გარეთ ბეილმა კარიერა დაასრულა

გარეთ ბეილმა კარიერა დაასრულა

33 წლის უელსელმა ფეხბურთელმა, გარეთ ბეილმა პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ სპორტსმენმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ფრთხილი და გააზრებული განსჯის შემდეგ გაცნობებთ, რომ საკლუბო და სანაკრებო კარიერას ვასრულებ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ავიხდინე ოცნება, მეთამაშა სპორტის იმ სახეობაში, რომელიც მიყვარს“, – აცხადებს უელსის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი.

შეგახსენებთ, გარეთ ბეილმა პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა ინგლისში, „საუთჰემპტონის“ რიგებში დაიწყო. მისი კარიერის ძირითადი წლები „ტოტენჰემ ჰოტსპურსა“ და მადრიდის „რეალს“ უკავშირდება. ამ უკანასკნელთან ერთად უელსელმა ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ, ესპანეთის ჩემპიონატი 3-ჯერ, UEFA-ს სუპერ თასი 3-ჯერ და კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი ტიტული მოიგო.

გარეთ ბეილმა კარიერის ბოლო პერიოდი აშშ-ის ჩემპიონატში, MLS-ის კლუბ „ლოს-ანჯელესში“ გაატარა.

ცნობისთვის, ბეილის საბაზრო ღირებულება კარიერის დასრულებისას 2 მილიონ ევროს შეადგენდა. აღნიშნულმა მაჩვენებელმა მისი კარიერის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს, 90 მილიონ ევროს 2016 და 2018 წელს მიაღწია.

საკლუბო ჩემპიონატებში გარეთ ბეილს საერთო ჯამში 554 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელთა განმავლობაში 186 გოლის გატანა შეძლო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *