SpaceX-სთვის მიცემული მთვარის კონტრაქტის გამო, Blue Origin-ი NASA-ს სასამართლოში უჩივის

SpaceX-სთვის მიცემული მთვარის კონტრაქტის გამო, Blue Origin-ი NASA-ს სასამართლოში უჩივის

ამერიკელი მილიარდერი ჯეფ ბეზოსის კოსმოსურმა კომპანიამ, Blue Origin-მა, შეერთებული შტატების ფედერალურ სასამართლოში საჩივარი შეიტანა ამერიკის ეროვნული კოსმოსური სააგენტოს, NASA-ს წინააღმდეგ. საჩივარი იმ უკმაყოფილების გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც ილონ მასკის კოსმოსური კომპანიის, SpaceX-სთვის შტატების კოსმოსური სააგენტოს მიერ მთვარის კონტრაქტის მიკერძოებულად გადაცემას გულისხმობდა.

საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცოტა ხნის წინ NASA-მ ილონ მასკის SpaceX-ს მთვარის მისიისათვის ექსკლუზიური კონტრაქტი მისცა. შეერთებული შტატების ფედერალურ სასამართლოში შეტანილი სარჩელი კი კომპანიის კიდევ ერთი ნაბიჯია NASA-ს გადაწყვეტილების შესაცვლელად.

სარჩელის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს Blue Origin-ის სპიკერიც. გარდა ამისა, კომპანიაში აღნიშნეს, რომ აღნიშნული დავის მოგვარების მთავარი მიზანი პირველ რიგში სამართლიანობის აღდგენაა, შემდეგ კი კონკურენციის შექმნა და ამერიკელების მთვარეზე უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველყოფა.

საინტერესოა, რომ რამდენიმე კვირის წინ შეერთებული შტატების ანგარიშვალდებულების ოფისმა Blue Origin-ის პროტესტი უარყო და კიდევ ერთხელ დაადასტურა NASA-ს გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ, რომ Blue Origin-ი მთვარის კონტრაქტის მიღებისათვის კონკურენციას კიდევ ორ მონაწილეს, SpaceX-სა და Dynetics-ს უწევდა. თავდაპირველად NASA-ს კონტრაქტი ორი კომპანიისათვის უნდა მიეცა, თუმცა არასაკმარისი დაფინანსების გამო საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლა მოუწია.

თუმცა, Blue Origin-ს ბრძოლა ჯერ არ დაუსრულებია NASA-ს HLS-ის პროგრამისათვის, რომლის მიზანიც ამერიკელი ასტრონავტების მთვარის ზედაპირზე დაბრუნებაა.