მცენარეული ექსტრაქტით მორფინზე დამოკიდებულების პრევენციაა შესაძლებელი

მცენარეული ექსტრაქტით მორფინზე დამოკიდებულების პრევენციაა შესაძლებელი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ახლახან ჩატარებული კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ბუჩქისძირას გვარის წარმომადგენელი მცენარის, Corydalis yanhusuo-ის ექსტრაქტს მორფინზე დამოკიდებულების პრევენცია შეუძლია. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მათ მიერ გამოცემა Pharmaceuticals-ში გამოქვეყნებულ ნაშრომშია თავმოყრილი.

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ოპიოიდების ზედოზირებით გამოწვეულმა გარდაცვალების შემთხვევებმა საგრძნობლად მოიმატა. კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუარესდა. კალიფორნიის უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტების განცხადებით, Corydalis yanhusuo-ის ექსტრაქტის გამოყენებით, შესაძლოა, აღნიშნული პრობლემა მყისიერად მოგვარდეს.

ნაშრომის ავტორების აზრით, ოპიოიდებზე დამოკიდებულების ზრდა გარკვეულწილად მედიცინაში მათი ტკივილგამაყუჩებლის დანიშნულებით გამოყენებამაც განაპირობა. აღსანიშნავია, რომ ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ ხშირად მორფინს მიმართავენ, ნივთიერების ხშირი მოხმარება კი მასზე დამოკიდებულებას იწვევს. ახალი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მორფინთან ერთად Corydalis yanhusuo-ის ექსტრაქტის მიღება აღნიშნულ ოპიოიდზე დამოკიდებულების რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს. გარდა ამისა, მკურნალობის საწყის ეტაპზე მათი ერთდროულად მოხმარების შემთხვევაში, ტკივილთან საბრძოლველად მორფინის ნაკლები დოზით გამოყენებაა საჭირო.

როგორც ცნობილია, მეცნიერებმა Corydalis yanhusuo-ის ექსტრაქტი ჯერ მხოლოდ ცხოველებში გამოცადეს. მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, სპეციალისტები კვლევის გაგრძელებას და მომავალში ცდების ადამიანებზე ჩატარებას გეგმავენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *