Spark - ბიზნესის აქსელერატორი

Spark - ბიზნესის აქსელერატორი

თბილისის მერიის ინიციატივით, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, ბიზნესაქსელერატორი Spark-ი ამოქმედდება.

თბილისის მერიის ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, 2019 წლიდან მცირე და საშუალო ბიზნესსექტორისთვის ბიზნესაქსელერატორი ამოქმედდება. თბილისში რეგისტრირებულ ან მომუშავე ყველა კომპანიას საშუალება ექნება, კონსულტაციის გაწევის, ფინანსური ანგარიშგებების, საგადასახადო კანონ- მდებლობისა და ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ, მათ შორის, იურიდიულ და ბრენდის პოზიციონირების საკითხებზე აქსელერატორს მიმართოს. პროექტის ფარგლებში, სიცოცხლისუნარიან და წარმატებულ 100-ზე მეტ კომპანიას აქსელერატორი ვებგვერდებს შეუქმნის, შეუდგენს ბიზნესგეგმას და შესაძლო პარტნიორებთან შემდგომ ადვოკატირებას გაუწევს. პროგრამის ფარგლებში მეწარმეებისთვის 30-მდე გამოფენა-გაყიდვაც მოეწყობა. უფრო დეტალურად ბიზნესაქსელერატორის ფუნქციის შესახებ, როგორ გაჩნდა ეს იდეა და როგორ იმუშავებს აღნიშნული პროექტი, Forbes Georgia თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, ვიქტორ წილოსანს ესაუბრა.

ბატონო ვიქტორ, პირველ რიგში, რომ ავუხსნათ მკითხველს, რა დანიშნულება აქვს ბიზნესაქსელერატორს, როგორ გაჩნდა ეს იდეა და რა არის ამ პროექტის მიზანი?

პირველ რიგში, დიდი მადლობა აღნიშნული თემით დაინტერესებისთვის. მედიის მხარდაჭერა ამ ეკოსისტემაში მყოფი მეწარმე სუბიექტებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

დღეის მდგომარეობით საქართველოში არ არსებობს ინსტიტუციონალური ბიზნესმეხსიერება, შესაბამისად, ბიზნესქმედებები ხშირ შემთხვევაში ძალიან სპონტანურია და მეწარმეებს უწევთ არა სხვისი შეცდომების გაზიარება, არამედ ამ დარტყმებისა და რისკების თავიანთ თავზე მიღება. ბიზნესის დაწყებასაც გააჩნია განვითარების ფაზები, ესენია: იდეა, შემდეგ ამ იდეის გენერირება, ბიზნესგეგმად გარდაქმნა, პირველადი დაფინანსებისა და განვითარებისთვის საჭირო დაფინანსების მოპოვება. დღეის მდგომარეობით საქართველოში მრავლად არსებობს იდეის დაფინანსების სხვადასხვა წყარო, მაგალითად, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოსა თუ საპარტნიორო ფონდის 100 000-ლარიანი საგრანტო პროგრამები. ასევე საფინანსო ინსტიტუტებმა დაიწყეს სპეციალურად სტარტაპ-პროექტის დაფინანსებისთვის პაკეტების შექმნა. თუმცა, სამწუხაროდ, შეტანილი განაცხადების მხოლოდ 2%-მდე ფინანსდება. ხშირ შემთხვევაში ამის უმთავრესი მიზეზი ის გახლავთ, რომ არ არსებობს სათანადო ცოდნა, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ არსებული ბიზნესიდეის მიწოდება და შესაძლო პარტნიორებთან კომუნიკაცია. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ბევრი კარგი პროექტი ვერ მოხვდეს დაფინანსებულთა სიაში. თბილისის მერიისა და დამსაქმებელთა ასოციაციის ინიციატივით, ევროკავშირთან ერთად, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ერთობლივი ძალისხმევითა და დაფინანსებით ეკონომიკურად აქტიური ადამიანების დახმარება გადაწყდა. საწყის ეტაპზე აღნიშნული პროექტი 4-წლიანია. 2018 წელი იყო მოსამზადებელი პერიოდი, ხოლო მომდევნო სამი წლის გეგმაში სწორედ ამ ადამიანებისთვის დახმარების გაწევაა გაწერილი.

ამ პროექტის მიხედვით რა ბენეფიტებია განსაზღვრული კონკრეტული კომპანიებისთვის?

თბილისში რეგისტრირებულ პირს ან კომპანიას თუ გააჩნია იდეა, ან სურს განვითარება, შეუძლია დარეგისტრირდეს spark. gov.ge -ზე. საკმარისია, მათ უბრალოდ გაიარონ რეგისტრაცია, რის შემდეგაცშესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ უფასო სამუშაო სივრცით, ბიზნესის ექსპერტების კონსულტაციით, შეხვედრებისთვის ცალკე გამოყოფილი სივრცით, ასევე მიიღონ კონსულტაციები მენტორებისგან, გაიარონ მათი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო ტრენინგები. ყოველთვიურად საუკეთესო იდეის მქონე მინიმუმ ოთხ პირს მსოფლიოში აღიარებული კომპანიები ბიზნესგეგმას შეუდგენენ. მათი ექსპერტული ცოდნის გაზიარება მნიშვნელოვანია როგორც შესაძლო დამფინანსებლებისთვის, ასევე თავად მეწარმეებისთვის, რადგან ისინი წინასწარ დაგეგმვასა და რისკების მართვას შეძლებენ.

სახელწოდების ისტორიასაც რომ შევეხოთ, რატომ Spark-ი? აქვს ამ სახელწოდებას რაიმე დატვირთვა?

ბევრ სხვა პროცესთან ერთად, მნიშვნელოვანი იყო, თუ როგორ მივაწვდიდით ხმას სამიზნე აუდიტორიას. რამდენიმე მარკეტინგული კომპანია შევარჩიეთ და ჩავატარეთ კონკურსი, რომელშიც კომპანია “ბეთერფლაიმ” გაიმარჯვა. ბევრი მსჯელობის შემდეგ საკომუნიკაციო სტრატეგიაც შედგა, სადაც მნიშვნელოვანი როლი ასევე სახელსა და ვიზუალს უჭირავს. აღნიშნულ  ეკოსისტემაში მყოფი პირების შემადგენლობით ფოკუს-ჯგუფები შეიქმნა და დაიტესტა რამდენიმე ვერსია. საბოლოოდ შეირჩა სახელწოდება “სპარკი”, იგივე “ნაპერწკალი”, რომელიც ნებისმიერი “დიდი აფეთქების” დასაწყისია.

რომელ კომპანიებს ექნებათ ბიზნესაქსელერატორში მონაწილეობის მიღების საშუალება?

აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის უფლება აქვს ყველას, ვისაც აქვს იდეა და მისი ბიზნესად გარდაქმნა სურს, ასევე არსებულ ბიზნესს, ვისაც აქვს ხედვა და თავისი ბიზნესის განვითარების სურვილი.

აღნიშნულ პროცესში პირის ჩართვისთვის და ჩამოთვლილი სერვისებით უფასოდ სარგებლობისთვის საჭირო პროცედურა ძალიან მარტივია. საკმარისია, დაინტერესებული პირი spark.gov.ge -ზე დარეგისტრირდეს.

სულ რამდენი გამარჯვებული კომპანია იქნება? რა თანხაა გამოყოფილი ამ პროექტის განსახორციელებლად?

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროცესში არ არსებობს დამარცხებული, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში პირები იმ ცოდნას და უნარ-ჩვევებს მიიღებენ, რაც თავიანთი იდეების განხორციელებისთვის აკლდათ.

ამჟამად მიმდინარეობს კონკურსი, სადაც მსოფლიო ხუთეულში შემავალი საკონსულტაციო კომპანიები იღებენ მონაწილეობას. აღნიშნული კომპანიის შერჩევის შემდეგ გამარჯვებული კომპანია ყოველ წელს სიცოცხლისუნარიან 50 იდეას გამოავლენს, რომელთაც ბიზნესგეგმას დაუწერს. ხოლო შემდგომ მეწარმეებს შესაძლო პოტენციურ პარტნიორებთან პროექტის ადვოკატირებაში დაეხმარება. ბიზნესაქსელერატორის ჯამური ბიუჯეტი 3 მილიონ ლარზე მეტია, რომელსაც თბილისის მერია და ევროკავშირი თანაბრად აფინანსებს.

ამ პროექტში ჩართვა მხოლოდ თბილისში არსებულ ბიზნესებს შეეძლებათ? რამდენ ხანს გასტანს შერჩევის პროცესი და რა ვალდებულებები დაეკისრებათ ბიზნესაქსელერატორში ჩართულ კომპანიებს?

ვინაიდან ამ პროექტის თანადამფინანსებელი თბილისის მერიაა, პროექტში ჩართვა მხოლოდ თბილისში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეეძლებათ. შერჩევა ყოველთვიურად მოხდება. მეწარმეებს ექნებათ 2-თვიანი ვადა, რომ “სპარკის” კონსულტანტებთან ერთად თავიანთი იდეა დახვეწონ, სწორი მონაცემები წარმოადგინონ და პროცესი შეკრან. პროექტში მონაწილე კომპანიების მთავარი მოვალეობაა, მეტი წვლილი შეიტანონ ქალაქისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და წარმატებას მიაღწიონ.

როდის დაიწყება “სპარკი”, თუ არის უკვე კონკრეტული თარიღი ცნობილი?

2018 წელი სრულად დაეთმო მოსამზადებელ სამუშაოებს. თბილისის მერიის მედიათეკების გაერთიანებამ “სპარკს” კიკვიძის ბაღის შენობა პრაქტიკულად სრულად დაუთმო, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. დაინტერესებულ პირებს 2019 წლის იანვრის ბოლოდან აღნიშნულ სივრცეში ყველა ზემოხსენებული სერვისების მიღება შეეძლებათ.

დაბოლოს, რა არის “სპარკის” მიზანი? რა არის თქვენი გათვლა?

პირველ რიგში, “სპარკის” მიზანია მოტივირებულ და იდეის მქონე ადამიანებს გავუღრმავოთ რწმენა, რომ სწორად წარმართული იდეის შემთხვევაში, შეუძლიათ გააოცონ საკუთარი თავიც და ირგვლივ მყოფნიც. თავიანთი ცოდნა და გამოცდილება სხვა პირებსაც გაუზიარონ. ასევე შეიქმნას მეტი მცირე და საშუალო ბიზნესი. მსგავი აქტივობები მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკის განვითარების გარანტიაა.