როგორ განკარგავდა 2017 წელთან შედარებით 2018 წელს საქართველოს მოსახლეობა დამატებით 2 მილიარდ ლარს, 2019 წელს 4 მილიარდ ლარს და შემდეგ წლებში კიდევ უფრო მეტს თავისი შეხედულებებისამებრ? 2019 წელს ამ 4 მილიარდი ლარიდან, რას უზამდა საშუალო სკოლის წამყვანი პედაგოგი წელიწადში დამატებით 3,000 ლარს? რაში დახარჯავდა საშუალოსტატისტიკური ექიმი წელიწადში დამატებით 2,500 ლარს? უფრო მეტ პროდუქტს მოიხმარდნენ, უკეთესად დაისვენებდნენ თუ შვილებს უკეთეს განათლებას მისცემდნენ – ეს მათი გადასაწყვეტი იქნებოდა.
2017 წელს საქართველო ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით მსოფლიოში 105-ე ადგილზეა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვით (მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით). ჩვენ ისეთი ღარიბი ქვეყნებიც კი გვისწრებენ, როგორიცაა ტუნისი, ნაურუ, ნამიბია, ეკვადორი, კოსოვო, ვენესუელა, მონღოლეთი და სხვა. ტოპ-ოცეულის ბოლო ქვეყანა დანიაა. საშუალოსტატისტიკური დანიელი საშუალოსტატისტიკურ ქართველზე დაახლოებით 4.7-ჯერ მდიდარია. 2004 წლიდან მოყოლებული, საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 5.3%-ს შეადგენს, ხოლო 2013-2017 წლებში ეს რიცხვი 3.4% იყო. ასეთი ზრდით კი, მაგალითად, დანიის დღევანდელი ცხოვრების დონეს 78 წელიწადში ანუ 2095 წელს დავეწევით (საგულისხმოა, რომ დანიაც გააგრძელებს ეკონომიკურ ზრდას და მათი დონის მიღწევა კიდევ უფრო შორი პერსპექტივა ხდება).
ერთადერთი გამოსავალი, რომ „საშუალო“ ქართველმა იცხოვროს დაახლოებით ისე, როგორც დასავლეთ ევროპაში ცხოვრობენ, მაღალი ეკონომიკური ზრდა და შემოსავლების მატებაა. ეს კი პირდაპირაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენით გვბეგრავს მთავრობა და რამდენია ინვესტიციები ეკონომიკაში. სანამ დაბეგვრას შევეხებოდეთ, შეგახსენებთ, რომ ინვესტიციების ზომას მრავალი ფაქტორი ადგენს: გეოპოლიტიკური რისკებით დაწყებული, გადასახადების დონითა და სასამართლოს დამოუკიდებლობით დამთავრებული. თითქმის ყველა ასპექტში საქართველოს აქვს პრობლემები ან/და გამოწვევები. თუმცა ყველაზე დიდ რისკს სწორედ ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა ქმნის. იმისათვის, რომ ინვესტორმა ფულის ჩადებისას საქართველოზე შეაჩეროს არჩევანი, ის ისეთ სარგებელს უნდა ხედავდეს, რომელიც რისკებს გადაფარავს. ეს კი, სხვა თანაბარ პირობებში, არ მოხდება, თუ საქართველოს მხოლოდ კარგი, ბიზნესისთვის მიმზიდველი გარემო ექნება, რადგან ასეთი გარემოს ნახვა ინვესტორს შეუძლია იქაც, სადაც რისკები უფრო დაბალია. საქართველოს სჭირდება გამორჩეულობა, ექსტრაორდინარულობა და გარკვეულწილად რადიკალური ქმედებები. ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყანა არასაკმარისია, საჭიროა ინვესტიციებისთვის ყველაზე(!) მიმზიდველი ქვეყანა.
მოცემულ წერილში შევეხოთ მრავალი საჭირო გადაწყვეტილებიდან ერთს. ესაა საგადასახადო პოლიტიკა, კერძოდ, საქართველოში საშემოსავლო გადასახადისა და მოგების გადასახადის გაუქმება. ეს ნიშნავს, რომ დასაქმებულებს აღარ მოუწევთ გადასახადის გადახდა თავისი შრომის შესაბამისად და რაც მეტს იშრომებენ, მით მეტი ფული დარჩებათ იმისთვის, რომ საკუთარ თავსა და ოჯახებს მოახმარონ. ეს ნიშნავს ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებას და თითოეული მოქალაქის ჯიბეში მეტ ფულს.
თავშივე უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ რეფორმას სჭირდება უფრო მკვეთრი, ფართო და შრომატევადი კვლევა და რეგულაციური ანალიზი, ვიდრე მოცემული სტატიაა. სტატია ემსახურება ინიციატივას და ეყრდნობა შედარებით ზოგად მსჯელობასა და ლოგიკას.
თანამედროვე სამყაროში ორი ტიპის გადასახადი არსებობს. პირდაპირი და არაპირდაპირი. პირდაპირია გადასახადი, თუ ფიზიკური ან იურიდიული პირი იბეგრება მისი შემოსავლების პროპორციულად. საქართველოში ამის მაგალითებია საშემოსავლო გადასახადი, რომლითაც იბეგრებიან ფიზიკური პირები, და მოგების გადასახადი, რომლითაც მოგებაზე ორიენტირებული იურიდიული პირები იბეგრებიან. თითოეული მათგანის მეშვეობით მთავრობა საქართველოს მოსახლეობიდან, იღებს გარკვეული რაოდენობის სიმდიდრეს (რისგანაც შედგება საქართველოს ეკონომიკა) და შემდეგ თავისი შეხედულებებისამებრ ხარჯავს.
საშემოსავლო და მოგების გადასახადებიდან შემოსულობები ჯამურად 3.8 მილიარდი ლარია. თუ ვივარაუდებთ, რომ მოცემული ორი გადასახადიდან შემოსულობები 2019 წელს ისე გაიზრდება, როგორც საშუალოდ ბოლო წლების მანძილზე იზრდებოდა, მაშინ ეს რიცხვი დაახლოებით 4 მილიარდ ლარს გაუტოლდება. პირველივე წელს 4 მილიარდი ლარი ეკონომიკის სტიმულირებისთვის საკმაოდ მაღალი რიცხვია და შესაბამისად, ფისკალური შედეგიც მასშტაბური ექნება, თუმცა დღევანდელ დღეს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს 4 მილიარდი ლარი რომ დააკლოს მთავრობამ, საკმაოდ არარეალისტურია. მოცემულ ნაბიჯს დიდი პოლიტიკური ნება სჭირდება. არსებობს „თამამი“ და „ნაკლებად თამამი“ გზა იმისთვის, რომ საშემოსავლო და მოგების გადასახადები გაუქმდეს.
მოცემული გადასახადების გასაუქმებლად, თამამი და ეკონომიკურად ყველაზე გამართლებული გზაა გადასახადების ეტაპობრივი შემცირება ორი წლის მანძილზე ისე, რომ იმ ფისკალური სტიმულიდან, რასაც ეს ნაბიჯი მოიტანს, არც ერთი ლარი არ დაიკარგოს. ანუ ისე, რომ სხვა გადასახადებს არ შევეხოთ. პირველი, საიდანაც შესაძლებელია ხარჯების გამოთავისუფლება, ეს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ნაზრდია წლიდან წლამდე. კერძოდ, დაახლოებით 12.5-მილიარდლარიანი ხარჯვითი ბიუჯეტი ყოველწლიურად დაახლოებით 10%-ით იზრდება. ეს ნიშნავს, რომ თუ მთავრობა ხარჯებს გაზრდის მხოლოდ ისეთ კომპონენტებზე, როგორიცაა სოციალური პასუხისმგებლობებიდან წარმოშობილი აუცილებელი ხარჯები (მაგალითად, პენსიონერთა რაოდენობის ზრდა და მათთვის დამატებითი თანხა პენსიების გასაცემად), პირველ წელს სულ მცირე 1.1 მილიარდი ლარი შესაძლებელია მოხმარდეს გადასახადების შემცირებას. ეს კი ორი წლის მანძილზე გადასახადების გაუქმებისთვის საჭირო რესურსის დაახლოებით 50%-ია. დანარჩენი ორი მილიარდი ლარის შემცირება კი 12.5-მილიარდიანი ბიუჯეტიდან უნდა განხორციელდეს. ეს გულისხმობს არა მხოლოდ ისეთი ხარჯების შემცირებას, რომლებიც უყაირათოდ იხარჯება და იფლანგება, არამედ ისეთი ხარჯებისაც, რომლებიც ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა, და გადასახადების შემცირებიდან მიღებული სარგებელი უფრო მეტი ექნება ქვეყნის ეკონომიკას, ვიდრე მიღებულ საქონელსა თუ სერვისში დახარჯული ფულიდან. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია ინფრასტრუქტურული ხარჯების შემცირება. 2012 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 663 მილიონ ლარს ხარჯავდა, ხოლო 2018 წელს ეს ხარჯი 1,815 მილიონ ლარს შეადგენს. 2012 წლის მაჩვენებელს ინფლაციით თუ დავაკორექტირებთ, მაშინაც კი ერთი მოცემული სამინისტროს ხარჯები მილიარდი ლარით მეტი გამოდის. მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, რა უფრო მნიშვნელოვანია, ხარჯოს ფული ისეთ პროექტებზე, სადაც არა მხოლოდ ეკონომიკური ეფექტიანობაა დაბალი, არამედ რესურსის დიდი ნაწილი იფლანგება მათ შორის კორუფციულ გარიგებებში, თუ შეამციროს გადასახადები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკას არა მხოლოდ დიდ სტიმულს მისცემს, არამედ გრძელვადიან პერიოდში საბიუჯეტო შემოსავლებიც ეკონომიკის ნომინალური ზრდის პროპორციულად გაიზრდება.
მხოლოდ გადასახადების გადამხდელთა ფულის განკარგვის ცხრილში მოყვანილი თანხებიდანაა შესაძლებელი 300 მილიონ ლარზე მეტის აკუმულირება იმისათვის, რომ ეს თანხა გადასახადების შემცირებას მოხმარდეს. როგორც აღვნიშნეთ, არსებობს მეორე, “ნაკლებად თამამი” და შედარებით ნაკლები სარგებლის მომტანი გზაც. “ნაკლებად თამამი: გზა შედგება შემდეგი ნაბიჯებისგან.
1) მოცემული გადასახადები გაუქმების გადანაწილება 3 წელზე. ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობას წელიწადში 1.3 მილიარდი ლარის აკუმულირება მოუწევს. ყოველწლიური საბიუჯეტო ნაზრდიდან თანხის ნახევრის გაყინვა და გადასახადების შემცირება;
2) იმ გადასახადის გაორმაგება (და მთავრობას ამის მდიდარი გამოცდილება აქვს), რომლის გაზრდაც, დიდი ალბათობით, მომავალში მოგვიწევს და დამატებით, ამას რეფერენდუმი არ სჭირდება. ესაა აქციზის გადასახადი თამბაქოს ნაწარმზე, საიდანაც საბიუჯეტო შემოსავლები ყოველწლიურად 670 მილიონი ლარია. იმის მიუხედავად, რომ ნებისმიერი ტიპის გადასახადის (მათ შორის აქციზის) ზრდა ეკონომიკურად უარყოფითი შედეგის მომტანია, პირდაპირი გადასახადის შემცირებით გამოწვეული სარგებელი უფრო მეტია, ვიდრე მოცემულ შემთხვევაში თამბაქოზე აქციზის ზრდით გამოწვეული ზიანი.
როგორც ვხედავთ, ორივე გზით წასვლა საკმაოდ რეალისტურია, თუმცა „ნაკლებად თამამი“ გზით წასვლას ნაკლები პოლიტიკური კაპიტალი სჭირდება. ორივე შემთხვევაში, შედეგი პირდაპირი გადასახადების მთლიანი გაუქმება და ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი სტიმულის მიცემაა.
ბოლოს საჭიროა ისიც აღინიშნოს, რომ თანამედროვე სამყაროში, დედამიწაზე არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც მოცემული გადასახადებიდან ერთი მაინც ან ორივე არ გააჩნია. თუმცა ეს ამ ინიციატივის არა უარყოფითი, არამედ დადებითი მხარეა. ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, მოცემული გადაწყვეტილებით, საქართველო მსოფლიოში N1 ქვეყანა იქნება, სადაც ადამიანები არ დაიბეგრებიან პირდაპირი გადასახადებით. ეს ფაქტი შესაძლებელია საქართველოს სავიზიტო ბარათიც კი იყოს ინვესტორების თვალში.
დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთვის ის ეკონომიკური ზრდა, რაც უკანასკნელ წლებში მას აქვს, ძალიან დაბალია და აუცილებელია ზრდის ტემპის დაჩქარება. ამისათვის მრავალმხრივი რეფორმებია საჭირო, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინიციატივა შესაძლებელია მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების გაუქმება იყოს. ამ ნაბიჯით საქართველოს ეკონომიკასა და კერძო სექტორში საშუალოდ 4 მილიარდი ლარი დარჩება. ეს გამოიწვევს ხელფასების ზრდას დასაქმებულებისთვის, დანაზოგებისა და ინვესტიციების ზრდას საქართველოს მოქალაქეებისა და ბიზნესების მხრიდან და საბოლოოდ ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას. ამის განხორციელება ბევრნაირად შეიძლება, თუმცა ყველაზე რეალისტური და სარგებლიანი იქნება, თუ მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები ორი წლის მანძილზე ეტაპობრივად გაუქმდება. ამისათვის საჭიროა წლიდან წლამდე ბიუჯეტის ნაზრდის ერთ ნიშნულზე გაყინვა და მრავალი არაეფექტიანი საბიუჯეტო ხარჯის გაუქმება.
როგორ იხარჯება გადასახადის გადამხდელთა ფული?
2018 წლის საქართველოს ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯების ზოგიერთი მაგალითი.
ხარჯის დასახელება | თანხა (მლნ ლარი) |
ჯამურად სსიპ-ები და აიპ-ები | 2,000 |
დაგროვებითი პენსია | 80 |
საზოგადოებრივი მაუწყებელი | 52 |
შეღავათიანი აგროკრედიტი | 45 |
მეწარმეობის განვითარება | 41 |
ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი | 37.2 |
ღვინის ეროვნული სააგენტო | 25 |
აგროდაზღვევა | 9 |
დანერგე მომავალი | 8 |
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება | 5 |
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია | 4 |
დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად | 2.8 |
კონკურენციის სააგენტო | 2.1 |
ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაცია | 1.1 |
ქართული ჩაი | 0.9 |
სახელმწიფო ენის დეპარტამენტი | 0.5 |
მწერალთა სახლი | 0.41 |
მეცნიერების პოპულარიზაცია | 0.4 |
ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ნართები“ | 0.34 |
კულტურისა და სულიერების ცენტრი | 0.2 |
საქართველოს თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმი | 0.08 |