შვეიცარიის ეროვნული ბანკი რეკორდულ $143-მილიარდიან ზარალზეა

შვეიცარიის ეროვნული ბანკი რეკორდულ $143-მილიარდიან ზარალზეა

2022 წელს შვეიცარიის ეროვნული ბანკი $143-მილიარდიან ზარალზე გავიდა, რაც აღნიშნული საფინანსო ინსტიტუტის არსებობის 115-წლიან ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

ცენტრალური ბანკის (SNB) ზარალი, ბუნებრივია, არა საოპერაციო ხარჯებით, არამედ იმ ფასიანი ქაღალდების, აქციების, ობლიგაციებისა და აქტივების გაუფასურებითაა განპირობებული, რომელსაც ბანკი ფლობს.

შედარებისთვის, 2021 წელი ცენტრალურმა ბანკმა $28-მილიარდიანი მოგებით დაასრულა.

SNB-ის წარმომადგენლობის განმარტებით, გლობალური მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებისა და მსოფლიო მასშტაბით მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე, მკვეთრადაა შემცირებული თითქმის ყველა საფონდო ინდექსისა და სახაზინო ობლიგაციის ღირებულება, რაც ბუღალტრულ ანგარიშგებაში შვეიცარიის ეროვნული ბანკის საინვესტიციო პორტფელზე ნეგატიურად აისახება.

რეკორდული ზარალის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკს ლიკვიდურობის კრიზისი ან გაკოტრება არ ემუქრება, რადგან შვეიცარიულ ფრანკზე მოთხოვნა ისევ მაღალ ნიშნულზეა – ის მსოფლიოს რიგით მერვე ყველაზე მოთხოვნადი ვალუტაა. გარდა ამისა, ეროვნული ბანკი ტრილიონამდე დოლარის ღირებულების რეზერვებს ფლობს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *