შესაძლოა, ჯონი დეპი „კარიბის ზღვის მეკობრეებში“ $301-მილიონიანი კონტრაქტით დაბრუნდეს

შესაძლოა, ჯონი დეპი „კარიბის ზღვის მეკობრეებში“ $301-მილიონიანი კონტრაქტით დაბრუნდეს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა, ჯონი დეპი „კარიბის ზღვის მეკობრეებში“ დაბრუნდეს. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, Disney მსახიობთან $301-მილიონიან კონტრაქტზე მუშაობს. მათივე ცნობით, „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მეექვსე ნაწილში ჯეკ ბეღურას როლის განსახიერებასთან ერთად კომპანია დეპს Disney+-ის სატელევიზიო სერიალში მონაწილეობასაც სთავაზობს, რომელსაც „შავი მარგალიტის“ კაპიტნის ადრეულ ცხოვრებაზე გადაიღებენ.

ჯონი დეპს „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მეექვსე ნაწილში როლი მას შემდეგ ჩამოართვეს, რაც მისმა ყოფილმა ცოლმა, ემბერ ჰერდმა 2018 წელს The Washington Post-ში ოპ-ედი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო. უნდა ითქვას, რომ ოპ-ედში ჯონი დეპის სახელი ნახსენები არ არის, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ტექსტი სწორედ მას მიემართებოდა.

აგორებული სკანდალის გამო დეპის სამსახიობო კარიერას სერიოზული საფრთხე შეექმნა. მან „კარიბის ზღვის მეკობრეებთან“ ერთად საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი დაკარგა „ჯადოსნურ ცხოველებში“.

აპრილში ჯონი დეპმა ყოფილ ცოლს ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივლა. როგორც სასამართლო პროცესზე დეპის აგენტმა, ჯეკ უიგჰემმა განაცხადა, მსახიობმა „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მეექვსე ნაწილში როლის ჩამორთმევის გამო $22,5 მილიონი დაკარგა.

შეგახსენებთ, 1-ელ ივნისს ვირჯინიის შტატის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ყოფილი ცოლ-ქმრის სამართლებრივ დავაზე ვერდიქტი გამოაცხადეს, რომლის მიხედვითაც დადასტურდა, რომ ჰერდმა დეპს ოჯახურ ძალადობაში დადანაშაულებით ცილი დასწამა. მას უშუალოდ ყოფილი ქმრისთვის კომპენსაციის სახით $10 მილიონის გადახდა დაევალა. აღსანიშნავია, რომ დეპი ყოფილი ცოლისგან $50-მილიონიან კომპენსაციას ითხოვდა.

თავის მხრივ, ჰერდისთვის $2 მილიონის გადახდა დაევალა ჯონი დეპს, ვინაიდან ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ მისმა ადვოკატმა, ერთ ეპიზოდში, ემბერ ჰერდს ცილი დასწამა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *