ეს სვეტი ოქროზეა. ოღონდ არა იმაზე, რომელიც უნციებით იზომება.
რისი ციებ-ცხელება აღარ ვნახეთ ამ 21-ე საუკუნის საფონდო ბირჟებზე: ჯერ იყო და ბიტკოინმა არბენინა კლონდაიკოსები აქეთ-იქით, მოკტავმა ხალხმა დღემდე არ იცის, რანეირი ფულია ეს ბიტკოინი, არადა, არიან სმართი ტიპები, ვინც უცებ ამოქოქა სიმძლავრეები და სანამ ამ მოკტავიუსებმა (მათ შორის მეც) გავარკვიეთ, როგორია გარეგნულად, ხელით შეხება შეიძლება თუ არა, რო შეეხები, დაგაჟრიალებს თუ არა, სანამ ვუსმენდით მსჯელობას, საპნის ბუშტია და გასკდება თუ არა და ა.შ., მოკლედ, სანამ აზრზე მოვედით, კიდეც გაკეთდა ეს ხალხი (ბებიაჩემმა ირამ იცოდა, ცხონებულმა – გაიღვიძე, ბიჭო, გაკეთდა ქვეყანაო) და კიდეც აშენდა. გაუმარჯოს გამჭრიახ ანტრეპრენიორებს.
ახლა კანაბიდოლია მოდაში. დაქრის აქციების ფასები ზემოთ-ქვემოთ, აი სუფთა ამერიკული მთების ატრაქციონივითაა. არიხინდება დილიდან ჯერ ზევით, შეგიქანებს გულს, მერე თავქვე დაეშვება ისე, რომ კიდევ უფრო მეტად შეგიკრავს სუნთქვას, ბოლოს კი შედარებით სწორზე გაივლის, გაჩერდება და დაგტოვებს კიდევ ერთი ექსტრემალური გასეირნების მოლოდინში. ეგრე იცის ნიუ-იორკის ბირჟამა. არა მხოლოდ ნიუ-იორკის, მაგრამ დიდი ვაშლის ქალაქი მაინც სულ სხვაა. მე თუ ჩემს ბავშვობაში კანადური ჰოკეი მევასებოდა (უჩაფხუტებოდ თამაშობდნენ, მაგრად თან და კაი მაგრადაც ჩხუბობდნენ), უეინ გრეცკის და მაგის “ედმონტონ ოილერსის” შესახებ ყველაფერი ვიცოდი, გარდა იმისა, რომ მენავთობეების გუნდი იყო (ნავთობამდეც მალე მივალ, მკითხველო), ახლა ვუყურებ, როგორ მდიდრდებიან საათებში კანადური კომპანია “ტილრეის” აქციებით ისევ სმარტი ანტრეპრენიორები, არა მხოლოდ კანადელი თან. არის ერთი ამბავი ატეხილი გალანდიაში (ამ თემას ასე წარმოთქმა უხდება), იტალიასა და ამერიკაში. ამბავია ჩვენთანაც, მარა ეს სვეტი მაგაზე არაა.
ეს სვეტი ოქროზეა. ოღონდ არა იმაზე, რომელიც უნციებით იზომება და თავის დროზე მაგაზეც სასტაული მოგება იყო. წარმატებული ხალხისგან გამიგონია, ოქროზე ფულის შოვნა ადვილია. მთავარია, დროზე იყიდო და გაყიდოო. ხო, რა თქმა უნდა, კარგად რომ დაგრჩეს, ერთი 50 მილიონი შენი უნდა გქონდეს და დანარჩენ 950-ში ბანკი გამოგყვება დიდი სიამოვნებითო. ხო მართლა ადვილია? გაუმარჯოს ანტრეპრენიორებს.
ეს სვეტი შავ ოქროზეა. აი იმაზე, ბარელებით რომ იზომება. ეს ბარელიც კარგა დიდობაში გავიგე (ამ დროს რევოლუციამდელი ბავშვი სულაც არ ვიყავი, სახლში ჟურნალი “ამერიკაც” გვქონდა, “ზა რუბეჟომ” -იც და “ინასტრანკაც” და საერთოდ სკოლაში ვაკეთებდი კლასელებისთვის იმას, რასაც ახლა “ჩავდივარ” ტელეეკრანებიდან – ყოველკვირეულ საერთაშორისო მიმოხილვას) და აღმოვაჩინე, რომ ბარელი უდრის 42 გალონს ანუ თითქმის 159 ლიტრს. ჰოდა, რაც ამერიკაში, კერძოდ პენსილვანიაში აღმოაჩინეს 1859 წლის 27 აგვისტოს (ჩემს დაბადების დღემდე 111 წლით და 3 დღით ადრე) და მერე პირველი ჭაბურღილები დააყენეს და კიდევ უფრო მერე სხვა კონტინენტებსაც გადასწვდნენ, მას მერე მყარად მოედინება ეს შავი ოქრო, ალაგ უწყვეტად, ალაგ – ვაივაგლახით. აღარ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ დღემდე დიდი ომების, გეოპოლიტიკური დაპირისპირებებისა და ქვეყნების წარმატება/ უბედურების გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ეს კარგად დასაწვავი შავი ოქროა. ეს უკვე ისტორიულად დადგენილი ჭეშმარიტებაა. არც იმის დეტალური შედარებითი ანალიზით შეგაწყენთ თავს, თუ როგორი განსხვავებაა სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით მსოფლიოს სამიდან ორ ყველაზე დიდ მომპოვებელს – საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის. ფაქტი ფაქტია. თანაც შორს რომ არ იაროთ, უამრავი კარგი ვიდეობლოგი არსებობს, სხვათა შორის თავად რუსებისვე გაკეთებული, ოღონდ – მოაზროვნე რუსების. სამიდან ორი იმიტომ ვახსენე, რომ ბოლო, ცინცხალი მონაცემებით, 1973 წლის შემდეგ პირველად მსოფლიოს ყველაზე მსხვილი მომპოვებელი კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები გახდა. ტეხასი ტეხასია, ძმაო. მარტო ფიშტოს კი არ ისვრიან. დღესდღეობით იმაზე მეტ ნავთობს მოიპოვებს მარტო ტეხასი, ვიდრე ერაყი და ირანი ერთად აღებული. მთლიანად აშშ კი დღიური მოპოვების 11 მილიონ ბარელზე გავიდა. ჰოდა, ძალიანაც კარგი.
ადრე თუ გახსოვთ, გიყვებოდით, ფეისბუკით შეპყრობილი ვიყავი და ძლივს მოვიშორე ეგ დამოკიდებულება-მეთქი. აი, მაგ პერიოდში (სულ რაღაც ორიოდ წლის წინ) ვიყავი შეჩენილი ბარელი ნავთობის ფასს და დიდი იმედიც მქონდა, რომ, როგორც დიდმა რეიგანმა დასცხო და დასცა 1 ბარელის ფასი 22 დოლარზე “შეკავების და იზოლირების” ღონისძიებათა ფარგლებში, იგივე განმეორდებოდა და შავი ოქროს ამარა დარჩენილი კრემლი ვეღარაფერს უპასუხებდა თავის ხალხს კითხვაზე, შენი შავი ოქრო ვჭამო თუ შავი ოქროსგან მიღებული შავი ასფალტიო. ჯერჯერობით არ გამიმართლა. უფრო მეტიც, მენავთობეთა კარტელი (OPEC) შარშან რუსებსაც კი შეუთანხმდა და წავიდა ისთევ ზემოთკენ ნაფთის ფასი. ცოტა ხნის წინ ალჟირში კარტელის და რუსების მინისტრების დონეზე მონიტორინგის მორიგი შეხვედრა გაიმართა. საუდებმა და რუსებმა არ შეიმჩნიეს აშშ–ის პრეზიდენტის შეძახილი და ბრძანეს, ვერ ვხედავთ მოპოვების მოცულობების გაზრდის აუცილებლობასაო. ამას ირანული ახალი ჰამბებიც დაემატა, კერძოდ აჰვაზში (ირანის ერთ-ერთი მსხვილი მომპოვებელი რეგიონი) განხორციელებულმა ტერაქტმა, ექსპერტების აზრით, ალჟირის შეხვედრებს და განცხადებებსაც გადაუჯოკრა ფასის აწევის საქმეში. ამ ყველაფერმა, 4 ნოემბერს დაანონსებულ ირანულ ნავთობზე აშშ-ის სანქციების მოლოდინთან ერთობლიობაში, ბოლო პერიოდის მონაცემებით, BRENT და WTI მარკის ნავთობის, შესაბამისად 80-და 72-დოლარიან მაჩვენებლებზე გაგვიყვანა. მცოდნე ხალხი ახლა ამბობს, 100 დოლარამდეც ავაო.
არ გვაწყობს ჩვენ ეგ ამბავი. არც ამერიკელებს აწყობთ. ჩემმა ამერიკელმა ძმამ თავისებურად დამამშვიდა, ძლივს ამერიკაში ხალხმა ისევ დიდი მანქანების ყიდვა დაიწყო და ვინ დასწყვეტს ამომრჩეველს გულს ასეთი გიჟური არჩევნების წინო. როცა საუბარი არჩევნებზე, პოლიტიკაზე და პირველობაზეა, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, ასეთ ვითარებაში ვინ გააჯაზებს ყველაზე მეტად. რა თქმა უნდა, ძია დონალდი. იმიტომაც იყო რო, არც აცია, არც აცხელა და დაიჭექა ბეჭდების მბრძანებელივით, შავი ოქრო ჩემთანო, ჰოდა, დასცხეს მენავთობეებმაც და გადავიდა აშშ პირველ ადგილზე. ისევ მცოდნე ხალხი ამბობს, ასე გაგრძელდებაო მინიმუმ 2019 წლამდინო. ძია დონალდი ისეთ დრაივზეა, სანამ არ დააგდებს ფასებს, აშკარად არ მოისვენებს. ძალიანაც კარგი. გაუმარჯოს ნავთობზე დაბალ ფასებს.
ახლა უცებ ამომიხტა ჩემი ბავშვობის კიდევ ერთი მოგონება – ჩემი ოქრო ჩემთან. რა სჯობია ბავშვობას. არც შავ ოქროზე ვფიქრობდით, არც ბარელებზე და არც უნციებზე. ვინც მოგვწონდა და ჩაფიქრებული გვყავდა, დავიძახებდით: ჩემი ოქრო ჩემთან და გამოიქცეოდა შენი რჩეული შენთან. ჩემთვის პირადად ახლაც ეგრეა, უფრო მეტიც, კიდევ უფრო ძვირფასია ეგ “ჩემი ოქრო ჩემთან”, მაგრამ თანამედროვე მსოფლიოში სულ სხვანაირადაა. ლამის “შეშლილი მაქსის” სამყაროსავითაა. ჩემს თაობას გემახსოვრებათ პირველი ვიდეოებიდან ავი ბებია “ენთითი” თინა თერნერი, შეშლილი მაქსი მელ გიბსონი, თავპირისმტვრევა კანისტრა ბენზინისთვის (ვერ ვაპატიებდი ჩემს თავს, ეს საზომი ერთეული/ ჭურჭელი რომ არ მეხსენებინა. მე ხომ წინა საუკუნიდან მოვდივარ) და ბრძოლა გავლენისთვის, ბრძოლა უფლებისთვის, ვინ დაიძახებს ყველაზე ომახიანად: შავი ოქრო ჩემთან! ეს სამყარო კია შეშლილი და მაქსიც უხვად ჰყავს და ენთითიც, მაგრამ გამოგონება ისეთი ტემპით მიდის, რომ დიზაინერი ხალხი მთვარეზე გაფრენას აპირებს და რატომღაც არ მგონია, რომ შავი ოქრო იყოს ის, რისთვისაც ბოლო ცოცხალი ადამიანები შეერკინებიან ერთმანეთს. თუმცა ეს შემდეგ საუკენეებში. მანამდე კი მოვიდა: შავი ოქრო ჩემთაააან!