უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ, პუტინი საზღვარგარეთ პირველ ოფიციალურ ვიზიტს გეგმავს

უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ, პუტინი საზღვარგარეთ პირველ ოფიციალურ ვიზიტს გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ, საზღვარგარეთ პირველ ოფიციალურ ვიზიტს გეგმავს. რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია Rossiya 1-ის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში პუტინი თურქმენეთსა და ტაჯიკეთს ეწვევა, შემდგომ კი მოსკოვში, ინდონეზიის პრეზიდენტ ჯოკო ვიდოდოსთან მოლაპარაკებებს გამართავს.

დუშანბეში პუტინი ტაჯიკეთის პრეზიდენტს, რუსეთის ახლო მოკავშირესა და ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოს ყველაზე ხანგრძლივ მმართველს იმომალი რახმონს შეხვდება, აშხაბადში კი კასპიის ქვეყნების სამიტს, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ირანისა და თურქმენეთის ლიდერებთან ერთად დაესწრება. გარდა ამისა, ახალი ამბების სააგენტო RIA-ს განცხადებით, 30 ივნისსა და 1 ივლისს, პუტინი ბელარუსის ქალაქ გროდნოში ვიზიტსა და პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან ერთად ფორუმში მონაწილეობას გეგმავს.

უკრაინაში ომის დაწყებამდე, პუტინი ბოლოს ვიზიტით პეკინში, თებერვლის დასაწყისში იმყოფებოდა. ვიზიტისას, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე, მან და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა, „უსაზღვრო მეგობრობის ხელშეკრულება“ გამოაქვეყნეს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. უკრაინაში საომარი ქმედებების დაწყება რუსეთს რიგ ფინანსურ სანქციებად დაუჯდა, რაც, პუტინის თქმით, სხვა სახელმწიფოებთან, მათ შორის ჩინეთთან, ინდოეთთან და ირანთან სავაჭრო კავშირების გამყარების წინაპირობად იქცა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *