სიცოცხლის შემქმნელთა გუნდი

სიცოცხლის შემქმნელთა გუნდი

აქ წარმატებას თავისი საზომი აქვს – მათ ხელში დაბადებულ ახალშობილთა რაოდენობა. ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი GGRC თავისი არსებობის მეხუთე წელს სიახლეებით იწყებს: 2024 წლის იანვრიდან ერევანში ახალი კლინიკაც გაიხსნება. GGRC ARMENIA საერთაშორისო გაფართოების პირველი ნაბიჯია და ეს კლინიკური დირექტორის, ნინო მუსერიძის, გენერალური დირექტორის, გიორგი არჩვაძის, ფინანსური დირექტორის, გიორგი ჩაბაკაურისა და ჯიჯიარსიელთა მორიგი გამარჯვებაა.

2,000 ბავშვი, მათგან 745 ახალი სიცოცხლე ფონდის –  „შენთვის“ – სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში თანადაფინანსებით – ასეთია ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრ GGRC-ის ოთხწლიანი სტატისტიკა. ერთი შეხედვით, მშრალი სტატისტიკაა, თუმცა მის უკან ექიმებისა და მენეჯერების დიდი შრომა, თანამედროვე ტექნოლოგიებთან ხელმისაწვდომობა, სამედიცინო-სამეცნიერო სამუშაო და უშვილო წყვილების განცდებით სავსე პერიოდი დგას.

ემბრიოლოგმა, პათომორფოლოგმა ნინო მუსერიძემ 2019 წლის აგვისტოში, როგორც თვითონ ამბობს, „გზადაგზა გაცნობილ პროფესიონალებთან“ ერთად არენდირებულ შენობაში რეპროდუქციული კლინიკა გახსნა. უფრო ადრე კი, როცა მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ინ ვიტრო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, უშვილო წყვილების მხარდასაჭერად საქველმოქმედო ფონდი „შენთვის“ დააფუძნა. ეს იყო მედიცინაში ახალი სტანდარტის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დამკვიდრების, იმავდროულად, რეპროდუქციული მედიცინის სფეროში თანადაფინანსების პირველი პრეცედენტის შექმნის, პირველი აგურის დადების მცდელობა იმ კედლის მშენებლობაში, რომელსაც ქართული დემოგრაფია შეიძლება ვუწოდოთ.

„რატომ ეს სფერო? იმიტომ, რომ სიცოცხლეს ეხები. დაბადებული ბავშვი – ეს ჩვენი საქმიანობის საუკეთესო შედეგია, იმედდაკარგულ ადამიანებს უბრუნებ იმედს და ამავდროულად მნიშვნელოვან ეროვნულ საქმეს აკეთებ“, – მეუბნება ნინო მუსერიძე, რომელიც, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, თითოეულ პაციენტში საკუთარ თავს ხედავს და უშვილობის ოთხწლიანი პერიოდი მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანებთან ერთად შედეგის მისაღებად ბრძოლისთვის განაწყობს.

რეპროდუქციული მედიცინა, რომელიც ინ ვიტრო განაყოფიერებას, სუროგაციას, უშვილობის დიაგნოსტიკა-მკურნალობას მოიცავს, მთელ მსოფლიოში ჯანდაცვის პოლიტიკისა და საზოგადოებრივი აღქმის დონეზე, რბილად რომ ვთქვათ, რთული და მგრძნობიარე თემაა, იწვევს აზრთა სხვადასხვაობას და ამ დროს, არცთუ იშვიათად, ექიმის კეთილსინდისიერება გადამწყვეტია. „სამეცნიერო თვალსაზრისით, ძალიან სწრაფად განვითარდა ეს სფერო. გარდა ამისა, ნამდვილად გაზრდილია უშვილო წყვილთა რაოდენობა და, შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნაც. ასეთ დროს რთულია სფეროს სრულყოფილად რეგულირება, ჩნდება კითხვები, უნდობლობაც. ერთ დროს გინეკოლოგიაში ლაპარასკოპიის დამკვიდრებასაც მოჰყვა ორაზროვნება, მაგრამ დღეს ის აღარავის უკვირს, ონკოლოგიაშიც წარმატებით გამოიყენება“, – სიახლეების მიმართ უნდობლობით ხსნის ნინო მუსერიძე ინ ვიტრო განაყოფიერებისადმი შეთქმულების თეორიების არსებობას.

საქართველოში ეს დარგი ამჟამად ახალი საკანონმდებლო რეგულაციების მოლოდინშია. თუ ინიციირებულ ვარიანტს პარლამენტი კანონად აქცევს, სუროგაციის მიმართ „მეგობრულად განწყობილი“ ქვეყნების სიიდან საქართველომ შესაძლოა იმ ქვენების რიგში გადაინაცვლოს, სადაც სუროგაცია აკრძალულია, ინ ვიტრო განაყოფიერება კი მკაცრი რეგულაციების ქვეშ ექცევა.

მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში დასაშვებია გესტაციური სუროგაცია – სუროგატ დედას გენეტიკური კავშირი არ აქვს ბავშვთან, კვერცხუჯრედი ეკუთვნის პოტენციურ დედას ან დონორს, ან პროცედურაში გამოყენებულია პოტენციური მამის ან დონორის ბიოლოგიური მასალა. ხოლო ალტრუისტული სუროგაცია, რომელზეც სახელმწიფომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, გულისხმობს სუროგატი დედის მიერ ანაზღაურების გარეშე, უანგაროდ ბავშვის გაჩენას.

GGRC ქართველ სუროგატ დედებთან არ მუშაობს. როგორც კლინიკის გენერალური დირექტორი გიორგი არჩვაძე ამბობს, „უცხოელ პაციენტებს, კლინიკაში მოსვლისას, უკვე შერჩეული ჰყავთ სუროგატი დედები“, ადგილზე მხოლოდ ექსტრაკორპორული განაყოფიერების იგივე ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურა ტარდება. „თუ სახელმ­წიფოს სურს, რომ სუროგაცია აიკრძალოს, ჩვენ არ ვართ ამის წინააღმდეგი. ჩვენთვის მთავარია, რომ როგორც ქართველი, ისე უცხოელი პაციენტის მკურნალობის უფლება გვქონდეს“, – ამბობს გიორგი არჩვაძე.

და მაინც, როგორც კლინიკის ფინანსური დირექტორი გიორგი ჩაბაკაური მეუბნება, ერევანში კლინიკის გახსნის ინიციატივა საკანონმდებლო ცვლილებების მოლოდინმა დააჩქარა. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც პოსტსაბჭოთა სივრცეში რეპროდუქციული მიმართულებით ორი ჰაბი – უკრაინა და რუსეთი – 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული ომის გამო თავის პოზიციებს თმობს.

„უკრაინაში ომის გამო თითქმის 40% -ით გაიზარდა ჩვენს კლინიკაში მომართვიანობა. თუ რეპროდუქციული მედიცინა საქართველოშიც აიკრძალება, ერევანი გახდება ჰაბი“, – ამბობს გიორგი ჩაბაკაური.

800 000 დოლარის ინვესტიციით, ერევანში რეპროდუქციული კლინიკის, GGRC Armenia-ს გახსნა 2024 წლის იანვარშია დაგეგმილი.

გენერალური დირექტორის გიორგი არჩვაძის თქმით, კლინიკის გახსნამდე სრულყოფილად შეისწავლეს სფეროს მარეგულირებელი სომხეთის კანონმდებლობა, რომელიც საქართველოში ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის მსგავსია, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ბიზნესის განვითარებისა და დემოგრაფიული სალდოს გაუმჯობესებისთვის.

„ჩვენ ისრაელსა და აშშ-ში გვყავს პარტნიორები, გვაქვს ლიცენზიები, რომელთა საფუძველზეც ისრაელთან და ამერიკასთან ვთანამშრომლობთ. თუ საქართველოში ეს სფერო აიკრძალება, პარტნიორს მომსახურებას ვერ გავუწევთ. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ყურადღება ერევანზე შევაჩერეთ“, – ამბობს გიორგი არჩვაძე.

შესაბამისად, კლინიკას კვლავ ექნება ლიცენზია, ოღონდ სომხეთში მიღებული და ვინაიდან, ნინო მუსერიძის თქმით, სომხეთში მედიცინის ეს სფერო განვითარებად საფეხურზეა, „სტაფი ძირითადად დაკომპლექტდება ჩვენი ემბრიოლოგებითა და ექიმებით. ამასთან, ვაპირებთ ადგილობრივი ექიმების გადამზადებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას“.

ტრენინგები, საერთაშორისო კონფერენციები საქართველოში და საზღვარგარეთ, მოქმედი ექიმებისა და რეზიდენტების გადამზადება GGRC-ის საქმიანობის კიდევ ერთი მიმართულებაა.

კლინიკის მმართველი გუნდი ექიმების მუდმივი განვითარებისთვის მედპერსონალს, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, წელიწადში რამდენჯერმე საერთაშორისო სტაჟირებას სრულად უფინანსებს. „წელს ექვსი ექიმი იყო წასული დანიაში, კოპენჰაგენში ESHRE-ის (რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ევროპული საზოგადოება) კონფერენციაზე. ჩვენი კლინიკა იყო პირველი ქართული წარმომადგენლობა ყაზახეთში, ალმატიში გამართულ კონფერენციაზე. ახალგაზრდა ექიმები გვყავდა მივლენილი კაიროს საერთაშორისო კონფერენციაზეც. ამსტერდამში ჩვენი ემბრიოლოგი მოხსენებით გამოვიდა“, – ამბობს გიორგი არჩვაძე.

„მე დაინტერესებული ვარ, რომ ექიმი არა მხოლოდ მუშაობდეს და შინ მიდიოდეს, არამედ ის ვითარდებოდეს, იღებდეს მონაწილეობას კვლევებში“, – ნინო მუსერიძის ამ ინტერესის რეალიზებისთვის, კლინიკის ყველა ექიმს, ასევე, რეპროდუქტოლოგიის სფეროში მომუშავე ყველა ქართველ ექიმს საშუალება აქვს, უფასოდ დაესწროს თბილისში GGRC-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას, რომლის ღირებულებაც უცხოელი სპეციალისტებისთვის 200 ევროს შეადგენს, თუმცა ეს ღირებულება გაცილებით იაფია საერთაშორისო ფასზე, რომელიც საშუალოდ 700-750 ევროს შეადგენს. კონფერენციის პარალელურად, მესამე წელია, გამოიცემა სამედიცინო ჟურნალი Medical Times-ი.

„წლევანდელი კონფერენცია ონკოფერტილობას ეხებოდა, მომავალი წლის თემები იქნება თრომბოფილიები, შეწყვეტილი ორსულობების პრობლემები. კონფერენცია თბილისში 21-22 სექტემბერს გაიმართება“, – ამბობს ნინო მუსერიძე.

საგანმანათლებლო მიმართულებით მნიშვნელოვანი იყო თბილისის სამედიცინო აკადემიასთან ერთად რეზიდენტურის პროგრამის აკრედიტაცია. მომავალი წლის თებერვლიდან პროფესორი ნინო მუსერიძე ხუთი ან ექვსი რეზიდენტის მიღებას შეძლებს. „ჩვენ ვიქნებით აკადემიის სამედიცინო ბაზა, ამ ბაზაზე რეზიდენტები შეძლებენ ისწავლონ რეპროდუქტოლოგია და გაეცნონ ინ ვიტრო განაყოფიერების როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ გაიდლაინებს“.

მისი სურვილია საერთაშორისო ტრენინგცენტრის შექმნა, სადაც გაიცემა საერთაშორისო სერტიფიკატი. აკრედიტაციის მისაღებად საერთაშორისო პარტნიორებთან ამჟამად კონსულტაციები მიმდი­ნარეობს. შესაბამისი ტექნიკური ბაზა კლინიკას უკვე აქვს.

„მინდა, რომ არასიცოცხლისუნარიან უჯრედებთან იმუშაონ სტუდენტებმა, რომ გავწვრთნა ის ადამიანები, რომლებისთვისაც ეს პროფესიად იქცევა. ეს არის დარგის მომავალი. მსურს, უცხოელი სტუდენტები ჩამოვიდნენ, ამით თვითონ ქვეყნის რეპროდუქტოლოგიაში არსებული შესაძლებლობისადმი ცოდნაც გაიზრდება“, – ამბობს ნინო მუსერიძე.

ის ცოდნის გაზიარებასთან ერთად მედიცინის ამ დარგის ცნობადობის ამაღლების გზით გამჭვირვალობისა და ნდობის გაზრდაზეც მუშაობს: „ამ სფეროში უცხოებს ნაკლებად ახედებენ, მე ვუშვებ ყველგან სტუდენტსაც, რეზიდენტსაც, ექიმსაც, ვინც ამ სფეროთია დაინტერესებული. ვაპირებ ღია კარის დღეების ჩატარებას, როცა პაციენტებს ვაჩვენებ, რა ხდება ემბრიოლოგიაში. ჩვენი ექიმებისადმიც გვაქვს მოთხოვნა, რომ რაც შეიძლება მეტი ემბრიონის გადატანა კი არ მოხდეს, ჩვენთვის მთავარია, პაციენტი კლინიკიდან ორსული გავიდეს. ექიმებს ბონუსებიც ამის მიხედვით აქვთ – ჩვენ შედეგად ორსულობას და დაბადებულ ბავშვებს ვთვლით“.

ტექნოლოგიების დანერგვა რეპროდუქტოლოგიაში ქართულ სამედიცინო ბაზარზე GGRC-ის განვითარების ნაწილია. „ჩვენ შემოვიტანეთ PRP-თერაპია. PRP-მეთოდი იყენებს თრომბოციტებით მდიდარ პლაზმას, ასტიმულირებს ქსოვილების ზრდას, ებრძვის ანთებით პროცესს, ამცირებს ტკივილს, მარტი­ვად რომ ვთქვათ, ეხმარება სხეულის კონკრეტულ უბანს მასში არსებული რეზერვის რეალიზებასა და სრული სიმძლავრით ფუნქციონირებაში“, – ამბობს ნინო მუსერიძე.

შედეგები აქვთ ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ტექნოლოგიაშიც. პირველად საქართველოში ღეროვანი უჯრედები ენდომეტრიუმში გადაუნერგეს ქალს, რომლის სხეულშიც, თხელი ენდომეტრიუმის გამო, ემბრიონის გადატანა ვერ ხერხდებოდა. ასეთ ქალებს შვილის გასაჩენად სჭირდებათ სუროგატი დედა. ამ და სხვა სამეცნიერო შედეგებზე 2024 წლის სექტემბერში დაგეგმილ კონფერენციაზე ისაუბრებენ.

GGRC-ს აქვს ამიერკავკასიაში ერთადერთი Timelapse-ემბრიოსკოპი – ლაბორატორიული ინკუბატორი ჩაშენებული მიკროსკოპით და კამერით, რომელსაც Time-lapse-ის ფუნქციით ფაქტობრივად უწყვეტი ფოტოკადრირების შესაძლებლობა აქვს. ეს საშუალებას იძლევა, თვალი ადევნონ ემბრიონის განვითარებას სრული პერიოდის განმავლობაში.

მეტი ორსული – სამეცნიერო მიღწევების გარდა, რასაკვირველია, ფინანსურ კომპონენტზეც დგას. დღეს საქართველოში სუროგაციას და ინ ვიტრო განაყოფიერებას არ აფინანსებს არც სახელმწიფო, არც სადაზღვევო კომპანიები.

გამონაკლისია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც საპილოტე პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონდე შშმ პირებს ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურას უფინანსებს.

„აჭარის პროგრამისა და ფონდის, „შენთვის“, თანადაფინანსებით, უკვე გვყავს დაბადებული ბავშვები. პაციენტებისთვის ინ ვიტრო პროცედურები პრაქტიკულად უფასო გამოვიდა. არის გარკვეული მოლოდინი, რომ საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო პროგრამით ინ ვიტრო განაყოფიერება დაუფინანსდეთ“, – ამბობს გიორგი ჩაბაკაური, კლინიკის ფინანსური დირექტორი.

აჭარის მთავრობის ნახევარმილიონლარიანი დაფინანსებით ათზე მეტი ბავშვია დაბადებული. გიორგი ჩაბაკაურის პროგნოზით, თუ სახელმწიფო დაიწყებს დაფინანსებას, ეს პროგრამა აუცილებლად მოხვდება სადაზღვევო პაკეტებშიც.

ნინო მუსერიძის თქმით, „სტატისტიკურად მოსახლეობის დაახლოებით 15%-ს აქვს უშვილობის პრობლემა, აქედან თითქმის 7%-ს სჭირდება ხელოვნური განაყოფიერება, მათგან ალბათ 3-4%-ს – დონაცია, შესაბამისად, მე მივესალმებოდი სადაზღვევო ბაზარზე ამ თვალსაზრისით კონკურენციას“.

მანამდე კი საქართველოს მოქალაქეებისთვის ინ ვიტრო განაყოფიერების საფასური, რომელიც საშუალოდ 15 000 ლარია, ფონდის, „შენთვის“, დახმარებით გაცილებით ნაკლებია. ფონდში თანხა უცხოელი პაციენტების ფასნამატით აკუმულირდება და საქართველოს მოქალაქეებს ხმარდება. საქართველოს მოქალაქე პაციენტების დაახლოებით 40%-ს კლინიკა ინ ვიტრო პროცედურის 50%-ს უფინანსებს.

„უფასოდ ვემსახურებით გარკვეული სოციალური სტატუსის მქონე ოჯახებს, სოციალურად დაუცველებს და მათ, ვისაც თვეში 3 ათას ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვთ ან არიან 64 000 ქულაზე მეტის მქონე სოციალურად დაუცველები. ასევე ოკუპირებული აფხაზეთის, საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებსა და შშმ პირებს“, – ამბობს ნინო მუსერიძე.

კლინიკა, წელიწადში სამჯერ გათამაშების საფუძველზე, გამარჯვებულს უფასოდ ემსახურება. „შარშანდელი გამარჯვებული ორსულადაა და წელს ის გამოავლენს გამარჯვებულს“, – მეუბნება ნინო მუსერიძე.

უცხოელი პაციენტი საქართველოში GGRC-ის ხარისხის სერტიფიკატებს მოჰყავს. როგორც ნინო მუსერიძე ამბობს, „ქართველი პაციენტი გვაგნებს იმიტომ, რომ მეზობელმა უთხრა, უცხოელი პაციენტი – ხარისხის გამო. ჩვენი მიზანი იყო, უკომპრომისო ვყოფილიყავით ხარისხთან მიმართებით და ამას მივდევთ დღესაც. ამიტომ დავიწყეთ საერთაშორისო ხარისხის მოპოვების გზით სიარული“, – ამბობს ISO 9001, ISO 915 189, FDA-ის (აშშ-ის სურსათისა და წამლის ეროვნული სააგენტო) სერტიფიკატების მქონე კლინიკის დამფუძნებელი ნინო მუსერიძე.

რეპროდუქციული მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების მოლოდინში, კლინიკა ესთეტიკური მედიცინისა და სამედიცინო ტურიზმის ტემპის გაზრდის მიმართულებით გაფართოებას აპირებს.

ერევანში რეპროდუქციული კლინიკის გახსნის პარალელურად, თბილისში ონიაშვილის ქუჩაზე შეძენილ შენობაში ნინო მუსერიძე ესთეტიკური გინეკოლოგიის, ესთეტიკური უროლოგიის, პლასტიკური ქირურგიისა და სტომატოლოგიური სერვისების კლინიკას გახსნის. „ჩვენი უცხოელი პარტნიორები მზად არიან, ჩვენთან ამ მიმართულებითაც ითანამშრომლონ“.

S