2025 წლისათვის უკრაინა დედამიწის ორბიტაზე 8 სატელიტის გაშვებას გეგმავს

2025 წლისათვის უკრაინა დედამიწის ორბიტაზე 8 სატელიტის გაშვებას გეგმავს

უკრაინაში ეროვნული კოსმოსური პროგრამა დამტკიცდა, რომლის ფარგლებშიც 2025 წლისათვის დედამიწის ორბიტაზე 8 სატელიტის განთავსებაა დაგეგმილი. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის სახელმწიფო კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვოლოდიმირ ტაფტაიმ გაავრცელა.

მისი განცხადებით, ეროვნულ პროგრამას სამი ძირითადი მიმართულება ექნება. მისი მიზანი დედამიწის დაკვირვების სისტემების განვითარება, ძლიერი გამშვები დანადგარების დამზადება, ბაზარზე არსებული უახლესი კოსმოსური ტექნოლოგიების გაცნობა და კვლევისა და განვითარების ნაბიჯების დაგეგმვა იქნება.

ოფიციალური პირების განცხადებით, სახელმწიფო კოსმოსური პროგრამა მძიმე კლასის კოსმოსური ხომალდებისა და კოსმოსური კომპლექსების, საშუალო და მსუბუქი გამშვები მექანიზმებისა და ულტრამსუბუქი კომპლექსების წარმოებას ითვალისწინებს.

როგორც ჩანს, უკრაინის მთავრობას NASA-სთან და კოსმოსის ევროპულ სააგენტოსთან ერთად საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა და კოსმოსის განვითარებაში კონტრიბუცია სურს. გარდა ამისა, არტემისის საერთაშორისო პროექტისათვის უკრაინა მთვარის მოდულის, ხელსაწყოებისა და სისტემების წარმოებასაც გეგმავს. აღნიშნულ დანადგარებს კი უკრაინა საკუთარი მთვარის მისიის დროს გამოიყენებს.

ვოლოდიმირ ტაფტაის განცხადებით, გაჟღერებული სიახლეები არ არის ყველაფერი, რასაც უკრაინა კოსმოსური კვლევების განვითარებისათვის გეგმავს. თუმცა, მისი მოსაზრებით, ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯები სტრატეგიის კონტურებს მაინც გამოყოფს. „ჩვენ დავიცავთ სახელმწიფოს კოსმოსში, ვაწარმოებთ მსოფლიო დონის სიმძლავრის ხომალდსა და კოსმოსურ ტექნოლოგიებს და მოვახდენთ კვლევასა და განვითარებაში ინვესტირებას“, – აღნიშნა მან.