არ ვიცი, სხვა პოსტსაბჭოთა თუ პოსტკომუნისტურ სახელმწიფოებში როგორაა, ამ საკითხით სპეციალურად არ დავინტერესებულვარ, მაგრამ საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ არსად ისე დისკრედიტირებული არაა სოციოლოგიური გამოკითხვა, როგორც აქ, ამ ქვეყანაში.
განსაკუთრებით არ გაუმართლა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI. ანუ იგივე ენ-დი-აი). მისი ეგიდით ჩატარებული კვლევების მიმართ, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის წევრები და მომხრეები გამოხატავენ ხოლმე ღია ნდობას, უმრავლესობა კი მიიჩნევს, რომ ეს კვლევები მხოლოდ ზემოაღნიშნული პოლიტიკური პარტიის ინტერესებს ემსახურება. ინსტიტუტის ხელმძღვანელი ლუის ნავარო კი ლამის ლეგენდარულ ფიგურად და გაყალბებული გამოკითხვების სიმბოლოდ იქცა.
ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან რომ იყოს, კიდევ არა უშავს, მაგრამ საქმეც ისაა, რომ ეს გაცილებით ფართო წრეს მოიცავს და ქვეყნის პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ყოფის სხვა მნიშვნელოვან ასპექტებსაც ეხება.
რას ნიშნავს ეს?
აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი არ არის მრავალთაგან ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია. ის პირდაპირაა დაკავშირებული აშშ-ის დემოკრატიულ პარტიასთან – იმ პარტიასთან, რომლის ლიდერიც დღეს ამერიკის პრეზიდენტია. მას, ისევე როგორც რესპუბლიკურ ინსტიტუტს (IRI) ამერიკის საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი ინსტიტუტი, ისევე როგორც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) წარმოადგენს ამერიკული პოლიტიკის ფუნდამენტურ შემადგენელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ბუნებრივია, როდესაც ქართველი პოლიტიკოსი, მით უმეტეს ხელისუფლების წარმომადგენელი ამბობს, რომ ის არ ენდობა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელს (რომელიც ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა ქართულ პოლიტსპექტრს თავის დროზე წარუდგინა, როგორც მისი პირადი მეგობარი) და მისი ეგიდით ჩატარებულ კვლევას, ეს ნებისმიერ შემთხვევაში აღიქმება ანტიამერიკულ განცხადებად. “ენ-დი-აის ვენდობით, ნავაროს – არა” ტიპის კომენტარები საქმეს არ შველის, ისევე როგორც მთავარი პრეტენზიის გადამისამართება ამერიკული ინსტიტუტის ქართველ, არაკეთილსინდისიერ პარტნიორებზე.
როდესაც ვამბობ, ანტიამერიკულ განცხადებად აღიქმება-მეთქი, აქ მარტო ამერიკელებს არ ვგულისხმობ. ცხადია, ამერიკელებს არანაირად არ სიამოვნებთ, როცა მათი ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლობას ყალბისმქმნელობაში სდებენ ბრალს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად ქართული საზოგადოების დამოკიდებულება. ნავარო და ენ-დი-აის კვლევები იმდენად ასოცირებულია ნაცმოძრაობასთან, რომ ამ შემთხვევაში ამერიკა პირდაპირ წარმოჩნდება, როგორც ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელი ნაცმოძრაობის დამცველი.
და ეს არც ისე მარტივი ამბავია, რადგან ქართული საზოგადოების ის ნაწილი, რომლისთვისაც ნაცმოძრაობის მმართველობა კატეგორიულად მიუღებელი იყო, არა მხოლოდ უმრავლესობაა, არამედ მოიცავს იდეოლოგიისა და შეხედულებების ძალიან ფართო სპექტრს, პროდასავლელი ლიბერალებით დაწყებული და ანტიდასავლელი ფაშისტებით დამთავრებული. ყველა მათგანმა ნაცმოძრაობის მარცხი არჩევნებში საკუთარ გამარჯვებად აღიქვა, რაც არაა გასაკვირი, მაგრამ რამდენადაც მმართველი კოალიცია იდეოლოგიური თვალსაზრისით დღემდე ინარჩუნებს გარკვეულ ეკლექტურობას, ამერიკული ორგანიზაციის კრიტიკა ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან მთელი ანტიდასავლური სპექტრის მიერ აღიქმება როგორც მათი იდეოლოგიის მხარდაჭერა და ეს ასევე აღიქმება შედარებით ნეიტრალური საზოგადოების მიერაც.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ანტიამერიკული და ზოგადად ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს. რა ხარისხით და რა დოზით, ცალკე საკითხია, მაგრამ, სამწუხაროდ, მთელი ამ აჟიოტაჟის ერთადერთი რეალური შედეგი მხოლოდ ეს არის.
რატომ მოხდა ასე?
მაინც რატომ არ ენდობა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევებს ქართული საზოგადოება და რატომაა ლუის ნავარო მიშისტებად შერაცხული ისეთი უცხოელი პოლიტიკოსების რიგში, როგორიც არიან მეტ ბრაიზა, ვოლფგანგ მარტენსი, კარლ ბილდტი და სხვები?
ამ კითხვაზე, კაცმა რომ თქვას, პასუხი ძალიან მარტივი და ცალსახაა: იმიტომ რომ წინა ხელისუფლების დროს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევები ყოველთვის ზუსტად ემთხვეოდა იმ არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, მთელი ოპოზიციური სპექტრი და ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი სრულიად სამართლიანად რომ მიიჩნევდა გაყალბებულად.
მე პირადად ვმონაწილეობდი იმ დროს გამართულ ყველა საარჩევნო ბატალიაში და დიდი მტკიცებულებები არ მჭირდება იმაში დასარწმუნებლად, თუ რაოდენ სერიოზული ზეწოლა იყო ამომრჩევლებზე. აღარაფერს ვამბობს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, როდესაც ყველა მონაცემებით მეორე ტური იყო და ორმოცდაათპროცენტიანი ბარიერის გადალახვა მიხეილ სააკაშვილმა მხოლოდ ოქმების გადაწერის შედეგად მოახერხა. ისიც კარგად მახსოვს, სახალხო დამცველის მოთხოვნა კონკრეტულ უბნებზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერთა ნახვაზე რომ არ შეიმჩნია ხელისუფლებამ და კანონის უხეში დარღვევით ომბუდსმენის ოფიციალური მიმართვა, ვითომ არ ყოფილაო, ისე დააიგნორა.
ნიშანდობლივია, რომ ეს ყველაფერი დამკვირვებელთა დასკვნებშიც აისახებოდა, მაგრამ პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, სადამკვირვებლო მისიათა საბოლოო დასკვნები გაცილებით ლოიალური იყო ხოლმე ხელისუფლების მიმართ, ვიდრე ეს შეიძლებოდა დაგვესკვნა თავად ამ დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირებული დარღვევების წმინდა მექანიკური შეჯამებით.
და რა გამოდის აქედან? თუკი დავუშვებთ, რომ ენ-დი-აის კვლევები ობიექტურ რეალობას ასახავდა, მაშინ უნდა დავასკვნათ, რომ ოპოზიციის ბრალდებები ნაცმოძრაობის მიმართ არჩევნების გაყალბების თაობაზე უსაფუძვლო იყო, რადგან არჩევნების შედეგები ყოველთვის ემთხვეოდა კვლევის მონაცემებს. ხოლო თუ არჩევნების გაყალბებას მივიღებთ ფაქტად, მაშინ კვლევის ობიექტურობა ეჭვქვეშ დგება კი არა, ყოველგვარი ეჭვის გარეშე გამოირიცხება.
მოკლედ, ორიდან ერთია: ან ნაცმოძრაობის მმართველობის დროს ტარდებოდა დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები, ან ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევები არ შეესაბამებოდა რეალობას. ეს შეუსაბამობა ამერიკული ინსტიტუტის ქართველი პარტნიორების (ანუ მათი, ვინც უშუალოდ ატარებდა გამოკითხვებს) მაქინაციების შედეგი იყო, პირადად ლუის ნავაროს ტენდენციურობისა თუ საერთოდ ვაშინგტონიდან იღებდნენ ნაცმოძრაობის მხარდაჭერის დავალებებს, ცალკე საკითხია. უბრალოდ არჩევნების გაყალბების ფაქტის აღიარება ავტომატურად მიუთითებს ამ კვლევების ტენდენციურობაზე.
აქედან გამომდინარე, ისინი, ვინც თვლის, რომ ნაცმოძრაობის მმართველობის დროს არჩევნები ყალბდებოდა, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევების შედეგებს, როგორც მინიმუმ, სკეპტიკურად უყურებენ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: აქ არ არის ლაპარაკი ქართული საზოგადოების რაღაც მარგინალურ ან მხოლოდ ბნელ და რეაქციულ ნაწილზე. ნაცმოძრაობის წინააღმდეგი იყო და არის საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა და პრაქტიკულად ყველანაირი იდეოლოგიისა და შეხედულებების მქონე ფენა-ჯგუფები. ამ შემთხვევაში ნაცმოძრაობის მიმართ დამოკიდებულება კი ბუნებრივად ვრცელდება ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტზეც.
საგულისხმოა, რომ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც კვლევის შედეგები არ დაემთხვა არჩევნების შედეგებს, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები იყო და აქაც ლუის ნავარომ სიტყვასიტყვით გაიმეორა ის ღრმად არასწორი მოსაზრება, რასაც მხოლოდ ნაცმოძრაობის აქტივისტები და მომხრეები ამბობენ ხოლმე: თითქოსდა კვლევების შედეგები კი ზუსტი იყო (ანუ ნაცმოძრაობას ოცნებაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავდა), მაგრამ ციხის კადრების გავრცელებამ შეცვალა განწყობები და განაპირობა კოალიციის გამარჯვება. ამის შემდეგ, თუკი ვინმეს ეჭვი ეპარებოდა ნავაროს მიშისტობაში, ეს ეჭვი თუ საბოლოოდ არ გაუქარწყლდა, საფუძვლიანად ნამდვილად შეერყა.
ყველაფერი არჩევნებისთვის, ანუ გამარჯვების ტექნოლოგია
როგორც ზემოთ აღვნიშნე, პირადად ჩემთვის არჩევნების გაყალბება-არგაყალბება ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს საკამათო არ არის, მაგრამ ეს გაყალბება არ იყო უბრალოდ შედეგების გადასხვაფერება. არჩევნებზე ზრუნვა არჩევნებამდე გაცილებით ადრე იწყებოდა.
ნაციონალურმა მოძრაობამ, შეიძლება ითქვას, არჩევნების მოგების აწყობილი მექანიზმი ჩამოაყალიბა, რომელშიც მთელი სახელმწიფო მანქანა იყო ჩართული. უფრო ზუსტად, სწორედ თავად სახელმწიფო მანქანა იყო არჩევნების მოგების მექანიზმი. ცენტრალური სტრუქტურა იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც გამგეობებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დახმარებით აწარმოებდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მომხრეთა სკრუპულოზურ აღრიცხვას, რის შემდეგაც ხელისუფლება ყოველმხრივ უზრუნველყოფდა აღრიცხული მომხრეების გამოცხადებას საარჩევნო უბნებში. ოპოზიციის მომხრეებზე კი ხორციელდებოდა სხვადასხვა სახის ზემოქმედება – ვიღაცას ემუქრებოდნენ, ვიღაცას აშანტაჟებდნენ, ვიღაცას ქრთამავდნენ, ვიღაცას ახლობლის პატიმრობიდან გამოშვებას ჰპირდებოდნენ. იყო ამომრჩეველთა ისეთი კატეგორიაც, რომელთა მიმართ საერთოდ არანაირ ზემოქმედებას არ ჰქონდა ადგილი – ერთი მხრივ იმიტომ, რომ ისინი არ ექვემდებარებოდნენ არც მოსყიდვას და არც დაშინებას, მეორე მხრივ კი იმიტომ, რომ არჩევნების დემოკრატიულად გასაღება პრინციპულად შეუძლებელი იქნებოდა, თუკი ოპოზიცია რაღაც პროცენტებს არ დააგროვებდა.
გარდა ამისა, ხელისუფლების არსენალში იყო დუბლირებული პირადობის მოწმობები, საკუთარი აქტივისტების მასობრივი მიწერები იმ უბნებზე, სადაც წინასწარი მონაცემებით ხელისუფლებას პრობლემები ჰქონდა და ა.შ. რესპუბლიკური პარტიის ოფისში დღესაც ინახება 2008 წელს გამოყენებული რამდენიმე ყალბი პირადობის მოწმობა.
ასეთი ტოტალური მობილიზება ხელისუფლებას საშუალებას აძლევდა, პრაქტიკულად წინასწარ მოეხდინა არჩევნების სასურველი შედეგის უზრუნველყოფა.
სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ეს იყო სერიოზული ნოუ-ჰაუ. არც ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, მსოფლიოს არც ერთი ნახევრად დემოკრატიული თუ ნახევრად ავტორიტარული რეჟიმი (დემოკრატიულსა და ავტორიტარულზე რომ არაფერი ვთქვათ) არ იცნობს არჩევნების გაყალბების ასეთ ყოვლისმომცველ ტექნოლოგიას. თუმცა ამ თითქმის იდეალურ მექანიზმს ჰქონდა ერთი არსებითი ხასიათის ნაკლი, რამაც საბოლოო ჯამში საბედისწერო როლი ითამაშა ნაცმოძრაობისთვის, მაგრამ ამაზე ქვემოთ.
ასეა თუ ისე, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რომ ხელისუფლების ყურადღების გარეშე დარჩენილიყო აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (ისევე როგორც ამერიკის რესპუბლიკურ პარტიასთან აფილირებული ორგანიზაციის, რესპუბლიკური ინსტიტუტის) კვლევები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდებოდა არჩევნებს და რომლებიც ერთგვარ საზომადაც გამოიყენებოდა ამერიკის ადმინისტრაციის მიერ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შეფასების დროს. მეტიც, ეს კვლევები უბრალოდ შეუძლებელია, არ ყოფილიყო ზემოთ აღწერილი ტექნოლოგიური მექანიზმის ნაწილი. სააკაშვილის ხელისუფლება ძლიერ იყო დამოკიდებული ამერიკის შეერთებული შტატების კეთილგანწყობაზე. ნაცმოძრაობის ლიდერებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, თუ რა შედეგები დაიდებოდა ამერიკის მთავარი პარტიების დაფუძნებული ინსტიტუტების მიერ. ამიტომ სავსებით ბუნებრივია, რომ ამ ინსტიტუტების ფუნქციონირებას და განსაკუთრებით კვლევების ჩატარებას, ხელისუფლება უყურადღებოდ არ დატოვებდა.
ამ ყურადღების დასტურად, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის ფაქტიც გამოდგებოდა, რომ რესპუბლიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელი საქართველოში დიმიტრი შაშკინი მოგვიანებით სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურა გახდა, ხოლო ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ერთ-ერთი ტოპ-მენეჯერი თინათინ ბოკუჩავა საქართველოს პარლამენტის წევრია ნაციონალური მოძრაობიდან. საზოგადოებისთვის ასევე კარგადაა ცნობილი, რომ ამერიკული ორგანიზაციების მიერ დაქირავებული ქართული კომპანიები, რომლებიც ე.წ. ველზე მოქმედებდნენ (ანუ, ფაქტობრივად, ისინი ატარებდნენ გამოკითხვებს), ასევე არ არიან თავისუფალი ნაციონალური მოძრაობის გავლენებისგან.
საგულისხმოა, რომ ყველა ჩატარებულ კვლევაში ძალიან მაღალი იყო მათი პროცენტი, ვინც უარს ამბობდა პასუხზე. ეს კვლევის ავტორებს საშუალებას აძლევდა, ნებისმიერი აცდენა წარმოდგენილი ციფრებისგან იმ მდუმარე რესპონდენტებისთვის მიეწერათ. თუმცა ასეთი რამ მათ არასდროს დასჭირვებიათ. მდუმარეთა პროცენტი ყოველთვის სასწაულებრივი პროპორციულობით ნაწილდებოდა ყველა სუბიექტზე.
მაგალითად, თუკი კვლევის მიხედვით 40 პროცენტი მხარს უჭერდა ნაცმოძრაობას, 20 პროცენტი – ოპოზიციის ამა თუ იმ პარტიას, 5 პროცენტი – არავის, ხოლო 35 პროცენტი უარს ამბობდა პასუხზე, არჩევნების დროს ეს 35 პროცენტი ისე კოხტად გადანაწილდებოდა ხოლმე ყველაზე, რომ ხელისუფლებას, ოპოზიციასა და “არავისტებს” შორის თანაფარდობა ოდნავადაც არ იცვლებოდა.
და ასე ხდებოდა ყოველთვის. ერთადერთი გამონაკლისი იყო 2012 წლის 1 ოქტომბერი. რატომ? იმიტომ, რომ ნაცმოძრაობის შექმნილ, იდეალურთან მიახლოებულ გაყალბების ამ სისტემას აქვს ერთი არსებითი ნაკლი – ის მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საზოგადოება დარწმუნებულია, რომ არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია. ამ შემთხვევაში ამომრჩეველთა უმრავლესობა უბრალოდ ვერ ხედავს ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის აზრს, როგორადაც არ უნდა სძულდეს ის. მაგრამ თუკი ამომრჩეველმა ირწმუნა, რომ ხელისუფლების შეცვლა არჩევნების მეშვეობით შესაძლებელია, მაშინ მოსყიდვა-დაშინების მექანიზმი არ იმუშავებს. ხალხს ურჩევნია ერთხელ გარისკოს და მოიშოროს საძულველი რეჟიმი, ვიდრე კვლავ ოთხი წლით გაიხანგრძლივოს და აიტანოს დამცირება.
ქართველ ამომრჩეველს ხელისუფლების შეცვლის რწმენა მისცა ბიძინა ივანიშვილის ჩართვამ პოლიტიკაში. სწორედ ეს რწმენა იყო “ქართული ოცნების” ტრიუმფის მიზეზი და არა ფული ან რაიმე კონკრეტული დაპირებები ივანიშვილის მხრიდან, როგორც ეს დღემდე ჰგონია ნაცმოძრაობასა და მასთან დაახლოებულ ექსპერტებს.
თუმცა ეს სულ სხვა თემაა და აქ მხოლოდ გაყალბების ტექნოლოგიის ნაკლოვანების საილუსტრაციოდ მოვიხმეთ. უფრო ზუსტად, იმის საილუსტრაციოდ, თუ რატომ არ იმუშავა ამ ტექნოლოგიამ.
რა ვქნათ?
ერთგვარად შევაჯამოთ ყოველივე ზემოთქმული:
პირადად ჩემთვის არანაირ ეჭვს არ იწვევს, რომ ენ-დი-აის კვლევები ნაცმოძრაობის “გამარჯვების ტექნოლოგიის” განუყოფელი ნაწილი იყო. რამდენად იყო საქმის კურსში აქ თავად ინსტიტუტის ხელმძღვანელობა და ზოგადად ამერიკული მხარე, ძნელი სათქმელია. ვფიქრობ, ამერიკელები უშუალოდ არ მონაწილეობდნენ ნაცმოძრაობისთვის სასურველი ციფრების შედგენაში, მაგრამ დიდად არც იმას დაგიდევდნენ, თუ რამდენად ობიექტურად ასახავდა ეს ციფრები რეალობას.
აქვე გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი, პოლიტიკური მომენტი. ამერიკის შეერთებული შტატები და სრულიად დასავლეთი კარგა ხანს მიიჩნევდა ნაციონალურ მოძრაობას ერთადერთ, უალტერნატივო პროდასავლურ ძალად საქართველოში. ყველა დანარჩენი პოლიტიკური პარტიები ან არ მიიჩნეოდა ასეთად, ან მიიჩნეოდა ძალიან სუსტად იმისთვის, რათა პრეტენზია ჰქონოდა ხელისუფლებაზე. რამდენად სწორი იყო ეს მიდგომა, ცალკე საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ ამგვარი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ნდობა ხელისუფლების მიმართ იყო საკმაოდ დიდი და ოპოზიციის პრეტენზიები, მათ შორის არჩევნების გაყალბებაზე, მაინცა და მაინც სერიოზულად არ განიხილებოდა. მით უმეტეს მიუღებელი იყოს მათთვის ამერიკული ინსტიტუტის კრიტიკა ამ კონტექსტში.
დღეს ნაციონალური მოძრაობა აღარაა ხელისუფლებაში, თუმცა მისი მმართველობის შედეგები მაინც სერიოზულ გავლენას ახდენს მიმდინარე პროცესებზე. სწორედ ზემოთ ნახსენები “გამარჯვების ტექნოლოგიის” ერთ-ერთი შედეგია ის, რომ ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებულია უნდობლობა არა მხოლოდ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევების, არამედ საერთოდ სოციოლოგიური გამოკითხვების მიმართ. სოციოლოგია ჩვენთან უფრო პოლიტიკური ბრძოლის იარაღად აღიქმება, ვიდრე მეცნიერებად და საზოგადოებრივი განწყობების გამოვლენის მეთოდად.
ასევე არაა უმნიშვნელო საკითხი ისიც, რომ ენ-დი-აის კვლევების მიმართ ასეთი დამოკიდებულება არცთუ პოზიტიურად აისახება ამერიკის შეერთებული შტატების იმიჯზე საქართველოში. ბუნებრივია, ამერიკელები არასდროს აღიარებენ იმას, მათი ერთ-ერთი წარმომადგენლობითი სტრუქტურა, ფაქტობრივად, ადგილობრივი ხელისუფლების მანიპულაციების იარაღად რომ იყო ქცეული – ეს არა მხოლოდ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, არამედ საერთოდ ამერიკის რეპუტაციის შელახვა იქნებოდა და არა მარტო საქართველოს მასშტაბით. მეორე მხრივ, თავად ამერიკელებიც დაინტერესებულები უნდა იყვნენ იმაში, რომ ინსტიტუტის კვლევების მიმართ საზოგადოების ნდობა მოიპოვონ. გარკვეულწილად ამითაა ალბათ განპირობებული ის ფაქტი, რომ ლუის ნავარო გაწვეულ იქნა ინსტიტუტის ხელმძღვანელის პოსტიდან.
ასევე ცალკე საკითხია საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება. სად და ხელისუფლებაში ნამდვილად უნდა აცნობიერებდნენ იმ ფაქტს, რომ დღეს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის გუნდი აღარაა ხელისუფლებაში და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიმართ ბრალდებები ნაცმოძრაობის მხარდაჭერის თაობაზე, ჯერ ერთი, არასერიოზულად გამოიყურება და, გარდა ამისა, უკვე დაუფარავად ანტიამერიკულ შინაარსს იძენს, რაც ნამდვილად არ შედის ქართული სახელმწიფოს ინტერესებში.
პირიქით, სწორედ საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს სასიცოცხლოდ დაინტერესებული იმაში, რომ ამერიკული ორგანიზაციების პრესტიჟი, რომელიც, უნდა ვაღიაროთ და, ქართული საზოგადოებრივი აზრის დონეზე საკმაოდ შელახულია, კვლავ აღდგეს. არა იმიტომ, რომ ჩვენ რაღაც განსაკუთრებული სიყვარული უნდა გვქონდეს ყოველივე ამერიკულის მიმართ, არამედ იმიტომ, რომ ამას ქართული სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესები მოითხოვს.
საქართველოს სტრატეგიული ორიენტაცია, ჩვენი სწორება ევროკავშირსა და ნატოზე, არის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი დამოკიდებულება ნაცმოძრაობისა თუ “ქართული ოცნების” მიმართ. აქედან გამომდინარე, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი, რაც აზარალებს დასავლეთის პრესტიჟს საქართველოში, ასევე აზარალებს ქართული სახელმწიფოს ინტერესებსაც და რაოდენ საფუძვლიანიც არ უნდა იყოს უნდობლობა ამერიკული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევების მიმართ, ჩვენ არ უნდა შევუწყოთ ხელი ამ უნდობლობის გამყარებასა და გაღვივებას.
დღეს, ფაქტობრივად, არანაირი მექანიზმი არ არსებობს იმისა, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას შეეძლოს ამერიკული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით მანიპულირება. თუკი მაინც დავუშვებთ ასეთ შესაძლებლობას, ამისთვის პირველ რიგში ხელისუფლებაში ყოფნაა საჭირო. ამიტომაცაა არასერიოზული ნაცმოძრაობის წარმოსახვა რაღაც ყოვლისშემძლე მონსტრად, რომელიც ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც ახერხებს თავის ჭკუაზე ატრიალოს ამერიკის ხელისუფლება და მისი ინსტიტუტები. ამგვარი ლოგიკით თავისუფლად შეგვიძლია გავიზიაროთ, ვთქვათ “ასავალ-დასავლის” ტიპის გამოცემების მყარი რწმენა იმის შესახებ, რომ ამერიკელებს მხოლოდ მიშა მოსწონთ და საქართველოს დაქცევა-განადგურება სურთ. ასე რომ დროა, დამთავრდეს ეს პერმანენტული აჟიოტაჟი კვლევების გამო, რომელიც მხოლოდ აზარალებს ქართული სახელმწიფოს ინტერესებს.
წარსულის კვლევა კი დავუტოვოთ ანალიტიკოსებსა და მიმომხილველებს. თუნდაც სამომავლო გაკვეთილებისთვის.
(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ს ოქტომბრის ნომერში. დავით ზურაბიშვილი გახლავთ საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წევრიი. ეს სტატია არის ავტორის პირადი ხედვა და იგი შესაძლოა არ ემთხვეოდეს რესპუბლიკური პარტიის პოზიციას).