გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

Forbes Georgia-ს მიმდინარე კვირის ავტობლოგში სიახლეებს თითქმის ყველა მსხვილი ავტომწარმოებლის შესახებ გაეცნობით. გარდა ამისა, მიმოხილვაში ნაკლებად ცნობილი, თუმცა უფრო მდიდრული მწარმოებლების შესახებაც მოგიყვებით. LightYear-ის და CUPRA-ს შესახებ სიახლეების გარდა, გესაუბრებით GM-ისა და სამხედრო კომპანიის, Lockheed Martin-ის კოლაბორაციაზეც. უფრო მეტს კი ამ და სხვა სიახლეების შესახებ ქვემოთ წაიკითხავთ.

Lightyear-ის მზის სინათლის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილის წარმოება 2022 წლის ბოლოსთვის დაიწყება

ელექტრომობილების მდიდრულმა სტარტაპმა Lightyear-მა გასულ კვირას  მზის სინათლის ენერგიაზე მომუშავე პირველი ავტომობილი წარადგინა. კომპანიამ ამჯერად Lightyear 0-მოდელის საწარმოო ვერსია გაგვაცნო, რომელიც 2019 წლის პროტოტიპისაგან დიდად არ განსხვავდება. საინტერესოა, რომ ავტომობილი ჰიბრიდული ვერსია იქნება. თუმცა, ტრადიციული ჰიბრიდული ვერსიებისაგან განსხვავებით, რომლებსაც ელექტრო და შიდაწვის ძრავები აქვთ, აღნიშნული მოდელი ელექტრო და მზის პანელებით იქნება აღჭურვილი.

Lightyear

60 კილოვატ/საათი სიმძლავრის ელექტროძრავას სახურავზე დამონტაჟებული მზის პანელებიც დაეხმარება. Lightyear 0-ის სახურავზე განთავსებული მზის პანელი მუდმივ რეჟიმში დაიმუხტება. მთავარია, ავტომობილი მზის სხივების ქვეშ მოხვდეს. თუმცა არ უნდა ვიფიქროთ, რომ მისი ენერგიის მთავარ წყაროს სწორედ მზის ენერგია წარმოადგენს.

სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით სხვანაირადაა. მზის სხივებით მიღებული ენერგიით ავტომობილს დღეში მაქსიმუმ 70 კილომეტრის გავლა შეეძლება. შესაბამისად, შორ დისტანციაზე ავტომობილს ელექტროძრავის მოხმარება მოუწევს. მისი დახმარებით კი ავტომობილი ერთი სრული დამუხტვით 625 კილომეტრს გაივლის.

Lightyear 0-ის ღირებულება 250 000 ევრო იქნება, რაც კონკურენტებთან შედარებით უპრეცედენტოდ მაღალი ფასია. მის ღირებულებას ისიც ზრდის, რომ კომპანია მხოლოდ 946 ეგზემპლარის წარმოებას გეგმავს.

GM-ი და Lockheed Martin-ი მთვარის როვერის ერთობლივი პროექტის კომერციალიზაციას გეგმავენ

ამერიკული ავტომწარმოებელი General Motors-ი და სამხედრო კონტრაქტორი Lockheed Martin-ი მთვარის როვერის ერთობლივი პროექტის კოსმოსური მისიებისთვის კომერციალიზაციაზე მუშაობენ.

Lockheed Martin

კომპანიების ერთობლივი განცხადების თანახმად, მთვარის როვერის ელემენტების გამოცდა კოსმოსში მიმდინარე წლის ბოლოსთვის დაიწყება. მიზანი კი 2025 წლისთვის მთვარეზე პირველი როვერის გაგზავნაა. საინტერესოა, რომ კომპანიები გარდა NASA-სთან თანამშრომლობისა, ჯეფ ბეზოსის Blue Origin-თან და ილონ მასკის SpaceX-სთან პარტნიორობასაც განიხილავენ.

როგორც ჩანს, General Motors-ი საავტომობილო სფეროს გარდა სხვა საინტერესო პროექტებითაც გვამახსოვრებს თავს. ავტომწარმოებელი საკუთარი ტექნოლოგიების დანერგვას მატარებლების, გემებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების ელექტროძრავებში გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ GM-მა და სამხედრო შეიარაღების მწარმოებელმა Lockheed Martin-მა მთვარის როვერის პროექტზე პარტნიორობის შესახებ შარშან განაცხადეს. კომპანიების განმარტებით, მათი თანამშრომლობა მხოლოდ როვერის წარმოებით არ შემოიფარგლება და ისინი კოსმოსური ინდუსტრიისათვის სხვა სატრანსპორტო საშუალებებსა თუ მოწყობილობებსაც შექმნიან.

გაუმართავი მუხრუჭების გამო Mercedes-ი მილიონამდე ავტომობილს გამოიხმობს

გერმანული ავტომწარმოებელი, Mercedes-Benz-ი სამუხრუჭე სისტემასთან დაკავშირებული პოტენციური პრობლემების გამო მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიონამდე მოძველებულ ავტომობილს უკან გაიწვევს. კომპანიის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული განცხადების თანახმად, Mercedes-ი ავტომობილების მფლობელებს უახლოეს მომავალში დაუკავშირდება. კომპანიის განმარტებით, მათი ავტომობილების სამუხრუჭე სისტემა კოროზიის გამო შესაძლოა, გაუმართავი აღმოჩნდეს.

GETTY IMAGES

საერთო ჯამში Mercedes-ს 993,407 ერთეული ავტომობილის უკან გაწვევა მოუწევს. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით იმავე რაოდენობის ავტომობილები გერმანულმა ავტომწარმოებელმა გადაუდებელი შემთხვევების სისტემის გაუმართაობის გამო შარშან გამოიხმო.

კომპანიის განცხადებით, გამოხმობილ ავტომობილებს შორის 2004-დან 2015 წლამდე წარმოებული ML და GL სერიის მოდელები იქნება. გარდა ამისა, იგივე პრობლემა დაუფიქსირდა R-კლასის მდიდრულ მინივენებსაც.

„აღმოვაჩინეთ, რომ ზოგიერთ ავტომობილში, განვითარებული კოროზიის გამო, სამუხრუჭე სისტემა შესაძლოა, გაუმართავად მუშაობდეს“, – ნათქვამია Mercedes-ის განცხადებაში. შესაბამისად, ხელის მუხრუჭის გამოყენებისას ან მკვეთრად დამუხრუჭებისას სისტემის მწყობრიდან გამოსვლაა მოსალოდნელი.

გერმანული ავტომწარმოებელი უკან გამოხმობილ ავტომობილებს სპეციალურ შემოწმებას ჩაუტარებს, გაუმართაობის შემთხვევაში კი ნაწილს ახალი დეტალით შეცვლის.

EU წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ავტომობილებს 2035 წლიდან აკრძალავს

გასულ კვირას ევროპარლამენტის კანონმდებლებმა ახალი ავტომობილების გაყიდვის შესახებ ახალ აკრძალვას დაუჭირეს მხარი. ახალი კანონის მიხედვით, 2035 წლიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე დიზელსა და ბენზინზე მომუშავე ახალი ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება. კანონმდებლების განმარტებით, აღნიშნულის მიზანს ელექტროინდუსტრიაში გადასვლის პროცესის დაჩქარება წარმოადგენს.

REUTERS/Regis Duvignau

ევროპარლამენტის მიერ აკრძალვის მხარდაჭერა სავაჭრო ბლოკის კიდევ ერთ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს გამონაბოლქვის შემცირებისაკენ. მათი მიზანი 2030 წლისთვის გამონაბოლქვის 55%-ით შემცირებაა. ამისათვის კი სხვადასხვა სახის აკრძალვები თითქმის ყველა სფეროს – ინდუსტრიას, ენერგოსფეროსა და საავტომობილო წარმოებას შეეხო.

შესაბამისად, 2035 წლისთვის ევროკავშირში ავტომობილების გამონაბოლქვი 100%-ით შემცირდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით კანონი საბოლოო არ არის და მასში შესაძლოა, გარკვეული ცვლილებებიც შევიდეს.

საინტერესოა, რომ ევროკავშირის გეგმას მხარი Volvo-მ და Ford-მა ღიად დაუჭირეს. ცნობისათვის, გასულ წელს ევროპაში გაყიდული ახალი ავტომობილების 18%-ს სწორედ ელექტრო ან დამუხტვადი ჰიბრიდული ავტომობილები წარმოადგენდა.

Volkswagen-ის CUPRA 2025 წლისთვის სამ ახალ ელექტრომობილს წარადგენს

Volkswagen-ის ესპანური ბრენდი CUPRA 2025 წლისთვის სამი ახალი ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავს. მათ შორის კი ბრენდის ადგილობრივ ბაზარზე წარმოებული პირველი სრულად ელექტრო ავტომობილიც იქნება.

REUTERS/Albert Gea

ცნობისათვის, Volkswagen-მა შარშან 452 000 ერთეული ელექტრომობილი აწარმოა. ბრენდის მიზანია, 2030 წლისთვის წარმოების ნახევარი სწორედ ელექტრომობილებზე მოდიოდეს. ელექტრიფიკაციის პროცესის დასაჩქარებლად კი გერმანულმა ავტომწარმოებელმა მომდევნო ხუთი წლის ვადით 170 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა.

რაც შეეხება CUPRA-ს, ის VW-ის უფრო მაღალ მარჟაზე მომუშავე სპორტული ავტომობილების ბრენდია. სამი ახალი ელექტრომობილის დამატებით კი მთლიანობაში CUPRA-ს 7 მოდელის წარმოების შესაძლებლობა ექნება.

CUPRA-ს აღმასრულებელი დირექტორის, უეინ გრიფიტის განცხადებით, კომპანიის მიზანია, ავტომობილების მიწოდების რიცხვი ყოველწლიურად 500 000 ერთეულამდე გაზარდოს. ელექტრომობილების ხაზი კი, მისი აზრით, ბრენდს ამის შესაძლებლობას მისცემს.

2018 წელს, კომპანიის დაარსებიდან დღემდე, CUPRA-მ საერთო ჯამში 200 000 ერთეული ავტომობილი გაყიდა. კომპანიის ბრუნვამ კი 2021 წლისთვის 2.35 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

CUPRA-ს მიერ წარდგენილი ავტომობილები Terramar-ი, Tavascan-ი და UrbanRebel მოდელებია. Terramar-ი და Tavascan-ი ხელმისაწვდომი 2024 წლიდან იქნება. Terramar-ის შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც შიდაწვისძრავიანი, ისე ელექტრო და ჰიბრიდული კომპლექტაციებით. რაც შეეხება UrbanRebel-ს, ის ბაზარზე 2025 წლიდან გამოჩნდება.

Solid Power-მა მყარი შიგთავსის მქონე EV-ელემენტების საპილოტე წარმოება დაიწყო

BMW-ისა და Ford Motor-ის მიერ მხარდაჭერილმა სტარტაპმა, Solid Power-მა, ინოვაციური,  მყარი შიგთავსის მქონე ელემენტების ქსელის საპილოტე წარმოება დაიწყო. კომპანია ახალი ელემენტის დახმარებით, ნაკლები დანახარჯებით, უფრო დიდი დისტანციის დაფარვასა და დამუხტვის შემცირებულ დროს აანონსებს.

Solid Power

მყარი შიგთავსის მქონე ელემენტი ამჟამად გავრცელებული ლითიუმ-იონის ელემენტისაგან სწორედ ამ მახასიათებლებით განსხვავდება. შეიძლება ითქვას, რომ ელექტრომობილების ინდუსტრიაში მყარი შიგთავსის ელემენტი ამცირებს ყველა იმ რისკს, რომლებიც თხევად ელექტროლიტურ ელემენტს აქვს. ამ მიზეზით Solid Power-მა ბოლო წლების განმავლობაში ავტომწარმოებლებისაგან დიდი მოცულობის ინვესტიციებიც მიიღო.

Solid Power-ი უკვე დიდი ხანია, აღნიშნული ელემენტის ელექტრომობილების წარმოებაში მასობრივ დანერგვაზე მუშაობს, თუმცა ამ ბიზნესში მას კონკურენტიც ჰყავს. იმავე მიზნის მიღწევას Toyota-ს მიერ მხარდაჭერილი QuantumScape-ც ცდილობს. თუმცა Solid Power-ის უპირატესობა აშკარაა. კომპანიის განცხადებით, მას მყარი შიგთავსის მქონე  ელემენტის წარმოება ლითიუმ-იონის ელემენტებისათვის საჭირო მოწყობილობებითაც შეუძლია. ეს კი კონკურენტებთან შედარებით მას მოწინავე პოზიციებზე აყენებს.

თავდაპირველად კომპანია მცირე რაოდენობის მყარი მდგომარეობის ელემენტებს დაამზადებს, რომელთა მიზანიც შიდა ტესტირებები იქნება. გარდა ამისა, წლის ბოლოსთვის სტარტაპი ელემენტების პარტნიორებისათვის, BMW-სა და Ford-ისათვის მიწოდებასაც განიხილავს. ავტომწარმოებლები კი აღნიშნულ ელემენტებს საკუთარი ავტომობილების პროტოტიპებში გამოცდიან.

BYD-ი Tesla-ს ელექტრომობილების ელემენტებით მოამარაგებს

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ჩინური BYD-ი ამერიკულ ავტომწარმოებელ Tesla-ს მალე ელექტრომობილების ელემენტებით მოამარაგებს. ჩინური სამთავრობო ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში BYD-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კომპანია ილონ მასკთან დამეგობრდა და მიწოდების პროცესიც მალე დაიწყება.

REUTERS/Aly Song

თუმცა თავად Tesla და BYD-ი ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს საჯაროდ ჯერ არ აკეთებენ. შეგახსენებთ, რომ BYD-ი ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული ავტომობილების მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ავტომწარმოებელია. კომპანია ელექტრომობილების ელემენტების მიწოდებაზე კიდევ ერთ ავტომწარმოებელთან, Toyota-სთანაც მუშაობს.

ცნობისათვის, კომპანიამ 2020 წელს საკუთარი წარმოების, უფრო ეფექტიანი  ელემენტი წარადგინა. საუბარია ლითიუმ-იონის ფოსფატის შემადგენლობის მქონე ელემენტზე, რომელიც ბაზარზე არსებულ ალტერნატივებთან შედარებით ბევრად უფრო უსაფრთხოა და ხანძრის გაჩენის ნაკლები ალბათობა აქვს.

ამჟამად Tesla-სთვის ელემენტების მიმწოდებელი ასევე ჩინური ელემენტების გიგანტი, CATL-ი გახლავთ. Tesla შანხაის საწარმოში დამზადებულ საკუთარ ელექტრომობილებში აღნიშნული მიმწოდებლის ელემენტებს 2020 წლიდან იყენებს.

ჩინური Didi ელექტრომობილების ბიზნესში შესვლას გეგმავს

ჩინური სატრანსპორტო კომპანია Didi სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ  ავტომწარმოებელთან, Sinomach Automobile-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ანონიმური წყაროების Reuters-ისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, Didi Sinomach-ის ელექტრომობილების დანაყოფის 30%-მდე წილის შესყიდვას გეგმავს.

Finance Yahoo

გარიგების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, Didi Global-ის სტრატეგიული განვითარება ელექტრომობილების მსოფლიოში უდიდეს ბაზარზე კიდევ უფრო დაჩქარდება. გარდა ამისა, გარიგების წარმატება პანდემიის გამო მისი ძირითადი ბიზნესისათვის მიყენებულ წნეხსაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს.

გარკვეული პერიოდის წინ ჩინური მარეგულირებელი ორგანოების მიერ გამოვლენილი მონაცემების უსაფრთხოების საეჭვო დარღვევების გამო, Didi-ს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან საკუთარი აქციების მოხსნა უხდება. თუმცა, აღნიშნული გარემოებების გამო, შესაძლოა, ვითარება შეიცვალოს.

Sinomach Zhijun-ის წილების შესყიდვა Didi-ს დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდება. წყაროს ინფორმაციით, გარიგების წარმატებით დასასრულებლად მხარეებმა ერთთვიანი პერიოდი აიღეს. ყველაფრის გაოფიციალურების შემთხვევაში კი Didi Sinomach Zhijun-ის მეორე ყველაზე დიდი მეწილე გახდება.

ამჟამად ამ უკანასკნელის 67%-ს სწორედ Sinomach Automobile-ი ფლობს. ინფორმაციის მედიაში გავრცელების შემდეგ Didi-ის აქციათა ფასმა 4%-ით მოიმატა. ცნობისათვის, კომპანიის აქციათა ფასი წელს 55%-ითაა შემცირებული.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ Didi-ის ეს გადაწყვეტილება ელექტრომობილების გლობალურ ინდუსტრიაზე დადებითად იმოქმედებს. განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთი ელექტრომობილებისათვის ყველაზე დიდ ბაზრად ითვლება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *