GM-ი სრულად ელექტრო Cadillac Escalade-ს გამოუშვებს

GM-ი სრულად ელექტრო Cadillac Escalade-ს გამოუშვებს

ამერიკული კომპანია GM-ი, ლეგენდარული მოდელის, Cadillac Escalade-ის სრულად ელექტროვერსიის წარმოებას გეგმავს. ახალი ელექტრო Cadillac Escalade-ის ღირებულება $130,000-დან დაიწყება და ის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ელექტრომობილი იქნება.

Cadillac-ის საწარმოო ხაზის გაელექტროება GM-ის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს. კომპანიას სურს, 2030 წლისთვის მხოლოდ ელექტრო Cadillac-ები აწარმოოს, რითაც იმ მომხმარებლების დაბრუნებას შეეცდება, რომელთაც Tesla და სხვა უცხოური ავტომწარმოებლები აირჩიეს. ამჟამად დღის წესრიგში მომდევნო 24 თვის განმავლობაში 3 ელექტრომოდელის წარმოებაა.

GM-ს უკვე აქვს ერთი დიდი გაბარიტების ელექტრო-SUV, HUMMER EV, რომელიც მომხმარებლებისათვის $100,000 დოლარიდანაა ხელმისაწვდომი. თუმცა, GM-ის პრეზიდენტის, მარკ როისის განმარტებით, ახალი EscaladeIQ მომხმარებლების სხვა სეგმენტზე იქნება გათვლილი. მას ერთი სრული დამუხტვით 725 კილომეტრის გავლა შეეძლება.

ახალი ელექტრო Cadillac EscaladeIQ-ს წარმოება მომავალი წლისთვისაა დაგეგმილი. ცნობისათვის, Escalade Cadillac-ის ყველაზე მომგებიანი მოდელია. მისი გამოშვება ავტომწარმოებელმა 1998 წლიდან დაიწყო. ახალი ელექტრო Cadillac-ი ძველ, შიდაწვის ძრავიან მოდელთან ერთად გაიყიდება, რომლის ღირებულებაც ახლა $81,000-დან იწყება.

შეგახსენებთ, General Motors-ი Cadillac-ს 1909 წლიდან ფლობს.