შრომის ინსპექცია - მიზანი, თუ საშუალება?

შრომის ინსპექცია - მიზანი, თუ საშუალება?

ყოველი საწარმოო უბედური შემთხვევა, რომელიც ბოლო წლებში მაღაროელების დაღუპვით ან დაშავებით დასრულდა, ცხარე დებატებისა და სჯა-ბაასის დაწყების საფუძველი ხდება ქვეყანაში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომატებული თუ მაღალი რისკის მქონე საწარმოებში უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტების არარსებობის, ან ამ სტანდარტების შემოღების გადაუდებელი აუცილებლობის თაობაზე. თავად ის ფაქტი კი, რომ შრომითი უსაფრთხოების სტანდარტი ქვეყანაში დაცული არ არის და შესაბამისი საკანონმდებლო უზრუნველყოფა დღემდე არ არსებობს, უდავოა. ამის შესახებ დღეს პრაქტიკულად არავინ კამათობს – არც ხელისუფლება, არც ბიზნესი და, მით უმეტეს, არც საზოგადოება და თავად დასაქმებულები.

ამ დებატების დაწყების ყოველი ახალი ტალღა, როგორც წესი, საბოლოო ჯამში მხოლოდ და მხოლოდ შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობის მოთხოვნამდე დადის, რომელმაც თითქოსდა უნდა დაარეგულიროს და მოაგვაროს აღნიშნული პრობლემა. ამის იქით რეალურად ვერ მივდივართ. ამ ერთი შეხედვით თითქოს დაუსრულებელ დავასა და “ბრძოლაში” შრომის ინსპექციის შექმნის საკითხი ყოველთვის ყალიბდება როგორც “მიზანი” და, სამწუხაროდ, ეს სახელმწიფო ინსტიტუცია პრაქტიკულად არასდროს (იშვიათი გამონაკლისების გარდა), როგორც ეფექტიანი “ინსტრუმენტი”, ან “საშუალება” კონკრეტული მიზნისა და შედეგის მისაღწევად, არ განიხილება.

უნდა ვაღიაროთ, თავად შრომის ინსპექცია ან მისი შექმნა-ამოქმედება არც პანაცეაა და არც გამოსავალი. პრინციპში – არც პრობლემის გადაწყვეტის საშუალება. მართალია, შრომის ინსპექციის ამოქმედება საქართველოსთვის ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა (ბუნებრივია, შესასრულებელი ვალდებულება), მაგრამ მხოლოდ შრომის ინსპექცია, ცალკე აღებული ინსტიტუცია, რა უფლებამოსილებითაც და, მით უმეტეს, რა პასუხისმგებლობითაც არ უნდა აღვჭურვოთ იგი, პრობლემის არსს ვერ შეცვლის. დღეს პრობლემა არის არა მაკონტროლებელი უწყების არსებობა- არარსებობა, ან სადამსჯელო ინსტრუმენტებისა და სანქციების ნაკლებობა, არამედ თავად სისტემის არარსებობა, რამაც, საბოლოო ჯამში, უნდა უზრუნველყოს პირველ რიგში შრომის უსაფრთხოების სტანდარტის შექმნა-ჩამოყალიბება და შემდგომ მისი აღსრულება. მხოლოდ ამ ერთიანი სახელმწიფო სტანდარტის, ანუ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი, ვისაუბროთ ამა თუ იმ სახელმწიფო უწყების ეფექტიანი მუშაობის პირობებსა და შესაძლებლობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ მხოლოდ სახელმწიფო უწყებას, რომელიც შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკისა და სახელმწიფოებრივი მიზნების, სახელმწიფოებრივი ინტერესის არარსებობის პირობებში ყოვლად უსარგებლო და მახინჯ ბიუროკრატიულ ინსტრუმენტად ჩამოყალიბდება. ინსტრუმენტად, რომელიც, საქმის კეთების ნაცვლად, ხელს უშლის ყველას და ყველაფერს. ანუ, კიდევ უფრო მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, აფუჭებს საქმეს.

აქედან გამომდინარე, არა თავად შრომის ინსპექციის შექმნა-არშექმნის, ან გაძლიერება-შესუსტების საკითხია დღეს აქტუალური, არამედ იმ სისტემის, ანუ სახელმწიფო პოლიტიკის შექმნა, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების სტანდარტის ჩამოყალიბება-განვითარებას. როცა ამ სისტემასა და შესაბამის სახელმწიფო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია, რომ იგი უნდა მოიცავდეს როგორც უსაფრთხოების ე.წ. ტექნიკურ რეგლამენტსა და სტანდარტს, რომელსაც უზრუნველყოფენ და დაიცავენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომატებული რისკის მქონე საწარმოები, ისე ე.წ. სოციალურ რეგლამენტსაც. ანუ, იმ აუცილებელი, მინიმალური სოციალური გარანტიებისა და სტანდარტების ერთობლიობას, რაც სავალდებულოდ შესასრულებელი იქნება ასეთი ტიპის საწარმოებისათვის საკუთარ თანამშრომლებთან შრომითი კონტრაქტების გაფორმებისა და შესრულების პროცესში. სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომატებული რისკის მქონე საწარმოებში დაქირავებით მომუშავეთათვის სოციალური რეგლამენტი შესაძლებელია მოიცავდეს, მაგალითად, ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა: სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის მინიმალური დაფარვის დონე; უწყვეტი სამუშაო ციკლის დასაშვები მაქსიმალური ხანგრძლივობა; ერთი სამუშაო ციკლის განმავლობაში შესვენების საათებისა და სამუშაო ცვლებს შორის დასვენების დღეების აუცილებელი მინიმალური ხანგრძლივობა და სხვა.

ზოგადად, შრომის ინსპექციის საკითხი ძალიან სენსიტიურია, რადგან იგი სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთობებში ახალი მარეგულირებელი უწყების გაჩენას ეხება. თავად ბიზნესის წარმომადგენლებს საკმაოდ ადეკვატური რეაქცია აქვთ ქვეყანაში მოქმედი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომატებული რისკის მქონე საწარმოებისათვის შრომის უსაფრთხოების სტანდარტის (როგორც ტექნიკური რეგლამენტის, ისე სოციალური რეგლამენტის) დაწესებასა და ამ სტანდარტის სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში შრომის ინსპექციის მიერ, კონტროლის განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხზე. მაგრამ შრომის ინსპექციის საქმიანობისა და მის მიერ კონტროლის განხორციელების არეალი (ე.წ. “ჩარჩო”) მკაცრად და ზედმიწევნით დეტალურად წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული – მისი კომპეტენცია და კონტროლი უნდა ვრცელდებოდეს მხოლოდ და მხოლოდ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომატებული რისკის მქონე საწარმოებზე სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტექნიკური და სოციალური რეგლამენტის (სტანდარტის) დაცვასა და შესრულებაზე და არა განურჩევლად ყველა ტიპის საწარმოზე. რაც შეეხება ზოგადად შრომითი უფლებების საკითხს, მაგალითად, დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის ან არაჯეროვნად შესრულების, ან სხვა მსგავსი საკითხების ირგვლივ წარმოშობილ დავას, ამ საკითხების გადაწყვეტა ექსკლუზიურად სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენს და კატეგორიულად მიუღებელია, რომ მსგავსი საკითხების “დარეგულირების” მიზნით შრომის ინსპექცია ყველა ტიპის საწარმოსა და ორგანიზაციაში ყოველი პრობლემური თუ სადავო ქეისის შემთხვევაში შედიოდეს და მათ კონტროლს ახორციელებდეს. დაბოლოს, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ უკლებლივ ყველა მხარე პრობლემის მიზეზს არა საკუთარ თავში, არამედ სხვაში ეძებს – დასაქმებულები და პროფესიული კავშირები ხელისუფლების გულგრილობასა და დამსაქმებლების მოჭარბებულ მერკანტილიზმში. შესაბამისად, აქცენტს შრომის ინსპექციის ვერ ან არ ფუნქციონირებაზე აკეთებენ; დამსაქმებლები ხშირ შემთხვევაში (თუ ყველა შემთხვევაში არა), პრობლემის მიზეზად დასაქმებულების მხრიდან უსაფრთხოების ნორმების დაუცველობასა და საქმისადმი ზერელე დამოკიდებულებას ასახელებენ; ხელისუფლებას მიაჩნია (ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე მიაჩნდა), რომ ეს მისი საქმე არ არის და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაღალი რისკის საწარმოებში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაზე თავად ბიზნესმა და პროფესიულმა კავშირებმა ერთობლივად უნდა იზრუნონ. და ასე გრძელდება წლიდან წლამდე. მოკლედ, ზუსტი და კვალიფიციური “დიაგნოზი” დღემდე არ გვაქვს. შესაბამისად, ამიტომაც ვერ ვპოულობთ გამოსავალს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *