სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყანა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, ცნობილს როგორ კუხო, დატოვებს. ფაშინიანის განმარტებით, კუხო-ს დატოვების მიზეზი ის გახლავთ, რომ მისმა წევრმა სახელმწიფოებმა აზერბაიჯანთან სომხეთის ომი დაგეგმეს.
პირველად ორგანიზაციის დატოვების შესახებ განცხადება ნიკოლ ფაშინიანმა მარტში გააკეთა და აღნიშნა, რომ სომხეთი კუხოს დატოვებდა, თუკი არ დარწმუნდებოდა, რომ ორგანიზაცია ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს მისაღები სახით უზრუნველყოფს. სომხური მედიის ცნობით, ფაშინიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ პირველი განცხადების შემდეგ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიები არ შეუქმნია. შესაბამისად, ფაშინიანი კუხოს დატოვებას განიხილავს.
„ჩვენ დავტოვებთ [კუხო-ს], გადავწყვეტთ, როდის დავტოვებთ [ორგანიზაციას]. არ იდარდოთ, უკან არ დავბრუნდებით“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) წევრებს რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, სომხეთი და ბელარუსი წარმოადგენენ. ნიკოლ ფაშინიანი კი ბოლო წლების განმავლობაში პროდასავლური რიტორიკით გამოირჩევა. კუხო-ს დატოვების გადაწყვეტილებაც ქვეყნის კურსის რუსეთიდან ევროპისკენ ცვლილებას უკავშირდება. გასული წლების და წინა ადმინისტრაციების პირობებში სომხეთი კავკასიაში რუსეთის ყველაზე მჭიდრო პარტნიორად მიიჩნეოდა. თუმცა ფაშინიანის გაპრემიერების შემდეგ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი მნიშვნელოვნად შეიცვალა.
ნიკოლ ფაშინიანი კუხო-ს მიმართ უკმაყოფილებას ყარაბაღის მეორე ომის დროსაც გამოხატავდა, როდესაც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ სომხეთს აზერბაიჯანის წინააღმდეგ დახმარება არ გაუწია.