Spotify ახალი სერვისების დამატების გამო ფასის გაზრდას განიხილავს - Financial Times

Spotify ახალი სერვისების დამატების გამო ფასის გაზრდას განიხილავს - Financial Times

Financial Times-ის ინფორმაციით, სტრიმინგსერვისების პლატფორმა Spotify ფასების გაზრდას გეგმავს, რისი მიზეზიც ახალ სერვისებში ინვესტირებაა. აღნიშნულ ინფორმაციას Financial Times-ი კომპანიის მთავარი ბიზნესოფიცრის, ალექს ნორსტრომის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ბიზნესგამოცემის თანახმად, მუსიკალური სტრიმინგსერვისების პლატფორმა მიზნად 1 მილიარდი მომხმარებლის მოზიდვას ისახავს.

ნორსტრომის განცხადებით, ფასების ზრდა ახალი სერვისებისა და ფუნქციონალის გაცნობასთან ერთად განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ, რამდენიმე კვირის წინ კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადებით, შვედური ფირმა პლატფორმის პრემიუმ-ვერსიის ინდივიდუალური მომხმარებლებისათვის ყოველთვიურ გადასახადს გაზრდიდა. აღნიშნული კატეგორიის გამოწერის ფასის ზრდას Spotify სექტემბრიდან გეგმავს, რისი მიზანიც მოგების მარჟის ზრდაა. Spotify-ს განცხადებით, აღნიშნული ზრდა კონკრეტულ ბაზრებზე განხორციელდება. უფრო ზუსტად, ინდივიდუალური პრემიუმ-ვერსიის გამოწერის ფასი სამხრეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონებში 10.99 ევროდან 11.99 ევრომდე გაიზრდება.

საინტერესოა, რომ გასული წლების განმავლობაში ფასების ზრდისა და ხარჯების შემცირების მცდელობების შედეგად, Spotify-მ პირველი ფინანსურად მოგებიანი წელი შარშან დააფიქსირა.

ცნობისათვის, 2025 წლის ივნისის მონაცემებით, Spotify-ს 696 მილიონი ყოველთვიური აქტიური მომხარებელი ჰყავს, 276 მილიონი მომხმარებელი კი გამოწერის ფასიანი სერვისით სარგებლობს.