„შაშვი, შაშვი, მაყვალი“ Swiss Film Awards-ის გამარჯვებული გახდა

„შაშვი, შაშვი, მაყვალი“ Swiss Film Awards-ის გამარჯვებული გახდა

პარასკევს, ციურიხში გამართულ Swiss Film Awards-ზე ქართველი რეჟისორის, ელენე ნავერიანის კინოსურათმა „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ საუკეთესო შვეიცარიული მხატვრული ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა. ფილმმა ასევე მოიპოვა ჯილდოები საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო მონტაჟისთვის.

შეგახსენებთ, ფილმი „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ ქართული კომპანია Takes Film-ისა და შვეიცარიული კომპანია Alva Film-ის ერთობლივი ნამუშევარია. ის ქართველი მწერლის, თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული და პატარა ქართულ ტრადიციულ სოფელში მცხოვრები 48 წლის დაუქორწინებელი ქალის, ეთეროს განცდების შესახებ მოგვითხრობს. ფილმში მთავარ როლებს ეკატერინე ჩავლეიშვილი და თემიკო ჭიჭინაძე ასრულებენ. მის სცენარზე კი ნიკოლოზ მდივანმა, თამთა მელაშვილმა და ელენე ნავერიანმა იმუშავეს.

„შაშვი, შაშვი, მაყვალმა“ უკვე არაერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. მათ შორის, მიშკოლცის საერთაშორისო კინოფესტივალზე პრიზი სამ კატეგორიაში გადაეცა. სარაევოს კინოფესტივალზე კი ნამუშევარი საუკეთესო სრულმეტრაჟიან ფილმად დასახელდა, ამასთანავე, მსახიობი ეკატერინე ჩავლეიშვილი ფესტივალის პრიზის, „სარაევოს გულის“ მფლობელი გახდა. „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს სიაშიც მოხვდა და კანის კინოფესტივალზეც იყო წარდგენილი.

რაც შეეხება რომანს, თამთა მელაშვილის ნაწარმოებმა 2021 წელს პრემია „საბა“ მოიპოვა.