50-მდე მონაწილე, 1.5 მილიონის ინვესტიცია, 14 დაფინანსებული სტარტაპი – Shark Tank-მა საქართველოში გამოცდილ ინვესტორთა პანელი შეკრიბა, რათა შექმნას მეტი, ვიდრე მხოლოდ წარმატებული სატელევიზიო ფორმატია.
პანდემია ბიზნესისთვის წარმოუდგენლად დიდი გამოწვევა აღმოჩნდა. ბიზნესს დღემდე უჭირს სრული დატვირთვით მუშაობა და არ არის პრაქტიკულად არცერთი სფერო, რომელსაც ზრდის ტემპი არ შეუნელდა. ამ ორომტრიალში ყველაზე დაზარალებული ყველა ტიპის შეფასებით, მიკრო-, მცირე და საშუალო ბიზნესია; ასევე სტარტაპები, რომელთა დაფინანსება განუვითარებელი კაპიტალის ბაზრების თუ ვენჩურული ფონდების ან ანგელოზი ინვესტორების ნაკლებობის პირობებში განსაკუთრებით პრობლემურია.
Forbes Georgia-ს არაერთხელ გაუმახვილებია ყურადღება სხვადასხვა მეთოდზე, რითაც დონორები, განვითარების სააგენტოები თუ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ძირითადად საქართველოს მთავრობასთან ან საბანკო სექტორთან თანამშრომლობით სწორედ ამ სეგმენტის მხარდაჭერას ისახავენ მიზნად.
მაგრამ დღეს განსხვავებულ ამბავს მოგიყვებით პროექტზე, რომელმაც საქართველოში უკვე გამოცდილი ქართველი მსხვილი ინვესტორები შეკრიბა ამ სეგმენტის მხარდასაჭერად. ეს „შარქ თენქ საქართველოა“, რომელმაც შთამბეჭდავი სტატისტიკის დაგროვება უკვე ამ მოკლე პერიოდში შეძლო: 50-მდე მონაწილე, მილიონ-ნახევარი რეალური ინვესტიცია, დაფინანსებული 14 ახალი იდეა – ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეს არ არის მხოლოდ სატელევიზიო შოუ, ეს რეალური ბიზნესების განვითარებისთვის ჩართული ქმედითი წამზომია.
„შარქ თენქ საქართველო“ ბიზნესების აღმოსაჩენად და მათი განვითარებისთვის საკმაოდ გამოცდილი გზამკვლევია.
პირველი შოუ „Shark Tank”-ის სახელწოდებით ამერიკის ტელეეკრანებზე 2009 წელს გამოჩნდა. მანამდე მსგავსი შოუების მომზადებისა და ტრანსლირების გამოცდილება ჰქონდა იაპონიას („ფულის ვეფხვები“) და კანადას (Dragon’s Dan).
საერთაშორისო რეალითი-შოუს ფაბულა ასეთია: ინვესტორთა პანელი სახელწოდებით „შარქები” („ზვიგენები”) შოუში მონაწილე მეწარმეებს მათივე მომზადებული პრეზენტაციების საფუძველზე აფასებს. პრეზენტაციებით შოუში მონაწილე მეწარმეები საკუთარ ბიზნესს წარმოაჩენენ. პრეზენტაციის მიზანია, შარქები დარწმუნდნენ, რომ წარდგენილ ბიზნესში ინვესტირება ღირს. შემდეგ უკვე თავად შარქები იღებენ გადაწყვეტილებას, სურთ თუ არა საერთოდ, ან თუ სურთ, მაშინ რა ფორმით სურთ მეწარმეების იდეების დაფინანსება. ფულის სანაცვლოდ, ისინი, როგორც წესი, მოითხოვენ წილს ბიზნესში, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ორივეს – საკუთრების პროცენტსაც და მოგების წილსაც. შოუში მონაწილე მეწარმეს ბოლომდე აქვს უფლება, დათმოს ფული და არა – კომპანიის წილი, თუმცა, თუ დაფინანსებას თანხმდება, კონკრეტული პირობებით გაწერილ სიტყვიერ კონტრაქტს აწერს ხელს, გადასაღებ მოედანზე.
საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პროექტის ლიცენზია კომპანია SONY-სგან შეიძინა და დღეს უკვე გვაქვს შესაძლებლობა, პირველ არხზე ქართველი შარქების გადაწყვეტილების მიღების პროცესსაც დავაკვირდეთ და ის კომპანიებიც გავიცნოთ, რომლებიც შოუში მონაწილეობით არა მხოლოდ განვითარებისთვის აუცილებელ თანხაზე წვდომას იმარტივებენ, არამედ იფართოებენ კონტაქტების ქსელს, ზრდიან საკუთარ ცნობადობას, იღებენ სასარგებლო რჩევებს და გამოცდილებას.
Sony Pictures-ის შოუს მეშვეობით, მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. Sony Pictures-ის შოუს „ემის“ ოთხი ჯილდო აქვს მიღებული.
წელს საქართველოსთან ერთად, კომპანია Sony-სგან „Shark Tank”-ის ფორმატი ერთდროულად 16-მა ქვეყანამ შეიძინა. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი გვიხსნის, „შარქ თენქ საქართველო“ პირველი არხის გარეწარმოების პროექტია. მას კომპანია „სტენლი“ ამზადებს და ის სრულად ჯდება პირველი არხის სტრატეგიულ გადაწყვეტილებაში, რომლის მიხედვითაც 8 მილიონი ლარი წელს კრეატიული სექტორის განვითარებისკენ მიმართეს და გარესტუდიების პროდუქცია წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის 30%-მდე იკავებს. თინათინ ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ „შარქ თენქ საქართველო“ პირველ არხზე ყველაზე სწორ დროს გამოჩნდა – პანდემიის პერიოდში.
„ჩვენ არ ვართ კომერციული ორგანიზაცია, რომლის მიზანი მატერიალური სარგებლის მიღებაა. ბიზნესსექტორს არ განვიხილავთ, როგორც მთავარ კონტრიბუტორს, თუმცა ჩვენს საქმიანობაში ის აქტიური პარტნიორი და თანამოაზრეა“, – ამბობს თინათინ ბერძენიშვილი Forbes Georgia-სთან ინტერვიუში. როგორც პირველი არხის გენერალური დირექტორი ამბობს, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ქვეყნისა და საზოგადოების კეთილდღეობის ზრდის პირდაპირპროპორციულია, ხოლო ამ პროცესის ხელშეწყობა პირველი არხის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია: „სწორედ ასეთი პროექტია „შარქ თენქ საქართველო“, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე სატელევიზიო ფორმატი და ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენს ახალი ბიზნესიდეების, განსაკუთრებით, დამწყები სტარტაპების დაფინანსებისთვის“.
დამწყებ სტარტაპებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს – ყველას, ვინც პროექტში მონაწილეობას გადაწყვეტს, ქართველ შარქებთან შეხვედრა და მათი დარწმუნება მოუწევთ. სოსო ფხაკაძე, პავლე მგელაძე, ქეთი ქვარცხავა, დაჩი ჭოლაძე, ნუცა აბრამიშვილი, მენი ბენიში – სახელები საკმაოდ ხმამაღალია და გამოცდილებაც – მრავალფეროვანი.
Forbes Georgia-ს უკლებლივ ყველა შარქი ესაუბრა.
სოსო ფხაკაძე, „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი: „ყველამ იცის, რომ საბანკო პროდუქტის მოპოვება სტარტაპ-კომპანიებისთვის ძალიან რთულია. ბანკების მიღმა, საქართველოს საფინანსო სისტემა ნაკლებად არის განვითარებული, და ამ მხრივაც კაპიტალის მოძიების ალბათობა დაბალია. „შარქ თენქ საქართველოს“ დამწყებ ბიზნესმენებს საშუალება ეძლევათ, მოიპოვონ როგორც კაპიტალი, ასევე შეიძინონ გამოცდილი პარტნიორი, რაც, ვფიქრობ, საკმაოდ ღირებულია და წარმატებული ბიზნესის ასაწყობად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ამ პროექტმა, სავარაუდოდ, ახალი კულტურის დამკვიდრებასაც კი შეიძლება, შეუწყოს ხელი, რაც ჩვენს ქვეყანაში ინვესტორების მხრიდან სტარტაპებით დაინტერესებას გაზრდის. ტრადიციული ბიზნესის წარმომადგენლები, ვფიქრობ, დღეს ნაკლებად ინტერესდებიან ახალი, ინოვაციური პროექტებით და ეს თანდათანობით შეიცვლება, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესისა და შესაბამისად ეკონომიკის განვითარების ტემპების დაჩქარებას. „შარქ თენქ საქართველოს“ პროექტის ფარგლებში, სტარტაპების გარდა, მცირე თუ საშუალო ბიზნესკომპანიებიც დაფინანსდება. ამ ნაწილში, კარგი პარტნიორის შეძენის შესაძლებლობას ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩემი აზრით, კარგი პარტნიორი უფრო მეტად ფასობს, ვიდრე საინვესტიციო კაპიტალი. ამასთან, ეს უკანასკნელიც თავისთავად მოჰყვება თან კარგ და ძლიერ პარტნიორს“.
პავლე მგელაძე, re:invent-ის დამფუძნებელი: „re:invent ჰოლდინგის ამოცანაა, მაგალითი მისცეს თანამედროვე ბიზნესებს, რომ თან ბიზნესი აკეთონ და თან მათი კუთვნილი პასუხისმგებლობა არ დაივიწყონ, როგორც განათლების, ისე მომხმარებლებზე ზრუნვის მხრივ. ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანებში დავამსხვრიოთ არასწორი წარმოდგენები ბიზნესზე და გავუჩინოთ განცდა იმისა, რომ თუ მოინდომებენ, ისინიც შეძლებენ ბიზნესის კეთებას. ესეც სწავლებადი უნარია და არა რაღაც თანდაყოლილი ნიჭი“.
ქეთი ქვარცხავა, იურიდიული ფირმა BLC Law Office-ის პარტნიორი: „საქართველო ჯერ კიდევ შორსაა იმ მომენტისგან, როდესაც იმის თქმას შევძლებთ, რომ სტარტაპებისთვის შექმნილია სასურველი ეკოსისტემა. ამისთვის საჭიროა ბევრი რამ, მაგალითად: ქვეყანაში მასობრივად უნდა იყვნენ ინვესტორები, რომლებიც მზად არიან, გაიაზრონ ის რისკები და პერსპექტივები, რაც სტარტაპს ახასიათებს და თავიანთი თავისუფალი რესურსი და გამოცდილება მიახმარონ დამწყებ ბიზნესებს; მეორე მხრივ, აუცილებელია, პირველ რიგში ახალგაზრდებში და ზოგადად ქვეყანაში არსებობდეს განვითარებული ინფრასტრუქტურა ტექნოლოგიური განათლების მისაღებად, ისევე როგორც ყოველდღიური და განახლებადი ინფორმაცია ინოვაციების შესახებ, საწარმოების მართვის სტანდარტების შესახებ; ასევე მნიშვნელოვანია, არსებობდეს სახელმწიფოს ლიბერალური პოლიტიკა სტარტაპების მიმართ როგორც დაბეგვრის, ისე ადმინისტრირების სხვა საკითხებთან ერთად და არსებობდეს დავების გადაწყვეტის სწრაფი, ეფექტიანი და სამართლიანი გზები. „შარქ თენქ საქართველო” ნამდვილად პირველი აგურია ამ საქმეში, ერთგვარი სტარტაპული მენტალიტეტის ჩამოყალიბებაში, თუმცა ბევრი რამ კიდევ იქნება გასაკეთებელი”.
ნუცა აბრამიშვილი, „შუხმან ვაინის“ გენერალური დირექტორი: „გადამდები ეფექტი, იმედია, იქნება არა მხოლოდ შოუს ფარგლებში, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოში პოზიციონირებით უკვე მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო ეკონომიკურად მზადაა ამგვარი დიალოგისთვის და როგორც მცირე ბიზნესია გაბედული, ასევე ბიზნესმენები გამოიყურებიან როგორც მეცენატები და კარგი მაგალითი სხვებისთვის, რომ გახდნენ მეტად ღია დამწყები მეწარმეების მოსასმენად როგორც შოუს ფარგლებში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. აქ არა მხოლოდ დაფინანსებაა მნიშვნელოვანი, არამედ თითოეული კომენტარი, რომელსაც, იმედია, ყველა მონაწილე გაიგებს, შეისმენს და გამოიყენებს თავის სამომავლო საქმიანობაში. ბიზნესკონსულტაციაც ფასდაუდებელი კაპიტალია, ამიტომ გახსნილობა და მზაობა, როგორც დაფინანსების, ასევე რჩევის მიღებისთვის ამ ფორმატში არის მნიშვნელოვანი“.
მენი ბენიში, M. Benish Group-ის გენერალური დირექტორი: „დიახ, ვიცი სტატისტიკა, რომ სტარტაპების მხოლოდ 10% აღწევს წარმატებას – მაგრამ ეს ასეა ნებისმიერი ბიზნესის შემთხვევაში და არა მხოლოდ ტექნოლოგიების სფეროში. თვალი რომ გადაავლოთ კორონამდე, ბოლო 2 წლის განმავლობაში გახსნილი რესტორნების სტატისტიკას, ნახავთ, რომ დღეს მათი 80-90% უკვე დახურულია. სამწუხაროდ, ნებისმიერ სხვა ინდუსტრიაშიც მსგავსი სტატისტიკაა. მე არ ვამბობ, რომ ყველაზე ჭკვიანი ვარ და შეცდომები არ დამიშვია. სწორედ ამის საპირისპიროს ვამტკიცებ. ჩემი გამოცდილება ჩემს მარცხს ეფუძნება. ეს გამოცდილება მანიჭებს ძალას, ის ვაკეთო, რასაც ვაკეთებ – გავრისკო მეტი ფული და შანსი მივცე მეტ ახალ ბიზნესს. თუმცა, უკან რომ ვიხედები, ვხედავ, რომ წაგების ბალიში შევიქმენი და მეტი სივრცე მაქვს მოგებისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად. მეორე მხრივ, ათასობით პოტენციური ანტრეპრენიორი უყურებს გადაცემას. ისინი დარწმუნდებიან, რომ შესაძლებელია, ძლიერი და გამოცდილი ბიზნესმენების ნდობა მოიპოვონ და მათი მხარდაჭერა მიიღონ, გამოხატული როგორც მათ დროში, ისე ფინანსურ რესურსებში“.
დაჩი ჭოლაძე, Pulsar AI-ის გენერალური დირექტორი: „ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი მაგალითი, რომელიც „შარქ თენქ საქართველოში“ განვითარებული მოვლენებიდან დავინახეთ, არის რამდენიმე ინვესტორის თანამონაწილეობა ერთსა და იმავე პროექტში და კომპანიაში – ეს კარგად გვიჩვენებს იმას, თუ როგორ შეიძლება, რამდენიმე ინვესტორმა გადაინაწილოს რისკები ნაცვლად იმისა, რომ ერთმა ინვესტორმა, თუნდაც ის თავად იყოს იდეის ავტორი და გუნდის ლიდერი, აიღოს მთლიანი ფინანსური რისკი რაიმე პროექტის ან კომპანიის განხორციელებასა და შექმნაზე. სწორედ ის რამდენიმე შემთხვევა, სადაც ერთზე მეტი შარქი ინაწილებს მოთხოვნილ ინვესტიციას და შესაბამისად ამცირებს თითოეულის რისკებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი და მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ისეთ მაღალრისკიან საინვესტიციო შესაძლებლობებში მონაწილეობდნენ ინვესტორები, როგორიც არის ტექნოლოგიური სტარტაპები – ანუ წამოწყებები, სადაც დიდია წარუმატებლობის რისკი, მაგრამ ამავდროულად ძალიან დიდია ამონაგები წარმატების შემთხვევაში“.
პროექტში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ყველა შარქს თავისი მოტივაცია და მიზეზი აქვს – ეს მრავალფეროვნებაც მნიშვნელოვანია, რადგან კარგად ჩანს, რომ ქართველ ინვესტორებს გაცილებით უკეთ ესმით ის კონტექსტი, რომელშიც დამწყებ თუ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს უხდებათ დღეს თავის დამკვიდრება. ამდენად, მათ მიერ გაცემული რეკომენდაციები, კრიტიკა თუ დადებითი გადაწყვეტილება პირდაპირ მიზანში ურტყამს, რადგან არა მხოლოდ ცოდნით, არამედ, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის წარმოებით არის გამყარებული. სოსო ფხაკაძე, მაგალითად, ხაზს უსვამს, რომ პირადად მისთვის მთავარი მოტივატორი დამწყები ბიზნესმენების, სტარტაპერების მხარდაჭერა იყო. „ასევე, ამ პროექტს აქვს მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კომპონენტი და აქაც ვხედავ საკუთარ თავს იმ გამოცდილების საფუძველზე, რომელიც სამი ათეული წლის მანძილზე დაგროვდა“, – ამბობს სოსო ფხაკაძე Forbes Georgia-სთან ინტერვიუში. მას მტკიცედ სჯერა, რომ ეს პროექტი ინსპირაცია ბევრი ადამიანისთვის იქნება; ამ შოუში ნანახი და მოსმენილი რჩევებისა თუ რეკომენდაციების საფუძველზე ანტრეპრენიორები შეძლებენ, უფრო სრულყოფილად შექმნან პროექტი და კარგად მოახდინონ მისი პრეზენტაცია „შარქ თენქ საქართველოში“ თუ სხვა ინვესტორებთან სხვა ნებისმიერ ფორმატში. როგორც სოსო ფხაკაძე ამბობს, შოუს პირველ სეზონზე აშკარად ჩანდა, რომ ამ კუთხით აპლიკანტებს აქვთ სამუშაო. კიდევ ერთი შარქი – ქეთი ქვარცხავა – საკუთარ მოტივაციას პირველ რიგში იმით ხსნის, რომ ამ გზით წვლილის შეტანის შესაძლებლობა დაინახა ქვეყანაში სტარტაპული მენტალიტეტისა და ეკოსისტემის განვითარებაში, რაც, მისი აზრით, ერთადერთი გზაა იმისათვის, რომ საქართველომ გარკვეულწილად დაძლიოს ის ეკონომიკური გამოწვევები, რომელთა წინაშეც დღეს დგას. სრულიად კონკრეტულია ნუცა აბრამიშვილის მოტივაცია. ის Forbes Georgia-ს ეუბნება, რომ პროექტში მონაწილეობით უნდოდა, ბიზნესში ქალების ჩართულობის შესახებ დღეს არსებული ლოა დიდი რეპუტაციული რისკის შემცველი იყოს. „ჩვენ ამას არ გავურბივართ. პირიქით. – ამბობს პავლე მგელაძე და მოტივაციის დასაბუთებას ასე განაგრძობს – ეს პროექტი ჩემთვის საშუალებაა, გავაცნო ჩემი მიდგომები ფართო მასებს და მათ გადაწყვიტონ, რამდენად სურთ ასეთი მიდგომებით ბიზნესის კეთება. ჩვენ 5-10-წლიანი სტრატეგია გვაქვს, რომლის ფარგლებშიც ასობით ბიზნესის შემოერთებას ვფიქრობთ და ეს კარგი საშუალებაა, ჩვენი მესიჯები მივიტანოთ დამწყებ ბიზნესებთან“.
ერთი, რაზეც ყველა შარქი უპირობოდ თანხმდება, ის არის, რომ პროექტში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ შემთხვევაში ღირს – მიუხედავად იმისა, შეძლებ თუ არა ინვესტორის დარწმუნებას და დაფინანსების მოზიდვას. ამას აჩვენებს საერთაშორისო გამოცდილებაც: მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმ კომპანიების ცნობადობა, რომლებმაც შოუში მონაწილეობა მიიღეს – იმის მიუხედავად, მიაღწიეს თუ არა წარმატებას ბიზნესიდეის დაფინანსების თვალსაზრისით – შოუს შემდეგ 10-ჯერ მაინც გაიზარდა.
იმავეს გვიდასტურებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილიც, რომელიც გვარწმუნებს, რომ იმ მონაწილეებს, რომლებიც შარქებთან ვერ მორიგდნენ, არაფერი დაუკარგავთ და თავის ამ მოსაზრებას ასე ასაბუთებს: „მათი ცნობადობა გაიზარდა. პროექტში მონაწილეობის დროს საფუძვლიანად აითვისეს პრეზენტაციის მომზადებისა და წარდგენის უნარები, რაშიც მათ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) დაეხმარათ. ასევე ჩატარდა აპლიკანტებისთვის განსაზღვრული სემინარების, ვორკშოპების სერია, ინდივიდუალური სესიები, სტარტაპების ქოუჩინგი, თითოეული სტარტაპის ინდივიდუალური შეხვედრა მენტორთან, სემინარებისა და ვორკშოპების ფარგლებში წამოწეული საკითხების დამუშავება, რასაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) უზრუნველყოფს. შესაბამისად, აპლიკანტებს მომავალში უამრავი შესაძლებლობა ექნებათ სხვადასხვა კომპანიასთან პარტნიორობის თვალსაზრისით“.
ერთი შეხედვით, საქართველოს გამოწვევებით სავსე ბიზნესგარემოში, „შარქ თენქ საქართველო“ დღეს ის სივრცეა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ორ მხარეს – ერთს, რომელსაც იდეა აქვს ან უკვე აქვს ბიზნესი, რომლის განვითარებაც უნდა და კარგი ინვესტიციის მოზიდვას ცდილობს და მეორეს, ვისაც უკვე აქვს წარმატებული ბიზნესი და, რაც მთავარია, ასეთი ბიზნესის წარმოების გამოცდილება და თავისი რესურსის მოგებიანი დაბანდება სურს.
„Shark Tank-ის საქართველოში შექმნის იდეაც სწორედ პანდემიის პერიოდს უკავშირდება და ამ რთულ ვითარებაში ბიზნესისთვის გარკვეული სტიმულის მიცემა, ვფიქრობ, სწორი კონტექსტი იყო“, – ამბობს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი.
რა ხილული შედეგები უნდა მოიტანოს ამ კონტექსტმა – ამ კითხვაზეც აზრები სრულად თანხვდენილია და მასზე Forbes Georgia-ს ყველა რესპონდენტს გააზრებული პასუხი აქვს.
სოსო ფხაკაძე, ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტი: „შარქ თენქ საქართველო“ აუცილებლად დაეხმარება აპლიკანტებს და არა მარტო მათ, არამედ ბევრ დამწყებ ბიზნესმენს, ვინც უყურებს ამ შოუს, უნარ-ჩვევების, მიდგომების ფორმებისა და სტილის დახვეწაში. ეს თავისთავად მოიცავს ფინანსური განათლების მიღების ან ამ ნაწილში დამწყებ ბიზნესმენთა გაძლიერების აუცილებლობას. პირველ სეზონში ძალიან ბევრ პროექტს აკლდა კარგად გააზრებული ფინანსური ნაწილი, რაც ზღუდავს ინვესტორს, მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსწონს იდეა. ჩვენ აპლიკანტების პრეზენტაციაში ფინანსური ნაწილის წარდგენის საჭიროებაზე ხშირად გვქონდა შოუში საუბარი და დარწმუნებული ვარ, ამ კუთხით ვითარება თანდათანობით შეიცვლება“.
ქეთი ქვარცხავა, იურიდიული ფირმა BLC Law Office-ის პარტნიორი: „როგორც გამოჩნდა, ბევრი ადამიანია, ვინც ნამდვილად შეყვარებულია თავის იდეაში, მაგრამ ნაკლებ ყურადღებას უთმობს ფინანსურ მხარეს, არა აქვს სწორი წარმოდგენა იმაზე, თუ რატომ უნდა იყოს პროექტი მიმზიდველი გარედან მოსული ინვესტორისთვის, რომელიც ისედაც რისკს იღებს მისთვის უცნობ ადამიანებთან პარტნიორობით. ფინანსურ განათლებას პროექტი ვერ მისცემს მაყურებელს, თუმცა მან შეიძლება სწორ კითხვებზე მიუთითოს. როგორც მინიმუმ, სტარტაპებს უნდა ჰქონდეთ წარმოდგენა თავიანთ სამომავლო ფინანსურ გათვლებზე, თუ კონკრეტული ინვესტიციით რა ბრუნვა არის მოსალოდნელი, რა დივიდენდის გაცემა იქნება შესაძლებელი, რამდენ ხანში შეძლებს ინვესტორი ინვესტიციის ამოღებას და მოგების მიღებას და რამდენი იქნება ეს მოგება და ეს ყველაფერი არ უნდა იყოს მხოლოდ სასურველი, არამედ უნდა გამომდინარეობდეს დამაჯერებელი გათვლიდან. პროექტი პირველ რიგში წარმოაჩენს, რომ თუ გაქვს კარგი იდეა, შეგიძლია აჩვენო, რომ შეგწევს უნარი, ეს იდეა განახორციელო და მიიღო მოგება, მართო კომპანია პროფესიონალურად და კეთილსინდისიერად, შესაძლებელია არა მხოლოდ დაფინანსების, არამედ ისეთი ბიზნესპარტნიორის შეძენა, რომელიც დაგეხმარება ბიზნესის აწყობაში“.
ნუცა აბრამიშვილი, „შუხმან ვაინის“ გენერალური დირექტორი: „მნიშვნელოვანია ამ შოუს არსებობა, ვინაიდან საერთაშორისო დიდ გეოგრაფიას საქართველო შეემატა, ეს მიუთითებს ბიზნესის ეთიკაზე, განვითარებაზე, ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესების არსებობაზე, ახალგაზრდა თაობის პროდუქტიულობასა და კრეატიულობაზე. პროექტს აქვს ორი მხარე: როგორც დაფინანსების მოძიების რეალური საშუალება და ბიზნესუნარების განვითარება, ისე საერთაშორისო არენაზე საქართველოს, როგორც „შარქ თენქ საქართველოს“ დეკლარირება. მთავარია, ყველა დამწყებმა სტარტაპერმა ან საშუალო ბიზნესის წარმომადგენელმა დაიჯეროს საკუთარი თავის და არა მხოლოდ შოუს ფარგლებში წარდგნენ შარკების წინაშე, არამედ რეალურ ცხოვრებაში იბრძოლონ თავიანთი პროექტის თუ გამოგონების დაფინანსების მოძიებაზე“.
მენი ბენიში, M. Benish Group-ის გენერალური დირექტორი: „მიმაჩნია, რომ ადამიანები გაერკვევიან მთავარში – რა დიდი განსხვავებაა გრანტსა და ინვესტიციას შორის. ადამიანები ინვესტიციას მოგების მისაღებად აბანდებენ. ჩვენ იმისთვის ვაფინანსებთ ბიზნესს, რომ საკუთარი ღირებულება რაც შეიძლება სწრაფად გავზარდოთ. ადამიანები ისწავლიან, როგორ შეაფასონ საკუთარი იდეები ან ბიზნესები და როგორ წარუდგინონ ინვესტორს ან პოტენციურ პარტნიორს. მიმაჩნია, რომ ეს გადაცემა საქართველოსთვის ნამდვილი საჩუქარია, რადგან აქ არ არის კარგად განვითარებული ვენჩურული კაპიტალი. ამ სფეროს განვითარების ბიძგი მხოლოდ ამ რამდენიმე წლის წინ მიეცა“.
დაჩი ჭოლაძე, Pulsar AI-ის გენერალური დირექტორი: „იდეისა და გეგმების კარგად ახსნას კარგი პრეზენტაციის უნარები სჭირდება, კარგი გარიგების დადებას – კარგი მოლაპარაკების უნარი, სწორ იდეას – სწორი ხედვა და ა.შ. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, მთავარია ცდა – ცდას კი გამბედაობა სჭირდება, ხოლო ბევრი მცდელობა სწორედ ამ საჭირო უნარებისა და თვისებების შეძენაში გეხმარება – თუ გაგიმართლებს, ეს თავიდანვე აღმოგაჩნდება, თუ არ გაგიმართლებს, მაშინ ერთზე მეტი ცდა დაგჭირდება, მაგრამ თუ არ გაჩერდები, მაშინ აუცილებლად წახვალ წინ. თუ არ ცდი, მაშინ 100- %-ით გეცოდინება, რომ არ გამოგივა. მხოლოდ მაშინ იზრდება წარმატების შანსი და ხდება 0%-ზე მეტი, როცა იწყებ მცდელობას, და რაც უფრო არ აკლებ მცდელობებს და შრომას, მით უფრო უახლოვდები წარმატებას“.
თინათინ ბერძენიშვილი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი: „მნიშვნელოვანია, რომ მაუწყებლის დანახარჯი საზოგადოებისთვის შესაბამისი ღირებულებითი სარგებლის შეთავაზების პირდაპირპროპორციულია. ეს გარკვეულწილად, აუდიტორიისთვის, სხვადასხვა სახით, მისივე კონტრიბუციის უკუგებაა“.
პოსტსკრიპტუმის სახით კი მთავარი ინტერვიუ შემოგინახეთ ადამიანთან, რომელიც „შარქ თენქ საქართველოს“ გენერალურ სპონსორ კომპანიას წარმოადგენს. ეს კომპანია Visa-ა, რომელიც საქართველოშიც უკვე ცნობილია თავისი გამორჩეული ინოვაციური მიდგომებითა და ქართული ბიზნესის მხარდამჭერი ინიციატივებით, რომლებიც საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ არაერთი ასეთი პროექტი, როგორიცაა მეწარმე ქალების გაძლიერებისთვის – She’s Next, Empowered by Visa კამპანია, ასევე ფინტექების მხარდაჭერის პროგრამები – Visa Everywhere Initiative-ი და Fast Track Program-ი. პროექტი „შარქ თენქ საქართველო“ Visa-ს სტრატეგიას შეესაბამება, რადგან სატელევიზიო შოუს მიზანი გამოცდილი ქართველი ინვესტორების მიერ მცირე და საშუალო ბიზნესების დახმარებაა.
დღეს Visa-ს კავკასიაში რეგიონული მენეჯერისა და უფროსი დირექტორის პოზიციაზე დიანა კიღურაძე წარმოადგენს. დიანა ხელმძღვანელობს ციფრული ინოვაციური გადახდების განვითარების მიმართულებას რეგიონში და ამავდროულად, პროფესიონალი გუნდის ჩართულობით, სხვადასხვა კამპანიისა და პროექტის განხორციელების გზით, ბიზნესის ეკოსისტემის გაუმჯობესებაზე ზრუნავს. Visa-ს ინიციატივითა და ერთგული პარტნიორების მხარდაჭერით უკვე არაერთი პროგრამა და ინიციატივა განხორციელდა და დღეს მას „შარქ თენქ საქართველოს“ პროექტის მნიშვნელობაზე ვესაუბრებით.
როგორ ხედავს Visa პროექტ „შარქ თენქ საქართველოს“ მთავარ დანიშნულებას?
„შარქ თენქ საქართველოს“- საერთაშორისო სატელევიზიო შოუს მიზანია, მხარი დაუჭიროს დამწყებ ანტრეპრენიორებს და გაუხსნას მათ ახალი შესაძლებლობები, გაუზიაროს რესურსები, პროფესიონალური ცოდნა და გამოცდილება – ეს ყველაფერი კი კავშირშია Visa-ს მთავარ მისიასთან, ვიყოთ არა მხოლოდ გლობალური ლიდერები გადახდების ტექნოლოგიებში, არამედ ისეთი გამორჩეული და განსაკუთრებული ქსელი, რომელიც მხარს უჭერს გლობალურ კომერციას და აძლიერებს ბიზნესებს, ზრუნავს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების პროფესიულ განვითარებაზე და აძლევს წარმატების მიღწევის შესაძლებლობას ყველას ყველგან.
რა არის Visa-ს სარგებელი ამ პროექტში?
ჩვენი მიდგომა მცირე და საშუალო ბიზნესის, ფინტექებისა თუ ადგილობრივი ეკონომიკების მხარდაჭერის პროცესში, გულისხმობს პარტნიორობის ფორმატში ამა თუ იმ პროგრამისა და ინიციატივის განხორციელებას. ჩვენ ვთანამშრომლობთ ადგილობრივ მთავრობებთან, ბანკებთან, სხვადასხვა ორგანიზაციასა და სტარტაპთან იმისთვის, რომ განვავითაროთ გადახდების ეკოსისტემა და დავნერგოთ ახალი გადაწყვეტილებები, ინოვაციები და ამით შევუწყოთ ხელი ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას. პროექტი „შარქ თენქ საქართველო“ ქმნის კომუნიკაციის პლატფორმას ინვესტორებსა და ბიზნესს შორის და ჩვენთვის ხსნის შესაძლებლობას, გავიცნოთ და ვითანამშრომლოთ ახალ ბიზნესებთან და უკვე ამ ახალი პარტნიორობების ბაზაზე, გავაგრძელოთ ჩვენი მისიის განხორციელება. გვჯერა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარება ახალი ინიციატივებით და მათთვის მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარებით უმნიშვნელოვანესი პროცესია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის.
რა სარგებელს ელოდებით ამ პროექტისგან ბიზნესისთვის?
ამ ტიპის სატელევიზიო შოუ ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანი პლატფორმაა. ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ხდება სხვა ადამიანების გამოცდილება და წარმატების ისტორიები. ადამიანები შთაგონებას იღებენ სხვების მაგალითზე და მათ უჩნდებათ სურვილი, გაიმეორონ მათი წარმატების ისტორია ან შექმნან საკუთარი. ამას გარდა, მცირე მეწარმეებისთვის მნიშვნელოვანია ინვესტორებთან კომუნიკაციისა და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობა, განსაკუთრებით – პანდემიის პერიოდში, რომლის დროსაც ყველაზე მეტად ახლად შექმნილი ბიზნესები დაზარალდნენ. Visa, როგორც გენერალური სპონსორი, გამარჯვებულებს არა მხოლოდ უადვილებს წვდომას ინოვაციურ პროდუქტებზე და გადაწყვეტილებებზე, არამედ ეხმარება მათ საკუთარი ბრენდებისა და პროდუქტების ცნობადობის გაზრდაში სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით.
კოვიდი ახსენეთ და ცუდ ნოტზე რომ არ დავასრულოთ ჩვენი საუბარი, ისიც მითხარით, რა როლი ექნება Visa-ს პოსტპანდემიურ პერიოდში…
Visa-ს ისტორია 60 წელზე მეტს ითვლის. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ ტექნოლოგიების უმსხვილესი სანდო ქსელი შექმნა პარტნიორებისა და მსოფლიოს უამრავი წერტილიდან ადამიანების ჩართულობით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიყოთ მზად, რათა სწრაფად ვუპასუხოთ ბიზნესების გამოწვევებსა და საჭიროებებს. მნიშვნელოვან ფაქტს გაგიზიარებთ – პანდემიის დაწყებასთან ერთად კომპანიამ აიღო პასუხისმგებლობა,Visa-ს ფონდიდან 210 მილიონი აშშ დოლარით დავეხმაროთ ყველაზე მეტად დაზარალებულ ბიზნესსეგმენტს – მცირე და საშუალო ბიზნესს. აქედან 10 მილიონი აშშ დოლარი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის რეგიონში არსებული ბიზნესების ფინანსური მხარდაჭერისთვის გამოიყო. ასევე ბიზნესებს დამატებით ვთავაზობთ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას, რომლებიც მოიცავს მათთვის მნიშვნელოვან რჩევებსა და ინფორმაციას საკუთარი ბიზნესების მართვის პროცესში. აღსანიშნავია, რომ პანდემიამ ყველაფერი ონლაინსივრცეში გადაიტანა და როგორც მომხმარებლებს, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ციფრულ ეკონომიკაზე გადასვლა, არსებული ბიზნესების გაციფრულება დასჭირდათ. მათ მხარდასაჭერად ჩვენ განვახორციელეთ კამპანია – Where You Shop Matters (#აირჩიექართული), რომლითაც წავახალისეთ მომხმარებლები, ამა თუ იმ პროდუქციის შესაძენად ქართული ბიზნესის მიერ ონლაინ წარმოდგენილ პროდუქციაზე გაეკეთებინათ არჩევანი, რამაც გამოიწვია ადგილობრივი ბიზნესების გაყიდვების გაზრდა და უწყვეტი ფუნქციონირება. დამატებით გეტყვით, რომ სულ ცოტა ხნის წინ Visa-სა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტურიზმის, მცირე და საშუალო ბიზნესის, ეკონომიკის, ფინანსური ჩართულობის განვითარების ხელშეწყობასა და ინოვაციების დანერგვას საქართველოში. გვჯერა, რომ ამ და სხვა პროექტებით, რომელთაც Visa ახორციელებს, მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაში.