla და Boston Dynamics-ი, ასევე ჩინურ სტარტაპებს, რომლებიც ცდილობენ შექმნან რობოტები, რომლებსაც მომავალში ადამიანებთან ერთად მუშაობა როგორც ქარხნებში, ისე სახლებში შეეძლებათ.

კომპანიის ფინანსური მაჩვენებლებიც სწრაფ ზრდაზე მიუთითებს. 2025 წელს Unitree-ს შემოსავალი ოთხჯერ მეტად გაიზარდა და თითქმის 1.7 მილიარდი იუანი შეადგინა. ამასთან, კომპანია მოგებიანია: მისი კორექტირებული წმინდა მოგება დაახლოებით 600 მილიონ იუანს შეადგენდა.

რატომ არის Unitree საყურადღებო?

Unitree-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ კომპანიამ შედარებით დაბალ ფასად რთული რობოტული სისტემების წარმოების შესაძლებლობა აჩვენა. ამისთვის მას ჩინეთის ფართო საწარმოო და მომწოდებლების ქსელი ეხმარება, რომელიც ელექტროძრავების, სენსორების, ბატარეებისა და სხვა კომპონენტების წარმოებას მოიცავს.

კომპანიის წარმატება ასევე უკავშირდება ჩინეთის ამბიციას, გახდეს ლიდერი ე.წ. „განსხეულებული ინტელექტის“ (embodied intelligence) მიმართულებაში. ეს სფერო ხელოვნურ ინტელექტს ფიზიკურ მოწყობილობებთან აერთიანებს და მიზნად ისახავს ისეთი მანქანების შექმნას, რომლებსაც რეალურ სამყაროში გადაადგილება, გარემოს აღქმა და მასთან ურთიერთქმედება შეუძლია.

თუმცა ჰუმანოიდი რობოტების ტექნოლოგიური პროგრესი ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ადამიანების ჩანაცვლებას ფართო მასშტაბით უახლოეს მომავალში შეძლებს.

დღეს ჰუმანოიდებზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი ნაწილი უნივერსიტეტებსა და სახელმწიფო მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებზე მოდის, სადაც რობოტებს განათლების, კვლევისა და დემონსტრირებისთვის იყენებენ.

აღნიშნული ტექნოლოგია ჯერ კიდევ დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე. მათ შორისაა საიმედოობა, რთული და ზუსტი მოძრაობების შესრულება, ასევე სხვადასხვა ამოცანის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ადამიანის ჩარევის გარეშე შესრულება.

რატომ ცდილობენ ჰუმანოიდი რობოტების ჩინური მწარმოებლები ბირჟაზე გასვლას?

ჰუმანოიდი რობოტების შექმნა განსაკუთრებით ძვირი პროცესია. კომპანიებს სჭირდებათ ბევრი ინჟინერი, ასევე ხელოვნური ინტელექტის მოდელების შესაქმნელად და გასაწვრთნელად საჭირო მონაცემები, სპეციალიზებული წარმოების სიმძლავრეები და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა.

ამასთან, კომპანიებს შესაძლოა წლები დასჭირდეთ, სანამ ქარხნებიდან და შინამეურნეობებიდან ჰუმანოიდ რობოტებზე მასობრივი მოთხოვნა რეალურ შემოსავლებად გადაიქცევა.

სწორედ ამიტომ, საფონდო ბირჟაზე გასვლა რობოტების მწარმოებლებისთვის დამატებითი კაპიტალის მოზიდვის შესაძლებლობას წარმოადგენს. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ჩინეთის ხელისუფლება აქტიურად უჭერს მხარს რობოტიკისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებას, ხოლო სექტორის მიმართ ინვესტორების ინტერესი მაღალია.

Unitree ერთადერთი ჩინური კომპანია არ არის, რომელიც ამ შესაძლებლობას იყენებს. Leju Robotics-ი, რომელიც Kuavo-ს ჰუმანოიდ რობოტს აწარმოებს, მაისში შენჭენის ბირჟაზე, ChiNext-ზე დასალისტად განაცხადი წარადგინა. შანხაიში დაფუძნებულმა AgiBot-მა კი, რომელიც ჩინეთში ჰუმანოიდი რობოტების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია, ივლისში ჰონგ-კონგში IPO-სთვის მზადება დაიწყო.

თუ Unitree-ის IPO წარმატებით დასრულდება, ეს შესაძლოა ჩინეთის ჰუმანოიდი რობოტების ინდუსტრიისთვის უფრო ფართო საჯარო დაფინანსების ეტაპის დასაწყისი გახდეს. თუმცა ამ კომპანიებისთვის მთავარი გამოწვევა კვლავ ტექნოლოგიის მასშტაბურ კომერციულ პროდუქტად გარდაქმნა და იმის დამტკიცება იქნება, რომ ჰუმანოიდი რობოტების მიმართ დღევანდელი ინტერესი გრძელვადიან, რეალურ მოთხოვნაში გადაიზრდება.