მამუკა ხაზარაძის საავტორო სვეტი “ფორბსის” დეკემბრის ნომერში.
მეხუთე თუ მეექვსე კლასში ვიყავით, როდესაც მე და ჩემმა თანაკლასელებმა შატალოზე წასვლა გადავწყვიტეთ. ფილმის ნახვა გვინდოდა დინოზავრებზე, რომელიც მაშინდელ კინოთეატრ “ოქტომბერში” გადიოდა და “მილიონი წელი ჩვენს ერამდე” ერქვა. სკოლიდან კინოთეატრამდე გზა მილიციის განყოფილებაზე გადიოდა, რომლის წინ რამდენიმე მილიციელი იდგა ხოლმე და სასწავლო პროცესის დროს ქუჩაში მოსეირნე სკოლის მოსწავლეებს აუცილებლად მოგვიწყობდა დაკითხვას. ამიტომ ამგვარი რამ მოვიფიქრეთ: ორ- ორად ჩავმწკრივდით, წინ ყველაზე ტანმაღალი თანაკლასელი დავაყენეთ, როგორც ჩვენი ზედამხედველი, და კოლექტიურად შევთხზეთ ტყუილი: თითქოს ბიოლოგიის მასწავლებელმა გაგვიშვა კინოთეატრში დინოზავრებზე ფილმის სანახავად. ტყუილმა გაჭრა, ფილმი ვნახეთ, სანაყინეში ნაყინიც ვჭამეთ და ახლა უკვე სახლში მშობლებთან სათქმელი ტყუილიც გამოვაცხვეთ: გაკვეთილები იმიტომ გავაცდინეთ, რომ კინოში ფილმის სანახავად სკოლამ წაგვიყვანა.
ამ ამბავს იოლად არ ჩაუვლია. დაიწყო სკოლაში მშობლების დაბარებები, დაკითხვები, გარჩევები, თავის მართლებები. მაგრამ ჩვენ ისევ და ისევ ვიტყუებოდით და უფრო და უფრო მეტად ვიხლართებოდით ჩვენ მიერვე შეთხზული ტყუილის ქსელში. ისე, რომ უკვე თავადაც ვიჯერებდით მას და, რაც განსაკუთრებით საინტერესოა, ძალიან მოგვწონდა ეს პროცესი.
ეს დიდების სამყაროში შებიჯება იყო, კარის შეღება იქ, სადაც ყველა და ყველაფერი ერთ დიდ სისტემურ ტყუილზე იდგა და რომელიც კინოეკრანზე ნანახი სპეცეფექტებით შექმნილი დინოზავრების მსგავსად ქმნიდა საბჭოთა სიმართლის მონუმენტურ ილუზიას.
მაშინ ხომ ჩვენ გარშემო ყველა იტყუებოდა და ეს ნორმა იყო. ტყუილი კერპები, ტყუილი თავისუფლება, ტყუილი ამბები, ტყუილი ისტორია. ტოტალური ტყუილი და სიყალბე, რომლის გარეშეც ვერ იცხოვრებდი. შატალოც ტყუილის ხელოვნების დაუფლების პირველი გაკვეთილი იყო, რომელიც უთუოდ გამოგვადგებოდა მერე – ვთქვათ, უნივერსიტეტში, როცა გამოცდებს ჩავაწყობდით, როდესაც სხვების მიერ ათიათასჯერ გადაწერილ დისერტაციას დავიცავდით, როდესაც სამსახურში ნაცნობობით მოვეწყობოდით და ყალბ ურთიერთობებს ავაგებდით მმართველებთან თუ თანამშრომლებთან, მთელ გარემომცველ საზოგადოებასთან.
90-იან წლებში საბჭოთა კავშირი დაინგრა, მაგრამ სიცრუის მანქანისგან თავის დაღწევა გაცილებით ძნელი აღმოჩნდა. ამასთან ერთად, სიცრუის გარდა ქაოსშიც აღმოვჩნდით. მაგალითისთვის, როდესაც “ბორჯომის” ბიზნესში შევედით, უზარმაზარი და გადაუჭრელი პრობლემის წინაშე დავდექით: პოსტსაბჭოთა ქვეყნების უკლებლივ ყველა მაღაზიის დახლი ფალსიფიცირებული ბორჯომით იყო სავსე – ზუსტად იგივე ბორჯომის ბოთლი და ეტიკეტი ფალსიფიცირებულ “ცეხებსა” და აბაზანებში ჩამოსხმული სოდიანი წყლით.
ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა. როგორ უნდა აგვეხსნა ამ ტყუილს დაწაფებული ადამიანებისთვის, რომ ნამდვილ მინერალურ წყალს კი არა, სოდიან წყალს სვამდნენ, რომ ყველა სხვა მსგავსი ბოთლის მეპატრონე ატყუებდათ და მხოლოდ ჩვენ ვიყავი მართლები. ეს წარმოუდგენლად ძნელი იყო, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ და გავწმინდეთ ბაზარი ფალსიფიცირებული პროდუქტისგან. და სწორედ ამის შედეგია დღეს “ბორჯომი”, რომელიც მაშინ მხოლოდ 5 მლნ ბოთლ მინერალურ წყალს აწარმოებდა, ახლა ასეულ მილიონობით ბოთლს ასხამს, ყველაზე დიდ მულტინაციონალურ ექსპორტს ახორციელებს და ისევ ყველაზე სახელოვან ბრენდს წარმოადგენს.
ეს კიდევ ერთი გაკვეთილი იყო, ამჯერად – სიმართლის გაკვეთილი. რადგან, როგორც როგორც ერთმა დიდმა მოაზროვნემ თქვა: “დიდი ხნით მხოლოდ სამი რამ არ იმალება: მზე, მთვარე და სიმართლე”. ეს ჩვენ უკვე ვიცოდით და ცხოვრებაშიც და ბიზნესშიც ჩვენი ყველაზე სანდო და უღალატო მეგობარი ყოველთვის იყო სიმართლე! სწორედ ამიტომ ჩვენ არასდროს მოგვიტყუებია კანონი, ბიუჯეტი, სახელმწიფო, პარტნიორი და, რაც მთავარია, საკუთარი თავი.
ახლა, როდესაც ბიზნესიდან პოლიტიკაში გადავინაცვლე, ზუსტად ისეთივე მდგომარეობა დამხვდა, როგორიც მაშინ “ბორჯომის” ბიზნესში. მთელი ქვეყანა სავსეა ფალსიფიკაციით, ტყუილით. და კიდევ უფრო უარესი – ეს დიდი სისტემური ტყუილი იფუთება და იყიდება ყველგან: ქუჩაში, სადაც ახალგაზრდებს არბევენ და პენსიონერებს ცხოვრების გაუმჯობესების დაპირებებით აიმედებენ; საგარეო პოლიტიკაში, სადაც რუსეთი ოკუპანტი კი არა, თურმე მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია; სასამართლოში, სადაც ყალბი და უსამართლო პროცესები იმართება; პროკურატურაში, სადაც მთავარი პროკურორი საკუთარი დიპლომის შესახებ იტყუება; პარლამენტში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე სახელისუფლებო კრიზისის დროს კომოს ტბაზე ისვენებს და მერე მის მიერვე “გადაგდებულ” მოსახლეობას ურცხვად ატყუებს ხელისუფლების მიერ დაფინანსებული ტროლებითა და ბოტებით სავსე საინფორმაციო სივრცეში; სადაც ცილს სწამებენ პოლიტიკურ ოპონენტებს და გამოგონილი ციფრებით ქმნიან ილუზიას, რომ ქვეყანა, რომელიც ეკონომიკური კატასტროფის წინაშეა, წინ მიდის… და, რაღა თქმა უნდა, სახელისუფლებო ვერტიკალში, სადაც გვარწმუნებენ, რომ ფუჭი ოცნებებით ნაკვები ხალხი ბედნიერია და მათი ტყუილზე აშენებული მმართველობაც – მარადიული.
ახლა ჩვენი ცხოვრების სიყალბისგან, ამ საბჭოთა დროიდან გადმოსული პოლიტიკური დინოზავრებისგან, მათი ფალსიფიცირებული მენტალობისგან გაწმენდის დროა. ეს კიდევ უფრო რთული საქმეა, რადგან საყოველთაოდ ცნობილია, რომ “სიმართლეს ბევრი მომხრე ჰყავს, მაგრამ ცოტა დამცველი”. რადგან ტყუილსაც ისე ეჩვევი, როგორც ცუდი კომფორტის ზონას, მაგრამ ეს ახლა ჩვენი საერთო გამოწვევაა. მთელი ქართული საზოგადოების, რომელმაც თვალი უნდა გაუსწოროს რეალობას, აღიჭურვოს სიმართლის ბასრი იარაღით და ჩვენი ქვეყნიდან და მმართველობის ყველა სფეროდან განდევნოს სიცრუე – ჩვენი მთავარი მტერი!