შვედეთის მთავრობა, 2045 წლისთვის, სულ მცირე ათი სტანდარტული ბირთვული რეაქტორის, ან უფრო მეტი, მცირე მოდულური ეკვივალენტის მშენებლობას გეგმავს. ნავარაუდებია, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მომდევნო 20 წლის განმავლობაში გაორმაგდება.
კლიმატისა და გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებით, ახალი ბირთვული რეაქტორების მშენებლობისთვის, შვედეთის გარემოს დაცვის კოდექსის ცვლილებაც განიხილება. მოქმედი რეგულაციებით, ქვეყანას მაქსიმუმ ათი ბირთვული რეაქტორის განთავსების უფლება აქვს, ახალი რეაქტორების მშენებლობა კი, მხოლოდ უკვე არსებულ ობიექტებზეა შესაძლებელი. მინისტრი იმედოვნებს, რომ მარეგულირებელი წესდების ცვლილებები ბირთვულ ენერგიაში ახალ ინვესტიციებს მოიზიდავს.
გარდა ამისა, განიხილება ახალი რეგულაციების შემოღებაც, რომელიც შვედეთში, მცირე მოდულური რეაქტორების (SMRs) მშენებლობას დაუშვებს. სამინისტროს განცხადებით, შვედეთში მოქმედი რეგულაციები უნდა გადაიხედოს და სხვა ქვეყნების ტექნოლოგიური მიღწევები მათთანაც უნდა დაინერგოს. შესაძლო ცვლილებებზე შვედეთის პარლამენტი შემოდგომაზე იმსჯელებს.
ექსპერტების ვარაუდით, მრეწველობისა და ტრანსპორტის ელექტრიფიკაციის გავლენით, შვედეთში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მომდევნო 20 წელიწადში გაორმაგდება. ამჟამად, განსაკუთრებით ზამთარში, შვედეთს ელექტროენერგიის იმპორტზეა დამოკიდებული, მათ შორის პოლონეთიდან, წყალქვეშა კაბელების საშუალებით. შვედეთს ექვსი მოქმედი ბირთვული რეაქტორი აქვს, რომლებიც ქვეყნის ენერგოწარმოების 30%-ს შეადგენს.