შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსული გაზის იმპორტის შეჩერება

შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსული გაზის იმპორტის შეჩერება

პუტინის რეჟიმი, მთავრობის დასაფინანსებლად და სამხედრო ოპერაციებისთვის, მნიშვნელოვანწილად ენერგიის ექსპორტზეა დამოკიდებული. რუსული ბიუჯეტის თითქმის ნახევარი წიაღისეული საწვავის ექსპორტზე  მოდის. რუსეთი, ყაზახეთთან და უზბეკეთთან ერთად, ურანის გლობალურად მოპოვების 50%-ზე მეტს იკავებს და ყველა ბირთვულ რეაქტორს, რომელთა მშენებლობაც 2019 წლიდან ჩინეთის გარეთ დაიწყო, რუსული მიმწოდებელი ჰყავს.

ამის მიუხედავად, რუსული ეკონომიკის საფრთხედ განახლებადი ენერგია იქცა, რომელსაც 2020 წელს ექსპლუატაციაში შესული ელექტროენერგიის წარმოების  სიმძლავრის 4/5 ეყრდნობა. რუსული წიაღისეული საწვავის ეკონომიკას ბატარეების გაიაფებაც ასუსტებს, რაც შიდაწვის  ძრავებზე მომუშავე ავტომობილების ელექტრომობილებით ჩანაცვლებას დააჩქარებს.

მაშინ როდესაც იაფი განახლებადი ელექტროენერგია წყალბადისა და სხვა საწვავების წარმოებისთვის გამოიყენება, მზისა და ქარის ენერგიის მოცულობიდან გამომდინარე, ნავთობისა და გაზის ჩანაცვლება შესაძლებელია. მსგავსი ალტერნატივები კი, განსაკუთრებით ევროკავშირის მასშტაბით, პრიორიტეტულია. მიუხედავად ამისა, სატრანსპორტო სექტორის ელექტრიფიკაციითა და ინდუსტრიული პროექტებით, ევროკავშირი კვლავ დამოკიდებული რჩება წიაღისეულ საწვავზე. ენერგოწარმოებისთვის საჭირო ბუნებრივი აირის 90% და ურანის 100% ევროკავშირისთვის იმპორტზე მოდის, რუსეთი კი წამყვანი მომწოდებელია.

რუსული ეკონომიკისთვის ენერგეტიკული შემოსავლის მნიშვნელობის მიუხედავად, სანქციები ენერგოსექტორს პირდაპირ არ შეხებია. როგორც ბაიდენი აღნიშნავს, მიზანი მათი ეკონომიკებისთვის ნაკლები ზიანის მიყენებით, რუსეთის ეკონომიკის დასუსტებაა. ეს პოზიცია თითქოსდა გონივრულია, თუმცა პუტინისთვის, ეკონომიკური სანქციების ფონზე, ენერგეტიკული შემოსავლები ომის გაგრძელების მთავარ წინაპირობად იქცევა.

ბევრი თვლის, რომ ევროკავშირისთვის რუსულ გაზზე უარის თქმა სერიოზული დარტყმა იქნება,  ეს გარკვეულწილად სიმართლეცაა. თუმცა ევროკავშირმა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების გეგმა უკვე წარადგინა, რომელიც წლის ბოლომდე, ეტაპობრივად, იმპორტის 70%-იან შემცირებას ითვალისწინებს.  IEA-ის ენერგეტიკული სააგენტოს ახალი ანგარიშით, ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ შესაბამისი პირობები რუსული გაზის იმპორტის ძლიერ შემცირებასთან გასამკლავებლად, მათ შორის გაზისა და ურანის საწვავის მარაგები. შესაძლებელია აშშ-დან და ახლო აღმოსავლეთიდან თხევადი გაზის იმპორტის გაზრდაც და რუსული გაზის იმპორტის ჩანაცვლებაც ისეთი ქვეყნებით, როგორიც ალჟირი და ნორვეგიაა.

ომის დასრულების შემთხვევაში, იმპორტისა და ფულადი ნაკადების განახლება სარგებლის მომტანი იქნება როგორც რუსეთისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. თუმცა ომის გაგრძელების შემთხვევაში, მომავალი ზამთარი ენერგომომარაგების მხრივ ბევრად უფრო რთული აღმოჩნდება. გაზის მარაგები შემცირდება, რუსული იმპორტის სხვა ქვეყნებით ჩანაცვლების შესაძლებლობაც ლიმიტირებულია. თუმცა ამჟამად ომი მიმდინარეობს და ევროპამ, ენერგორესურსების იმპორტის შეზღუდვით, აუცილებელია, სამომავლო ზარალის მიუხედავად, უკრაინისადმი მხარდაჭერა გამოხატოს.

მოკლევადიანი ზომები და სანაცვლოდ გაღებული მსხვერპლი კომბინაციაში უნდა იყო ელექტროენერგიის წარმოების დაჩქარებასთან, განახლებასა და გაფართოებასთან. ევროკავშირის „მწვანე შეთანხმება“ ძველი საცხოვრებელი სახლების გარემონტებასაც მოიცავს, რაც გაზის ქვაბების გამათბობელი ტუმბოებით ჩანაცვლებასაც ითვალისწინებს. „მწვანე შეთანხმების“ ფარგლებში ჩრდილოეთ ევროპაში ქარის ენერგიის სექტორი გაფართოვდება, რეგიონის სამხრეთ ნაწილში კი მზის ელექტროენერგია განვითარდება. ინვესტიციები განხორციელდება „შემნახველ ტექნოლოგიებშიც“, მათ შორის – მწვანე წყალბადში. შედეგად, რუსულ გაზზე დამოკიდებულებაც ეტაპობრივად შემცირდება.

დღეს პუტინს ორი ფარული სურვილიც ამოძრავებს: პოლიტიკური განხეთქილების გაღვივება და განახლებადი ენერგიის განვითარების შენელება. თუმცა ევროკავშირის მხრიდან ამის თავიდან აცილება რამდენიმე გზით ოსტატურადაა შესაძლებელი, ესენია: რუსეთში ეკონომიკური ნაკადების შეჩერება, რუსეთის ენერგიის გამოყენების შემცირება და ევროპაში განახლებადი ენერგიის ეფექტიანი სისტემის სწრაფი განვითარება.

 

სტატიის ორიგინალი გამოქვეყნდა EURACTV-ზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *