სერიოზული უპირატესობა

სერიოზული უპირატესობა

ენდი დინმა სახელი ელ-სპორტის დერეკ ჯეტერობით მოიხვეჭა. 26 წლის გეიმერი-ლეგენდა დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდის მფლობელია. მაგრამ შეძლებს კი ძალაუფლების შენარჩუნებას, მაშინ როცა ასპარეზზე მილიარდერი ბობოლები იჭრებიან?

2017 წლის სექტემბერში ბოსტონის TD Garden-ის დასაჯდომი თუ დასადგომი ადგილები ათასობით ხმაურიანმა ფანმა გაავსო, არც მეტი, არც ნაკლები, ვიდეოთამაშის ჩემპიონატის საყურებლად. Center Court-ზე ამაღლებული სცენა იყო დამონტაჟებული, ზედ ათი კომპიუტერი იდგა და League of Legends-ის შეჯიბრება გადიოდა. თამაშს ოთხი უშველებელი ეკრანი გადმოსცემდა. როცა, როგორც იქნა, შეკრებილებს თავზე სადღესასწაულო ჭრელაჭრულა ქაღალდები დააყარეს, კვამლის აპარატებს შორის სამგზის ჩემპიონებმა იწყეს ხტუნვა და ნაცნობი შეძახილებიც გაისმა: “T-S-M! T-S-M! T-S-M!” ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა, მაგალითად, იმ “S-E-C! S-E-C! S-E-C!”-ს, რითაც ალაბამის გულშემატკივრები ამხნევებენ ხოლმე თავიანთ გუნდს ტუსკალუზაში.

TSM-ი – იგივე Team SoloMid-ი – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია ელ-სპორტში, ხოლო მისი ბოსტონური გამარჯვების საფუძვლად მისივე ზოგადი წარმატება უნდა ვიგულოთ – ის, რაც მას ყველაზე ხშირად გამარჯვებულ ჩრდილოამერიკულ გუნდად აქცევს League of Legends-ში, ელ-თამაშების ამ წამყვან თამაშში. მაგრამ მის დამფუძნებელს, აღმასრულებელ დირექტორსა და მფლობელს, ენდი დინს, რომელიც იმ დღეს მოულოდნელად სცენაზე ავიდა და მოთამაშეებს ჩაეხუტა კიდეც, გუნდის მეექვსე გამარჯვების შემდეგ მხოლოდ ერთი კითხვა უტრიალებდა თავში: შემდეგი ნაბიჯი რა იქნება?

“მინდა, TSM-ი ყველასათვის ახლობელი  ბრენდი გახდეს; მინდა, Dallas Cowboys-ი და Yankees-ი ვიყოთ, – ამბობს მუდამ მოუსვენარი 26 წლის დინი, რომელიც 2017-ში Forbes-ის 30 30-წლამდელთა რეიტინგში მოხვდა. – მხოლოდ ჩრდილოამერიკული წარმატება არ კმარა”.

TSM-ის ტიპის ელ-სპორტული კომპანიები ვიდეოთამაშებში მეტოქე გუნდებს აასპარეზებენ, ეს ვიდეოთამაშები კი ნამდვილად გასართობია – როგორც საყურებლად (იქნება ეს სტადიონზე, ცოცხლად თუ ონლაინ, თამაშების ისეთ სტრიმინგ-სერვისებზე, როგორიც Amazon-ის Twitch-ია), ისე სათამაშოდ. League of Legends-ი, ძირითადად, შემდეგ წანამძღვარზე დგას: ჰყავს ორი ხუთკაციანი გუნდი, რომლებიც ჩახლართული რუკის საპირისპირო ბოლოებში არიან განთავსებულნი და ერთიმეორის ბაზების განადგურებას ცდილობენ. მატჩის მსვლელობისას, რომელიც, როგორც წესი, 30-40 წუთს გრძელდება, მოთამაშეები კლავენ მონსტრებს (და, ცხადია, მოწინააღმდეგე მოთამაშეებსაც), ოქრო და “გამოცდილება” რომ მოიპოვონ, რითაც მერე ახალ-ახალ ბონუსებს შეიძენენ და მეტოქეზე ძლიერები გახდებიან.

ელ-სპორტში ახალ მფლობელთა რანგში ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურებად პროფესიონალური სპორტული გუნდების ისეთი მილიარდერი მფლობელები გვევლინებიან, როგორიც გახლავთ რობერტ კრაფტი (New England Patriots-ის მფლობელი) და ჯერი ჯოუნსი (Dallas Cowboys-ის მფლობელი). იმის გამო, რომ ეს ბობოლები იმგვარ ადგილებს ფლობენ (ან ამუშავებენ), სადაც ელ-სპორტული ასპარეზობები შეიძლება, გაიმართოს, მათ ამ ინდუსტრიის ფეთქებად ზრდაში წინა რიგები უკავიათ და მილიონებს ხარჯავენ იმ იმედით, რომ TSM-ივით დიდ ფრანშიზებს შექმნიან.

პროგნოზების თანახმად, მსოფლიო მასშტაბით, ელ-სპორტის ინდუსტრიამ, რომელიც მარად მზარდ გლობალურ მაყურებელს იპყრობს, წელს თითქმის $1 მილიარდის ტოლფასი შემოსავალი უნდა მოიხვეჭოს. ეს ზღვაში წვეთია NFL-ის ამერიკულ ფეხბურთთან ($13.2 მილიარდი 2016-ში) შედარებით, მაგრამ ელ-სპორტი ისეთ მეორეხარისხოვან სპორტს ნამდვილად უწევს მეტოქეობას, როგორიც Major League Soccer-ია ($644 მილიონი 2016-ში). ESPN-ი ელ-სპორტს უკვე წლებია, გადმოსცემს, ხოლო შარშან League of Legends-ის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ონლაინ 57.6 მილიონი მაყურებელი ადევნებდა თვალს, რაც Super Bowl-ის შარშანდელი სატელევიზიო აუდიტორიის დაახლოებით ნახევარს შეადგენს. არც მსხვილი ბრენდები იშურებენ მილიონებს, ამ ახალგაზრდა და ცოფიანი მამრობითი აუდიტორიის ცხვირწინ რომ აღმოჩნდნენ. ვიდეოთამაშები, ერთ დღესაც, შესაძლოა, ოლიმპიურ სპორტადაც კი იქცეს. League of Legends-ს პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმული აქვს: 2018-ის Asian Games-ზე საჩვენებელი ღონისძიებით წარდგა.

გუნდებს შორის შემოსავლის – მეტადრე, მაუწყებლობის შემოსავლის – გაზიარების კონცეფცია ტრადიციულ სპორტულ გუნდებში ჩვეულ ამბად რომ არის ქცეული, ელ-სპორტში ჯერ ჩანასახოვან ეტაპზეა, ამდენად, ინდუსტრიაში სპონსორები ჭარბობენ. ამსტერდამში დაფუძნებული ბაზრის მკვლევრის, Newzoo-ს, გათვლებით, ჯამური შემოსავლების 40% წელს სპონსორული გარიგებების დამსახურება იქნება. ზოგი ბრენდი ლიგისა და შეჯიბრის ორგანიზატორებთან თანამშრომლობს, ზოგი კი უფრო გუნდის მიმართულებით აკეთებს ინვესტიციას. TSM-ს თავის მაისურებზე Geico და Gillette-ი ჰყავს წარმოდგენილი, Dr Pepper-თან ერთად “Team Soda Mid”-ის რეკლამებს ქმნის, ხოლო შეჯიბრებების დროს Logitech-ის კლავიატურებსა და მაუსებს იყენებს.

ინვესტიციათა ანაზღაურებადობის (ROI) სანდო მაჩვენებლების სიმწირე რეკლამის შემკვეთებს უბიძგებს, ფულის დახარჯვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, სოციალური მედიითა და სტრიმინგით იხელმძღვანელონ. TSM-სა და მის მოთამაშეებს კი 60 მილიონი მიმდევარი ჰყავთ სხვადასხვა სოციალურ ქსელში. Forbes-ის შეფასებით, TSM-ის შემოსავალმა 2017-ში $21 მილიონი შეადგინა, რაც სერიოზული განაცხადია ელ-სპორტის კომპანიის კვალობაზე.

მთელი ამ წარმატების მიუხედავად, დინი აღიარებს, რომ TSM-ს უკეთ შეუძლია სწრაფად განვითარებადი ბაზრის ახალი  შესაძლებლობებით სარგებლობა. მომდევნო დიდი შანსი, შესაძლოა, 2017-ის ვიდეოთამაშ Fortnite-ს დაუკავშირდეს – მილიარდდოლარიან სენსაციას, რომელსაც მსოფლიოში 125 მილიონი ადამიანი თამაშობს, მათ შორის, ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც Drake-ი და Chance the Rapper-ი არიან, ისევე როგორც პროფესიონალი გეიმერები, რომლებიც ათიათასობით მაყურებლისთვის ყოველდღიურად თავიანთი მატჩების ონლაინ სტრიმინგს აკეთებენ.

Fortnite-ი “შიმშილის თამაშების”, Minecraft-ისა და “ბუზთა მბრძანებლის” ერთგვარ ნაზავს წარმოადგენს: 100 მოთამაშე კუნძულს იპყრობს და ამ კუნძულისთვის მანამდე იბრძვის, სანამ ერთი მოთამაშე ან გუნდი არ დარჩება ცოცხალი.

ამ წლის დასაწყისში TSM-მა თავისი გუნდის მთავარ მოთამაშედ Fortnite-ისთვის ერთი სუპერსტარი გეიმერი, 19 წლის ალი “მით” კაბანი აიყვანა. მასთან დადებულ ხელშეკრულებას TSM-ის მხრიდან მალე $1.5-მილიონიანი კაპიტალდაბანდება მოჰყვა: გუნდი დღეს 4,300 კვადრატული ფუტის სახლს ქირაობს თავისი ოთხკაციანი ჯგუფისთვის, რათა მათ იქ იცხოვრონ, ივარჯიშონ და სტრიმინგი აწარმოონ დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში. შვიდციფრიანი ფსონი უკვე იმკის ნაყოფს. კაბანი მეორე უდიდეს ვარსკვლავად იქცა Twitch-ზე – 4.1 მილიონი მიმდევარი ჰყავს და TSM-ის ბრენდსაც უხვეჭს ახალ ფანებს. სწორედ ამ მარად მზარდი აუდიტორიის დამსახურება იყო, რომ Chipotle-მ TSM-ს სპონსორობა შესთავაზა: ამ უკანასკნელს ის პოპკულტურასთან გადაკვეთის საშუალებად აღიქვამს.

მართალია, Fortnite-ი უდავოდ ბლოკბასტერი თამაშია, მისი, როგორც ელ-სპორტის, პოტენციალის ირგვლივ კითხვები მაინც არსებობს. და მიუხედავად იმისა, რომ თამაშის შემქმნელი, Epic Games-ი, ჩემპიონატებისთვის წლიურად $ 100-მილიონიან საპრიზო ფონდს გამოყოფს, არაა ნათელი, როგორ იქნება ეს შეჯიბრებები სტრუქტურიზებული ან, სულაც, გადაცემული. მაგრამ TSM-ი და დინი ბედის გაღიმების ამარა ყოფნას მიჩვეულები არიან.

კემპბელში (კალიფორნია) მცხოვრები მუშათა კლასის ცხრასულიანი ოჯახის შვილი, დინი, სულ სამოსანი მოსწავლე იყო მაღალ კლასებში, მაგრამ 2008-ში, 16 წლისამ, ახალბედა League of Legends-თან ერთად, საკუთარ მისიას მიაგნო. Reginald-ის სახელით მოასპარეზე, მალევე იქცა მსოფლიოს ყველაზე რეიტინგულ მოთამაშედ, 2009 წელს კი უკვე საკუთარი გუნდი ჩამოაყალიბა. ძმასთან, დენთან, ერთად, გადაწყვიტა, კომუნისთვის – ვებგვერდები, თამაშისთვის კი გზამკვლევები შეექმნა. ჯერ კიდევ კარგა ხნით ადრე, სანამ ESPN-ი და Amazon-ი League of Legends-ის ჩემპიონატთა გადმოცემაზე დაიწყებდნენ ფიქრს, დინი უკვე, სტრიმინგის მეშვეობით, მათ წამყვანად გვევლინებოდა.

მალევე მან კოლეჯი მიატოვა და დედისგან ნასესხები $5,000 საკუთარ ხედვაში დააბანდა. მისმა თამაშების გზამკვლევმა საიტმა, solomid. net-მა, რომელსაც League of Legends-ში თავისი პოზიციის გამო შეურჩია სახელი, მილიონობით მნახველი მოიზიდა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ დინი თვეში სადღაც $60,000 იჯიბავდა. 2013-ში, 21 წლისამ, ბიზნესზე (რომელიც დღემდე მოიცავს თამაშების გზამკვლევ საიტებს) კონცენტრირების მიზნით, თამაშს თავი მიანება.

ხუთი წლის თავზე ის კვლავაც მადაზეა და აგრესიულ ნაბიჯებს დგამს ინდუსტრიაში, რომლის დაბადებაშიც თავად მიუძღვის წვლილი. ივლისში, Series A საინვესტიციო რაუნდზე, $37 მილიონი მოიზიდა ინვესტორთა ჯგუფისაგან, რომელიც აერთიანებდა პირველი კლასის ვენჩურ-კაპიტალის ფირმა Bessemer Ventures Partners-ს, Hall of Fame NFL-ის კვარტერბეკ სტივ იანგსა და NBA-ის სამგზის ჩემპიონს, სტეფ კერის. “მხოლოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესოზე არჩევანის გაკეთებას ჰქონდა აზრი”, – ამბობს კერი, რომელიც TSM-ის დასახმარებლად საკუთარი პრესტიჟის გამოყენებას გეგმავს, ამ უკანასკნელმა კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა კაცი რომ მოიზიდოს.

ამ ახალი კაპიტალით დინი პერსონალის გაორმაგებას (100-მდე) აპირებს, ხოლო დაახლოებით $15 მილიონამდე თანხის გამოყენება ლოს-ანჯელესში, 25,000 კვადრატული ფუტის სავარჯიშო კომპლექსისა და ოპერაციული სათავო ოფისის ასაშენებლად სურს. ახალი სათავო ოფისი შემოსავალს სპონსორებისა და ფანების ღონისძიებების მეშვეობით აღმოაცენებს და ბაზის ფუნქციას შეითავსებს, სადაც მოთამაშეები ვარჯიშს შეძლებენ, გავლენიანი აქტივისტები – კონტენტის შექმნას, TSM-ი კი პოპულარული ბრენდის ჩამოყალიბებას ახალი თაობისათვის… ბევრი რამ უკვე დაწყებულია.

TSM-ის თამაშის სახლში, რომელიც Fortnite-ისთვისაა განკუთვნილი, მით კაბანი იხსენებს, როგორ უყურებდა მეექვსე-მეშვიდე კლასში TSM-ის თამაშს და როგორ გააცნობიერა, რომ ელ-სპორტი რეალისტური კარიერული ამოცანა შეიძლებოდა, ყოფილიყო. როცა ორგანიზაცია მას თანამშრომლობაზე სასაუბროდ დაუკავშირდა, გული, როგორც თავად ამბობს, ლამის ამოუვარდა: “TSM-ში ყოფნა ორგანიზაციაში ყოფნას ნაკლებად ჰგავს, ეს უფრო კრიმინალთან ბრძოლასავითაა შენს საყვარელ სუპერ-გმირთან ერთად”.