ვინ არის ელის ჰუანგი? – ჩინელი ბიზნესმენი, რომელიც Nvidia-ს CEO-სთან კავშირში ფიგურირებს

ვინ არის ელის ჰუანგი? – ჩინელი ბიზნესმენი, რომელიც Nvidia-ს CEO-სთან კავშირში ფიგურირებს

ფოტო: Reuters

ჩინელი ბიზნესმენი ელის ჰუანგი, იგივე ჰუანგ ლე, წლების განმავლობაში ჩინეთის საფინანსო სექტორში საქმიანობდა, თუმცა ბოლო პერიოდში მისი სახელი ხელოვნური ინტელექტის ჩიპების გლობალურ ბაზარსა და Nvidia-ს აღმასრულებელ დირექტორ ჯენსენ ჰუანგთან დაკავშირებულმა მოვლენებმა მოაქცია ყურადღების ცენტრში.

Reuters-ის მიერ შესწავლილი 30-ზე მეტი საჯარო ფინანსური დოკუმენტის, კორპორაციული ჩანაწერისა და კომპანიის მასალის მიხედვით, ელის ჰუანგი შანხაის საინვესტიციო კომპანიაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა, მოგვიანებით კი სინგაპურში რეგისტრირებული ღრუბლოვანი გამოთვლების კომპანია Megaspeed International-ის მაკონტროლებელი აქციონერი გახდა.

ელის ჰუანგი ჯენსენ ჰუანგის ნათესავი არ არის. მისი სახელი Nvidia-ს ხელმძღვანელთან დაკავშირებულ სკანდალში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ხელისუფლება მას ჩინეთის სადაზვერვო სტრუქტურებთან კავშირსა და პეკინისთვის ინფორმაციის გადაცემაში ადანაშაულებდა. გამოცემის ცნობით, ქალი Nvidia-ს ხელმძღვანელთან დაახლოებასთან ერთად ამ საქმიანობასაც ეწეოდა. ჩინეთმა აღნიშნული ბრალდებები უარყო. როგორც Reuters-ი წერს, ამ საკითხზე თავად ელის ჰუანგის ადგილსამყოფელის დადგენა და მისგან კომენტარის მიღება ვერ მოხერხდა.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ Nvidia-ს დირექტორთა საბჭომ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მიმართ შესაძლო სადაზვერვო ოპერაციის შესახებ ცნობების დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს საფუძველი ივარაუდონ, თითქოს მომხდარის შედეგად ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან კომპანიის კომერციული საიდუმლოებები გამჟღავნდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც განაცხადა, რომ საკითხს გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) სწავლობს.

წაიკითხეთ ასევე: Nvidia ჰუანგზე გამოძიებას აწარმოებს – იყო თუ არა კომპანიის CEO ჯაშუშობის სამიზნე?

შანხაის საფინანსო სექტორიდან ხელოვნური ინტელექტის ჩიპების ბიზნესამდე

ჩინური ფინანსური გამოცემა Caixin-ის ინფორმაციით, ელის ჰუანგი დაახლოებით 42 წლისაა. ჩინური საინვესტიციო ფონდების მონაცემთა ბაზებისა და კერძო საინვესტიციო პლატფორმა Simuwang-ის პროფილის მიხედვით, მას საბანკო და საინვესტიციო მენეჯმენტის სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვს, კარიერის ადრეულ ეტაპზე კი სატელევიზიო ჟურნალისტიკაშიც საქმიანობდა.

Megaspeed International-ში ჩართვამდე ჰუანგი შანხაის საინვესტიციო კომპანია Shanghai Hexi Investment Management-ში მუშაობდა. კომპანიის ოფიციალურ WeChat-გვერდზე 2016-2017 წლებში გამოქვეყნებული რამდენიმე პოსტის მიხედვით, ის სხვადასხვა პერიოდში გენერალური დირექტორის მოადგილის, აღმასრულებელი დირექტორისა და საინვესტიციო გადაწყვეტილებების კომიტეტის წევრის პოზიციებს იკავებდა. ამავე ცნობებით, მანამდე ჰუანგი HSBC-ის ჰონგ-კონგის კერძო საბანკო მიმართულებასა და ჩინურ საინვესტიციო კომპანია CITIC Securities-ში მუშაობდა.

Reuters-ის მიერ შესწავლილი კომპანიის სავიზიტო ბარათის მიხედვით, ჰუანგი Shanghai Hexi Investment Management-ში პარტნიორისა და გენერალური მენეჯერის პოზიციასაც იკავებდა. თუმცა სააგენტოს ჟურნალისტებმა შანხაის ფინანსურ რაიონში მითითებულ მისამართზე კომპანიის მოქმედი ოფისი ვერ აღმოაჩინეს. HSBC-სა და CITIC Securities-ს სააგენტოს შეკითხვებზე პასუხი არ გაუციათ.

2023 წლის მარტში ელის ჰუანგი Megaspeed International-ის მაკონტროლებელი აქციონერი გახდა. ეს ინფორმაცია ვაშინგტონში დაფუძნებულმა კვლევითმა ორგანიზაცია C4ADS-მა კორპორაციული ჩანაწერების შესწავლის საფუძველზე დაადგინა. კომპანია, რომელიც 2015 წელს სინგაპურში 7Road International-ის სახელით დარეგისტრირდა, ღრუბლოვანი გამოთვლების მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს და საკუთარ ვებგვერდზე თავს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში Nvidia-ს ბიზნესპარტნიორად წარმოაჩენს.

C4ADS-ის ინფორმაციით, ჰუანგი 2023 წლის მარტიდან ნოემბრამდე Megaspeed-ის ინდონეზიური შვილობილი კომპანიის დირექტორისა და მმართველი დირექტორის პოზიციებსაც იკავებდა.

2024 წელს ტაივანური სერვერების მწარმოებელი Gigabyte-ის მიერ Computex-ის ტექნოლოგიური გამოფენის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე ელის ჰუანგი და ჯენსენ ჰუანგიც იმყოფებოდნენ. Reuters-ის ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ისინი ერთ ღონისძიებაზე იყვნენ და LinkedIn-ზე გამოქვეყნებულ ფოტოშიც ერთმანეთის გვერდით სხედან. Gigabyte-ი ხელოვნური ინტელექტის სერვერებს აწარმოებს, რომლებიც Nvidia-ს ჩიპებს იყენებს.

Megaspeed-ის საქმიანობა აშშ-ის ყურადღების ცენტრში

Megaspeed-მა აშშ-ის ხელისუფლების ყურადღება 2025 წლის ოქტომბერში მიიპყრო. The New York Times-მა მაშინ დაწერა, რომ კომპანია გამოძიების ფარგლებში მოხვდა, რომლის მიზანიც იმის დადგენა იყო, ეხმარებოდა თუ არა ის ჩინელ მომხმარებლებს Nvidia-ს მოწინავე ჩიპების მოპოვებაში, რომელთა ექსპორტზეც ვაშინგტონს შეზღუდვები აქვს დაწესებული.

Reuters-ის მიერ ImportGenius-ის სავაჭრო მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ Megaspeed-ის ინდონეზიურ შვილობილ კომპანიას 2024-2026 წლებში Nvidia-ს აპარატურა, მათ შორის H100-პროცესორები და შესაბამისი კომპონენტები, შეჰქონდა. მიწოდებები სხვადასხვა მომწოდებლისგან ხორციელდებოდა, მათ შორის Gigabyte-ის შვილობილი კომპანია Giga Computing-ისგან.

H100 Nvidia-ს ერთ-ერთი მოწინავე პროცესორია, რომლის ჩინეთში ექსპორტიც აშშ-ის შეზღუდვებს ექვემდებარება. თუმცა Reuters-ი ხაზს უსვამს, რომ ინდონეზიაში ამ ტექნიკის მიწოდება თავისთავად არ ადასტურებს აშშ-ის საექსპორტო წესების დარღვევას. ამ დრომდე საჯაროდ არ დადასტურებულა, რომ Megaspeed-მა აღნიშნული შეზღუდვები დაარღვია.

კომპანიის საკუთრების სტრუქტურაც შეიცვალა. C4ADS-ის ინფორმაციით, 2023 წლის ბოლოს Megaspeed-ის აქციები სინგაპურში რეგისტრირებულ კომპანია SwiftData-ს გადაეცა, რომელიც კომპანიის 10 მილიონ ჩვეულებრივ აქციას სრულად ფლობს. კვლევითმა ორგანიზაციამ ვერ დაადგინა, ვინ აკონტროლებს საბოლოოდ SwiftData-ს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ელის ჰუანგს Megaspeed-ზე გავლენა აქციების გადაცემის შემდეგაც შეენარჩუნებინა. ამის ერთ-ერთი საფუძველი ის არის, რომ სხვადასხვა ღონისძიებაზე ქალი კომპანიის თავმჯდომარედ იყო წარმოდგენილი.

აშშ-ის კანონმდებლები Nvidia-ს ხელმძღვანელისგან პასუხებს ელიან

ელის ჰუანგისა და ჯენსენ ჰუანგის კავშირების შესახებ გავრცელებულმა ცნობებმა აშშ-ის კანონმდებლების ყურადღებაც მიიპყრო. მათ Nvidia-ს ხელმძღვანელისგან განმარტებები მოითხოვეს. მთავარი კითხვებია, იცოდა თუ არა მან სავარაუდო სადაზვერვო საქმიანობის შესახებ და ხომ არ მოხვდა უცხო ქვეყნის ხელში კომპანიისთვის ან ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

საკონსულტაციო კომპანია The Asia Group-ის პარტნიორის, ჯორჯ ჩენის შეფასებით, შესაძლებელია, თავად ჯენსენ ჰუანგიც უცხოური სადაზვერვო ოპერაციის სამიზნე ყოფილიყო, თუ მას ქალის ნამდვილი ვინაობისა და განზრახვების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

Nvidia-ში აცხადებენ, რომ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ყოველწლიურად ათასობით პარტნიორი კომპანიის ხელმძღვანელს ხვდება. კომპანიის განმარტებით, აზიაში მოქმედი ღრუბლოვანი მომსახურების პარტნიორები ჩვეულებრივ ბიზნესინფორმაციას იღებენ და არა კომერციულ საიდუმლოებებს ან აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან მონაცემებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ ჯენსენ ჰუანგს პირადად ესაუბრა. მისი თქმით, Nvidia-ს ხელმძღვანელმა უთხრა, რომ არ იცოდა, ქალი ჯაშუში თუ იყო. ტრამპმა აღნიშნა, რომ აღნიშნული ბრალდებებით გაოცებული დარჩა.

თავად ჯენსენ ჰუანგმა კვირას თანამშრომლებისთვის გაგზავნილ განცხადებაში მეუღლისადმი ღალატი აღიარა, თუმცა ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მხარდაჭერისადმი ერთგულებას.

წაიკითხეთ ასევე: განქორწინების შემთხვევაში ჰუანგის ცოლმა შესაძლოა მისი $155-მილიარდიანი ქონების ნახევარი მიიღოს

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი