საქართველოს ბანკისა და სავაჭრო სამრეწველო პალატის თანამშრომლობით, დამატებით კიდევ 70-მდე ბიზნესი გაციფრულდება

საქართველოს ბანკისა და სავაჭრო სამრეწველო პალატის თანამშრომლობით, დამატებით კიდევ 70-მდე ბიზნესი გაციფრულდება

საქართველოს ბანკი, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, მეწარმეობის განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით, საქართველოს ბანკი სავაჭრო სამრეწველო პალატის ინიციირებული პროექტის – „უფასო ვებ-გვერდი ბიზნესს“-ის მხარდამჭერია.

ამჟამად პროექტის მეოთხე ნაკადი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში, სავაჭრო პალატა 70-მდე მეწარმისთვის უზრუნველყოფს როგორც ვებგვერდის დამზადებას, ასევე ვებგვერდის მართვის ტრენინგს და ტექნიკურ მხარდაჭერას. ხოლო ბანკი – მეწარმეების ინტერესებზე მორგებულ ონლაინ გადახდების (ბარათით გადახდა, განვადებით გადახდა, ნაწილ- ნაწილ გადახდა, PLUS და MR ქულებით გადახდა და სხვა) ინტეგრაციას, მათთვის შეღავათიანი პირობებით.

პროექტში საქართველოში რეგისტრირებული ის მეწარმეები მონაწილეობენ, რომელთაც საკუთარი პროდუქციის ონლაინ გაყიდვა სურთ. მათ შორის არიან ბიზნესები როგორც თბილისიდან, ისე აჭარის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებიდან.

„მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულება და ელექტრონული კომერციის განვითარება საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანია, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ბიზნესებს ხელი მიუწვდებოდეთ ტექნოლოგიებზე, რომელიც თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს პასუხობს. ამ პროცესში ჩვენი, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტის და ტექნოლოგიური კომპანიის როლი მნიშვნელოვანია. მოხარული ვართ, რომ პროექტის მეოთხე ეტაპზე 70-მდე ბიზნესი გაციფრულდება და ჩაერთვება ონლაინ ვაჭრობაში. ეს როგორც მეწარმეობის, ისე, ზოგადად, ეკონომიკის სტიმულირებისთვის სასარგებლო ინიციატივაა, საქართველოს ბანკი კი ამ ბიზნესებს ონლაინ გადახდების მისაღებად საჭირო უახლესი ტექნოლოგიური ხელსაწყოებით უზრუნველყოფს“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

აღსანიშნავია, რომ პროექტში, ოთხი ნაკადის ფარგლებში, ჯამურად 300-მდე ბიზნესი გაციფრულდება. S