სებ-ის მიერ 7 ტონა ოქროს შესყიდვა შესაძლოა, სანქციების შიშს უკავშირდებოდეს - ISET Policy Institute

სებ-ის მიერ 7 ტონა ოქროს შესყიდვა შესაძლოა, სანქციების შიშს უკავშირდებოდეს - ISET Policy Institute

ცოტა ხნის წინ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 7 ტონა, უმაღლესი სინჯის (999.9), მონეტარული ოქრო შეიძინა. შეძენილი ოქროს მოცულობა სებ-ის საერთაშორისო რეზერვების დაახლოებით 11%-ს უტოლდება.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქრო დაამატა. ეს შესყიდვა სებ-მა, გაზრდილი გლობალური გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, დივერსიფიკაციის გაძლიერების სურვილით ახსნა.

ISET Policy Institute-ის განმარტებით, ცენტრალური ბანკები, განსაკუთრებით განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში, ოქროს რეზერვებს ორი ძირითადი ფაქტორიდან გამომდინარე ზრდიან. პირველი არის ეკონომიკური მოტივაცია, რომელიც მოიცავს პორტფელის დივერსიფიკაციას და თავის დაცვას ინფლაციისა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობისგან. მეორე, პოლიტიკური ვითარება, როდესაც ქვეყნები ცდილობენ შეამცირონ დამოკიდებულება აშშ დოლარზე და დაიცვან თავი პოტენციური სანქციებისგან.

ორგანიზაციას მეორე შემთხვევის მაგალითად მოჰყავს რუსეთის აგრესია და ყირიმის ანექსია 2014 წელს, რამაც აიძულა ქვეყნები, მათ შორის რუსეთი და, მოგვიანებით, 2022 წლის შემდეგ ბელარუსი, გაზარდონ თავიანთი ოქროს მარაგი, როგორც სანქციებისგან თავის დამცავი საშუალება, იმის გათვალისწინებით, რომ ოქროს მარაგების გაყინვა რთულია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ის თავად ამ ქვეყანაში ინახება.

ISET-ის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოქროს შეძენას აქვს ეკონომიკური დასაბუთება, ბოლოდროინდელი შიდა მოვლენები აჩენს კითხვებს ალტერნატიული მოტივების შესახებ. „ისეთი ქმედებები, როგორიცაა აშშ-ის მიერ სანქციების დაწესება გავლენიან პოლიტიკურ ფიგურებზე (მაგ. მოსამართლეები, ყოფილი მთავარი პროკურორი), შეშფოთება ცენტრალური ბანკის მმართველობასთან დაკავშირებით და მმართველი პარტიის საკანონმდებლო გადაწყვეტილებები (უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი), ემიჯნება ევროკავშირის გზას, იწვევს საზოგადოების უთანხმოებას და რეაქციას ძირითადი პარტნიორების – აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მხრიდან. ამას ემატება მმართველი პარტიის ანტიდასავლური რიტორიკა და საგადასახადო კოდექსში ახლახან მიღებული ცვლილება, ეგრეთ წოდებული „ოფშორების შესახებ კანონის“ სახით. ეს ფაქტორები წარმოშობს ეჭვს იმის შესახებ, ხომ არ არის ოქროს შეძენა გამოწვეული პოტენციური სანქციების შიშით და მისთვის მზადყოფნით“, – ვკითხულობთ ISET-ის განცხადებაში.