შუალედური არჩევნების შემდეგ ნავთობისა და საავიაციო საწვავის ფასები კვლავ არასტაბილურია | მიზეზები

შუალედური არჩევნების შემდეგ ნავთობისა და საავიაციო საწვავის ფასები კვლავ არასტაბილურია | მიზეზები

ფოტო: Getty Images

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნების შემდეგ ნავთობისა და საავიაციო საწვავის ბაზარზე ფასების კლების მოლოდინი თანდათან ქრება. ენერგეტიკული სფეროს ექსპერტთა შეფასებით, რესპუბლიკელთა მარცხმა ირანის ომის დასრულებისთვის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაზე ზეწოლა გაზარდა, თუმცა ეს გარემოება ენერგიაზე ფასების გრძელვადიან პერიოდში შემცირებას ვერ უზრუნველყოფს.

Argus US Jet Fuel Index-ის თანახმად, შუალედური არჩევნების შემდეგ, გასულ ოთხშაბათს, საავიაციო საწვავზე ფასმა ერთ დღეში 7%-ით იკლო. თუმცა ორშაბათისთვის თითქმის საწყის ნიშნულს დაუბრუნდა და არჩევნების დღის მაჩვენებელს მხოლოდ 1%-ით ჩამოუვარდებოდა.

როგორც ამერიკულ Forbes-თან საუბრისას მაკგილის უნივერსიტეტის საავიაციო რისკების მართვის ექსპერტმა ჯონ გრადეკმა განაცხადა, საავიაციო საწვავის ფასების კლების ტენდენციის შენარჩუნების პერსპექტივა არ არსებობს. მისივე განმარტებით, ნავთობისა და საავიაციო საწვავის ფასებზე მნიშვნელოვან გავლენას გეოპოლიტიკური დაძაბულობა ახდენს, რომელიც არჩევნების შემდეგაც არ შეცვლილა.

ენერგეტიკის ანალიტიკური კომპანია Wood Mackenzie-ს შეფასებით, 2027 წელსაც კი დიზელისა და საავიაციო საწვავის ფასები ომამდე გაკეთებულ პროგნოზებს შესაძლოა დაახლოებით 30%-ით აღემატებოდეს. მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, თუ ირანთან ომი დასრულდება.

რაც შეეხება ბენზინს, ორშაბათს აშშ-ში ერთი გალონი რეგულარი ბენზინის საშუალო ფასი $4-ზე ოდნავ დაბალი იყო. ერთი კვირის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 16%-ით დაეცა. თუმცა GasBuddy-ის ნავთობის ბაზრის ანალიტიკის ხელმძღვანელის, პატრიკ დე ჰაანის განმარტებით, ეს კლება ძირითადად სეზონურ ფაქტორებს უკავშირდება და არა არჩევნების შედეგებს. ჰაანის აზრით, ჯერ კიდევ გაურკვეველია, რამდენად მკაფიო გეგმა აქვს თეთრ სახლს ნავთობისა და საწვავის ფასების შესამცირებლად.

Pickering Energy Partners-ის დამფუძნებლის, დენ პიკერინგის შეფასებით, არჩევნების შემდეგ ნავთობის ბაზრის მყისიერი რეაქცია ნაადრევი იყო, რადგან პოლიტიკური დაპირისპირება და ირანის ქმედებები უახლოეს პერიოდში კვლავ გაურკვეველ პერსპექტივებს შექმნის. თავდაპირველი ვარდნა კი ზედმეტ ოპტიმიზმს ეფუძნებოდა.