Sony-მ წყალზე მოტივტივე საცხოვრებელი სახლის დიზაინი წარადგინა

Sony-მ წყალზე მოტივტივე საცხოვრებელი სახლის დიზაინი წარადგინა

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ყინულის საფარის დნობის გამო მსოფლიოში ზღვის დონე უფრო და უფრო იმატებს, რაც კაცობრიობას დიდ საფრთხეს უქმნის. იაპონური ტექნოლოგიური კომპანია Sony-ის წარმომადგენლების განცხადებით, შექმნილ ვითარებაში ადამიანებს ცხოვრება განსხვავებულ გარემოპირობებში მოუწევთ. ამის საპასუხოდ, მწარმოებელმა თავისი ახალი პროექტის, “One Day, 2050”-ის ფარგლებში წყალზე მოტივტივე სახლის დიზაინი შექმნა. კომპანიაში არ გამორიცხავენ, რომ 2050 წლისთვის ტოკიოს მცხოვრებლები სწორედ ასეთ კაფსულებში გადასახლდნენ.

Sony-ის წარმომადგენლების ინფორმაციით, ფუტურისტულ სახლებს ორმაგი სტრუქტურა ექნებათ, რომლის დახმარებითაც ისინი შტორმებს უვნებლად გადაურჩებიან. მათივე თქმით, კაფსულების კორპუსი, რომელიც წყალგაუმტარი მასალით დამზადდება, ტალღებთან გამკლავებასა და რყევის შემცირებას უზრუნველყოფს. რაც შეეხება სახლის ინტერიერს, იქ საცხოვრებელი სივრცეები მოეწყობა.

კომპანიის ცნობით, სახლი სამსართულიანი იქნება. მისი ნაწილი – წყალქვეშ, ნაწილი კი წყლის ზემოთ მოექცევა. სახლის თითოეული სართული ერთმანეთს კიბეებით დაუკავშირდება. საცხოვრებელი კაფსულები გადაადგილებას წყლის ნაკადის დახმარებით შეძლებენ. მათ სახურავზე მზის პანელები დამონტაჟდება, საიდანაც სახლები განახლებადი ენერგიით მომარაგდება. გარდა ამისა, კაფსულები სპეციალური ფილტრების მეშვეობით მათ გარშემო, გარკვეულ რადიუსში არსებული წყლის გასუფთავებას შეძლებენ.

ბოლო ინფორმაციით, 1880 წლიდან დღემდე მსოფლიოში ზღვის დონემ დაახლოებით 21-24 სანტიმეტრით მოიმატა. აღსანიშნავია, რომ მისი ყოველწლიური ზრდის ტენდენცია უცვლელია. შექმნილ ვითარებაში განსაკუთრებული საფრთხე ოკეანეებისა და ზღვების სანაპიროებთან გაშენებულ დასახლებულ პუნქტებს ემუქრებათ. ერთ-ერთი ასეთი იაპონიის დედაქალაქი ტოკიოა.