შეძლებენ ჩინეთი და ინდოეთი, მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკები გახდნენ?

შეძლებენ ჩინეთი და ინდოეთი, მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკები გახდნენ?

ახალი კვლევა, რომელიც მომდევნო ათწლეულებში ჩინეთისა და ინდოეთის წამყვან ეკონომიკებად გადაქცევას ვარაუდობს, მათ ფონზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთ ევროპის ეკონომიკებს შესუსტებას უწინასწარმეტყველებს. ანალიზი პროდუქტიულობის ზრდასა და დემოგრაფიაზეა დამყარებული, რაც აშშ-ის საიმიგრაციო პოლიტიკას, ჩინეთის მხრიდან თავისუფალი ბაზრისგან ჩამოშორებასა და სხვა ფაქტორებს განიხილავს, რომლებიც სამომავლოდ გლობალურ ეკონომიკაში ქვეყნების წილზე გავლენას მოახდენს.

ეკონომიკური კვლევების ეროვნული ბიუროს (NBER) ნაშრომში, „გლობალური ეკონომიკური ძალაუფლების მომავალი“, ავტორები ჩინეთისა და ინდოეთის ეკონომიკის გავლენის ზრდას ვარაუდობენ.

კვლევის თანახმად, აშშ-ის წილი გლობალურ მშპ-ში, 2017 წლის 16%-დან 2100 წლისთვის, 12%-მდე შემცირდება, ხოლო ჩინეთის წილი 16%-დან 27%-დე გაიზრდება. რაც შეეხება იმავე პერიოდში ინდოეთისა და დასავლეთ ევროპის (მათ შორის გაერთიანებული სამეფოს) მონაცემების ცვლილებას, ისინი, შესაბამისად, 7%-დან 16%-მდე გაიზრდება და 17%-დან 12-%მდე შემცირდება. ნაშრომში ვკითხულობთ, რომ ინდოეთისა და ჩინეთის ერთობლივი მშპ 2017 წლის 23%-დან, 2100 წელს 43%-მდე გაიზრდება.

პროდუქტიულობის ზრდა: ავტორთა განცხადებით, „შედეგები, ჩვენი რეგიონისთვის [ამერიკისთვის] დამახასიათებელი პროდუქტიულობის მაჩვენებლის მიმართ, უაღრესად მგრძნობიარეა“. ავტორები არ ეთანხმებიან, თუმცა ახალ ნაშრომში NBER-ის 2019 წლის კვლევა მოჰყავთ, რომელიც გარკვეული ქვეყნებისთვის, მათ შორის ჩინეთისთვის, ინდოეთისთვის, რუსეთისა და დასავლეთ ევროპისთვის გაცილებით დაბალ ეკონომიკურ ზრდას წინასწარმეტყველებდა.

მათივე ინფორმაციით, 2019 წლის კვლევის ავტორთა მოდელის გამოყენებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს საუკუნე „ეკონომიკის მეფის“ სტატუსით უნდა დაესრულებინა, შესაბამისად, გლობალური მშპ-ის 18%-იანი გამომუშავებით. მეორე იქნებოდა სუბსაჰარული აფრიკა, 17.5%-ით. „ჩინეთს დამატებული ინდოეთის გამომუშავების წილი (2019 წლის კვლევის სცენარით) მკვეთრად იკლებს, 2017 წლის 24.2%-დან 2100 წელს 15.8%მდე“.

სხვა შესაძლო შედეგებით, ახალი ნაშრომის ავტორების განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ვივარაუდებთ, რომ ზრდის ტემპი 2017 წლამდე 20 წლით ადრე არსებული მაჩვენებლის ტოლია, „ინდოეთი საუკუნის ბოლოს, გლობალურ ეკონომიკაში, მისი წილის 6.8%-დან 33.8%-მდე ზრდით, პლანეტის ზესახელმწიფო ხდება. ამასთან ერთად კი ეს ნიშნავს ჩინეთის წილის 15.7%-დან 22%-მდე ზრდას. ამ სცენარით, ინდოეთის ეკონომიკა და მოსახლეობის რაოდენობა, ჩინეთისაზე 50%-ით მეტი იქნებოდა, თუმცა შრომის პროდუქტიულობა თანაბარი დარჩებოდა.

„ყველა სხვა ეკონომიკის შემთხვევაში, ეკონომიკური გავლენა მცირდება, ანდაც ფიქსირებული რჩება საბაზო შემთხვევასთან“, – წერია ნაშრომში. – „აშშ-ისთვის მდგომარეობა განსაკუთრებით შემაშფოთებელია. მსოფლიო ეკონომიკაში მისი წილი საუკუნის ბოლოსკენ 10%-მდე დაეცემა. უფრო მეტად ცუდი სცენარის განვითარებაა მოსალოდნელი დასავლეთ ევროპის (მოისაზრებს გაერთიანებულ სამეფოსაც) შემთხვევაში. 2017 წელს მისი წილი მსოფლიო ეკონომიკაში 25.5%-ს უტოლდებოდა, მაგრამ 2100 წლისთვის შესაძლოა, 6.4%-მდე დაიწიოს – შესაბამისად, დასავლეთი ევროპა, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკიდან, ერთ-ერთ უმცირესად გადაიქცევა.

საშუალო ამერიკელის ცხოვრების დონე კვლავ მაღალია მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობასთან შედარებით. „1997 წელს ჩინეთის ცხოვრების დონე აშშ-ის დონის მხოლოდ 3.5%-ს შეადგენდა 2017 წელს ჩინეთის მაჩვენებელი 3.94-ჯერ, 13.8%-მდე გაიზარდა. იმავე 20-წლიანი ინტერვალით, ინდოეთის ცხოვრების დონე 2.06-ჯერ გაიზარდა. ეკონომისტების პოზიტიური შეფასებით, მილიონობით ადამიანმა ჩინეთში, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებში, ბაზარზე ორიენტირებული რეფორმების შედეგად სიღარიბე დაძლია.

იმიგრაცია, დემოგრაფია, პროდუქტიულობის ზრდა: იმიგრაცია სამუშაო ძალის ზრდისთვის გადამწყვეტია – ის არის ეკონომიკური ზრდის უმნიშვნელოვანესი ელემენტი, რადგან – დადასტურებულია, რომ პროდუქტიულობის ზრდას აუმჯობესებს. როგორც კვლევები ცხადყოფს, იმიგრაციის უფრო მაღალი დონე, აშშ-ის ეკონომიკისთვის, განსაკუთრებით გრძელვადიან პერსპექტივაში, მოგებიანია. „ლეგალური მიგრაციის წლიურად 28%-ით ზრდა, არსებულ პროგნოზთან შედარებით, აშშ-ში სამუშაო ძალის საშუალო წლიურ ზრდას 23%-ით გაზრდის“, – ნათქვამია „ამერიკული პოლიტიკის ნაციონალური ფონდის“ (NFAP) ანალიზში.

მეორე მხრივ, ლეგალური მიგრაციის შემცირება აშშ-ის ეკონომიკის გაცილებით ნელი ტემპით ზრდას გამოიწვევს. NFAP-ის განცხადებით, შტატების მხრიდან, ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში, რომელიც ადმინისტრაციულად, ლეგალურ იმიგრაციას დაახლოებით 49%-ით ამცირებს, სამუშაო ძალის წლიური ზრდა 59%-ით უფრო დაბალი იქნებოდა.

ჩინეთი კი შორდება თავისუფალი ბაზრის პოლიტიკას: ნაშრომის ავტორების ვარაუდით, ჩინეთის ეკონომიკური ზრდა ცუდი ეკონომიკური პოლიტიკის გამო არ შემცირდება, თუმცა ეს შესაძლოა, უკვე მოხდა. როგორც Wall Street Journal-ი აღნიშნავს, გარკვეული ნიშნები ქვეყნის ზრდის პოტენციალის პრობლემებზე მიუთითებს. „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ შეფასებით, გასულ ათწლეულში უმეტესად, პროდუქტიულობის საშუალო ზრდა მხოლოდ 0.6%-ს შეადგენდა, რაც წინა ხუთი წელიწადის 3.5%-დან მკვეთრი ვარდნა იყო.

Economist-ის ანგარიშით, ჩინეთი, სი ძინპინის მმართველობისას, კერძო სექტორთან შედარებით, უფრო ნაკლებად ეფექტიან სახელმწიფო საწარმოებს უჭერდა მხარს. ქვეყნის დემოგრაფიაზე კი მრავალი წლის განმავლობაში არსებული „ერთი შვილის პოლიტიკის“ გავლენაც მნიშვნელოვნად აისახება. „ხანგრძლივ პერსპექტივაში, ჩინეთის ზრდა შეზღუდულია დემოგრაფიით, პროდუქტიულობის კლებითა და, რაც მთავარია, გასული ათწლეულის წარუმატებელი სტრუქტურული რეფორმებით“, – აცხადებს Rhodium Group-ის ანალიტიკოსი.

საბოლოო ჯამში, ნაშრომის მიხედვით, ჩინეთისა და ინდოეთის გავლენა გაიზრდება, ხოლო აშშ-ის ეკონომიკური გავლენა შემცირდება, აშშ-ის საიმიგრაციო პოლიტიკა და ჩინეთის ეკონომიკური არჩევანი კი ქვეყნების ეკონომიკური გავლენის მომავალს წარმართავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *