სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით შეამცირა

სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით შეამცირა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, დღეს, 22 მაისს მონეტარული რეფინანსირების განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.

„საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და მთლიანი ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა. 2024 წლის აპრილში ფასების საერთო დონე წლიურად 1.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 2.3 პროცენტი შეადგინა. წინა თვესთან შედარებით ინფლაციის ზომიერი ზრდა მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური ვითარების გამო ნავთობის ფასების ზრდამ განაპირობა. დროულად და საკმარისად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ფასების ცვლილება, მიზნობრივ 3-პროცენტიანი მაჩვენებლის გარშემო ნორმალიზდა. განახლებული პროგნოზით, 2024 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია, სხვა თანაბარ პირობებში, მიზნობრივი დონის ქვემოთ იქნება და შემდგომ 3%-იანი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება,“ – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

სებ-ის განცხადებით, ის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზაციას ფრთხილი ბიჯებით გააგრძელებს. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, ეროვნულ ბანკში არ გამორიცხავენ, რომ მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება ან მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრება გახდეს საჭირო

„საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს,“ – ვკითხულობთ სებ-ის განცხადებაში.

ცნობისთვის, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 19 ივნისს ჩატარდება.