სერენა უილიამსი კორტებს უბრუნდება - ჩოგბურთელი „უიმბლდონზე“ იასპარეზებს

სერენა უილიამსი კორტებს უბრუნდება - ჩოგბურთელი „უიმბლდონზე“ იასპარეზებს

ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ამერიკელი ჩოგბურთელი, სერენა უილიამსი კორტებს უბრუნდება. 40 წლის სპორტსმენმა Instagram-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ „უიმბლდონის“ წლევანდელ ტურნირზე იასპარეზებს, რომელიც 27 ივნისიდან 10 ივლისამდე გაიმართება.

შეგახსენებთ, უილიამსმა ბოლოს ოფიციალური შეხვედრა 2021 წლის 29 ივნისს სწორედ „უიმბლდონის“ ტურნირის ფარგლებში ჩაატარა. ჩოგბურთელი ტრავმის გამო იძულებული გახდა, ტურნირს პირველი რაუნდის მატჩიდან დამშვიდობებოდა.

სერენა უილიამსი ამჟამად ჩოგბურთელ ქალთა შორის რეიტინგში 1208-ე ადგილს იკავებს. ვეტერან სპორტსმენს „დიდი სლემის“ 23 ტიტული აქვს მოპოვებული, მათ შორის ავსტრალიის ღია პირველობა – 7-ჯერ, „როლან გაროსი“ –  3-ჯერ, „უიმბლდონი“ – 7-ჯერ და აშშ-ის ღია პირველობა 6-ჯერ აქვს მოგებული.

Forbes-ის დათვლებით, მოცემული დროისთვის სერენა უილიამსის ქონება 260 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მას კარიერის განმავლობაში კორტებიდან, საპრიზო თანხის სახით, 94.5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი აქვს გამომუშავებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *