ქართულმა ბრაუზერმა Stack პირველი Seed საინვესტიციო რაუნდი წარმატებით დახურა და ჯამში $2.5 მილიონი დოლარი მოიზიდა. როგორც მისი დამფუძნებელი, გიორგი ლალიაშვილი გვიყვება, ჯამში კომპანიაში $3 მილიონამდე ინვესტიციაა აკუმულირებული. მისი თქმით, ახალი ინვესტორების დაინტერესება განსაკუთრებით, 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამის შემდეგ გახდა შესაძლებელი. როგორც გიორგი ამბობს, ყველაზე მნიშვნელოვანი უკუკავშირი სწორედ აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობისას მიიღეს. კლასიკური ტიპის ბრაუზერების კონცეფცია, დაახლოებით 25 წლის წინ შეიქმნა, შესაბამისად ინვესტორები ხვდებიან, რომ ბაზარზე განსხვავებული და ახალი პროდუქტის არსებობაა საჭირო, მათი აქტიურობაც ამით აიხსნება. ჯამში კომპანიას 10 ახალი ინვესტორი შემოუერთდა სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის: უკრაინა, გერმანია, ნიდერლანდები, ჰონგ-კონგი და ა.შ. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ Stack-ის ერთ-ერთი ინვესტორი ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელიაცაა, გარდა ამისა სიას Lunar Ventures, 500 Startups (ამჟამად 500 Global), Peak Capital და სხვები ამშვენებენ.
„თითოეულ ინვესტორს საკუთარ სფეროში უმნიშვნელოვანესი მიღწევები აქვს და მათი გამოცდილება ჩვენს გუნდს ძალიან გამოადგება. მაგალითად, ერთ-ერთი Microsoft-ის ყოფილი გენერალური დირექტორია და ცხადია მისი ცოდნა ძალიან დაგვეხმარება. ზოგიერთი ლათინო ამერიკის ბაზარს დეტალურად იცნობს და ამ ქვეყნებში შესვლის შემდეგ მომხმარებელთან კომუნიკაციას ბევრად გაგვიმარტივებს და ა.შ. ეს ადამიანები თანხის გარდა დიდ ცოდნას მოიტანენ კომპანიაში“ – განაცხადა გიორგიმ
მისი თქმით, ბრაუზერი გაშვებიდან – დღემდე, უფრო მეტად აჩქარდა, უფრო თავსებადი გახდა სხვადასხვა აპლიკაციებთან და განსხვავებული ფუნქციები შეიძინა. ერთ-ერთი მათგანი კოლაბორაციულობა ანუ ე.წ. Space-ის გაზიარებაა. გიორგიმ მაგალითად Google Doc მოიყვანა, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ადამიანს აძლევს საშუალებას 1 სამუშაო სივრცე გაიზიარონ, სწორედ მსგავსი ფუნქცია ჩაშენდება Stack-ში, რაც გარდა ინტერნეტ ბრაუზერისა, მას სხვა მნიშვნელობას შეძენს.
„გამოდის, რომ მცირედით ვექტორს ვიცვლით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პროდუქტიულობის ბრაუზერი აღარ ვიქნებით, ჩვენ უბრალოდ მულტიპლეიერის ფუნქციასაც შევითავსებთ. Stack-ის კონცეფცია ვირტუალური სამუშაო სივრცის შეთავაზებაა, სადაც მომხმარებლები რაღაც ახალს შექმნიან. ზუსტ ანალოგად არ გამოდგება, თუმცა დაახლოებით Facebook-ის მეტავერსის მსგავსი იქნება, რომელიც სრულყოფილ სივრცეს შესთავაზებს ადამიანებს.” – ამბობს გიორგი
მისი თქმით, კომპანიის განვითარებაში მომხმარებლის Feedback-მა უდიდესი წვლილი შეიტანა. Stack-ის გუნდის შიდა საკომუნიკაციო ხელსაწყო Discord-ია, სადაც 500 ყველაზე აქტიური ე.წ. Early Adopter მომხმარებლისგან იღებენ უკუკავშირს. როდესაც ვკითხეთ, თუ რა მოთხოვნები აქვს 21-ე საუკუნის მომხმარებელს, ასეთი პასუხი მივიღეთ:
„დღეს ერთ-ერთი თვალსაჩინო ტრენდი Web 3.0-ია, რომელიც დეცენტრალიზებულ ინტერნეტ პლატფორმების გამოყენებას გულისხმობს. ამ შემთხვევაში მომხმარებელი აღარ ზრუნავს მის პირად ინფორმაციაზე და ფაქტობრივად, ყველაფერს თავად აკონტროლებს. ბოლო პერიოდში ადამიანებიsთვის პირადი ინფორმაცია განსაკუთრებით სენსიტიური გახდა. გარდა ამისა, მთავარია სისწრაფე და მოქნილობა, რათა ადამიანების ყველა მოთხოვნა მყისიერად დაუკმაყოფილო. დღეს მომხმარებლები უამრავ შეტყობინებას თუ Fake News იღებენ, რისგან თავის დაცვაც და მათი გაფილტრვაც ერთ-ერთ მოთხოვნად ჩამოყალიბდა“ – ამბობს გიორგი
განახლებული ბრაუზერის გაშვება ბაზარზე 2022 წლისთვისაა დაგეგმილი.
წყარო: Stack-მა 3 მილიონამდე დოლარის ინვესტიცია მოიზიდა (fintech.ge)