ბენზინი, გაზი, დიზელი, ნავთი, ელექტროენერგია თუ წყალბადი – როგორი იქნება ავტომობილების მომავალი? რა ტიპის საწვავს გამოიყენებენ მანქანები დაახლოებით 10 წელიწადში?
პირველ რიგში, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსუბუქ ავტომობილებში წიაღისეული საწვავის, ანუ ბენზინისა და დიზელის ეპოქა სამუდამოდ მთავრდება და ეს გარდაუვალია, ამის გარანტია ევროკავშირის მიერ მიღებული ახალი აკრძალვა, რომელიც ძალაში 2035 წლიდან შევა. მიუხედავად ამისა, მაინც ჩნდება შეკითხვა, აქვს თუ არა მომავალი შიდაწვის ძრავს, ანუ ისეთ აგრეგატს, რომელიც ენერგიას არა პირდაპირ ბატარეიდან, არამედ საწვავიდან იღებს.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ელექტრო მოტორის მიერ პირდაპირ ბატარეებიდან ენერგიის მოხმარება ყველაზე ეფექტიანი გზაა და ამ დროს ენერგიის უდანაკარგო, თითქმის 98%-იანი ათვისებაა შესაძლებელი, განსხვავებით შიდაწვის ძრავისა და ტრადიციული საწვავისგან, რომლის შემთხვევაშიც ენერგიის თითქმის 70% უბრალოდ ჰაერში იფლანგება. ეს ფაქტი იმას ცხადყოფს, რომ ელექტრომობილი ყოველთვის უფრო ეკონომიკური და ენერგოეფექტური იქნება, ვიდრე მისი ტრადიციული ალტერნატივა.
ამ უპირატესობის მიუხედავად, ელექტრომობილებს მაინც აქვთ გარკვეული მინუსები, მაგალითად: შორ მანძილზე გადაადგილებისათვის აუცილებელია დიდი ბატარეა, რომელიც საკმაოდ იშვიათ ბუნებრივ რესურსებს, მათ შორის, ლითიუმს მოიხმარს, რომლის წარმოება თავის მხრივ სერიოზულ ზიანს აყენებს ბუნებას. ზოგადად, დიდი ბატარეა სამ პრობლემას წარმოშობს: ზედმეტ წონას, წარმოების მაღალ ფასს და დატენის დიდი დროს.
რა ხდება მაშინ, როდესაც ტვირთი შორ მანძილზეა გადასაზიდი და თანაც ამ გზაზე ელექტრო დამტენები არ არის დამონტაჟებული? ეს ის პრობლემაა, რომელსაც ელექტროენერგია ვერ აგვარებს, თუმცა არსებობს კიდევ ერთი ალტერნატივა – სინთეტიკური საწვავი.
ბენზინისა თუ დიზელისგან განსხვავებით, სინთეტიკური საწვავი არაა წიაღისეული წარმოშობის და მისი მიღება ნახშირბადის მონოქსიდის წყალბადის სინთეზის შედეგადაა შესაძლებელი. თავად ეს პროცესი საკმაოდ არაენერგოეფექტურია, უფრო კონკრეტულად 100 კილომეტრის გადაადგილებაზე სინთეტიკურ საწვავზე მომუშავე ავტომობილი ხუთჯერ მეტ ენერგიას დახარჯავს, ვიდრე ეს ელექტრომობილს დასჭირდება.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, გერმანიისა და იტალიის დაჟინებული მოთხოვნით, ევროკავშირმა სინთეტიკურ საწვავზე მომუშავე ძრავებისთვის გამონაკლისი დაუშვა და 2035 წლიდან მათი გაყიდვა აღარ აიკრძალება. გარდა ამისა, სინთეტიკურ საწვავზე Porsche საკმაოდ დიდ ფსონსაც დებს და ამ ტექნოლოგიის განვითარებაზე მილიარდობით დოლარსაც ხარჯავს.
რა უპირატესობები აქვს სინთეტიკურ საწვავს? – პირველ რიგში, ასეთი საწვავი ეკომეგობრულია, რადგან ის არ გამოყოფს ემისიებს; მეორე უპირატესობა მის ფიზიკურ მდგომარეობას უკავშირდება, სინთეტიკური საწვავი ჩვეულებრივ ავზში ინახება, ანუ მისი ტრანსპორტირება მარტივია, გადაადგილების შემდეგ გასამართ სადგურზე ავზის შევსება კი – გაცილებით სწრაფი და მარტივი, ვიდრე ეს ელექტრომობილების შემთხვევაშია შესაძლებელი. ასეთი თვისებები კი ძირითადად არა მსუბუქ ავტომობილებს, არამედ სატვირთოებს, ტრაილერებს, ტვირთმზიდებს, გემებს, ხომალდებს და თვითმფრინავებს სჭირდებათ. სწორედ ამ ფაქტის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სინთეტიკური საწვავის ძირითადი ადგილი კომერციულ ტრანსპორტში იქნება და არა კერძო ავტომობილებში.