სტანდარტიზებული შეფუთვა თუ თამბაქოს ზიანის შემცირება?

სტანდარტიზებული შეფუთვა თუ თამბაქოს ზიანის შემცირება?

თამბაქოს მოხმარება მსოფლიო ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. დღეს მსოფლიოში 1.3 მილიარდი მწეველია და ჯანმოს ვარაუდით, ეს რიცხვი 2025 წლისთვის უცვლელი დარჩება.

ტრადიციულ მოწევასთან მოხმარებასთან დაკავშირებული რისკების შემცირების მიზნით, ჯანდაცვის სისტემები სხვადასხვა ინსტრუმენტებს იყენებენ, მათ შორის: თამბაქოს ნაწარმზე მაღალი გადასახადის დაწესებას, შენობებსა და თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვას და სხვა. ერთ-ერთ ასეთ ინსტრუმენტს თამბაქოს “სტანდარტიზებული შეფუთვა” წარმოადგენს.

რას ნიშნავს თამბაქოს სტანდარტიზებული შეფუთვა?

თამბაქოს სტანდარტიზებული, ანუ სადა შეფუთვა გულისხმობს პროდუქტის ვიზუალის გარდაქმნას ისე, რომ არ მოხდეს პროდუქტზე ბრენდის ლოგოს ან ბრენდთან ასოცირებული გამოსახულების დატანა. „სტანდარტიზებული შეფუთვის“ მთავარი მიზანია, შეამციროს პროდუქტის მიმზიდველობა და გაზარდოს ჯანმრთელობის რისკების შესახებ გაფრთხილებების ხილვადობა.

რამდენად ეფექტურია თამბაქოს “სტანდარტიზებული შეფუთვა”?

2021 წლის მონაცემებით, თამბაქოს „სტანდარტიზებული შეფუთვაზე“ საკანონმდებლო მოთხოვნა მსოფლიოს 20 ქვეყანაში მოქმედებდა. მათ შორის ისეთ ქვეყნებში, როგორებიც არის: დიდი ბრიტანეთი, ახალი ზელანდია, ავსტრალია, საფრანგეთი…

2012 წელს ავსტრალია გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც თამბაქოს „სადა შეფუთვა“ დააწესა. საინტერესოა, რომ ავსტრალიაში აღნიშნული ინიციატივის ამოქმედებიდან 34 თვეში,  სიგარეტის მოხმარებისთვის თავის დანებების 2.2%-იან მაჩვენებელში 0.55%-ს სწორედ თამბაქოს სადა შეფუთვას უკავშირებდნენ.

აღსანიშნავია, რომ თამბაქოს სადა შეფუთვის დაწესების შემდეგ თამბაქოს მოხმარების რაოდენობა შემცირდა დიდ ბრიტანეთშიც. გაერთიანებულ სამეფოში “სტანდარტიზებული შეფუთვის” შემოღების პარალელურად, შედარებით იაფ თამბაქოს პროდუქტზე მკაცრი საგადასახადო შეზღუდვების დაწესების შედეგად, სულ რაღაც ერთ თვეში სიგარეტის გაყიდვები 20 მილიონით შემცირდა.

კვლავ სტატისტიკურ მაჩვენებლებს რომ დავუბრუნდეთ, ტრადიციული სიგარეტის მოხმარების მაჩვენებელმა 2013 წლიდან 2016 წლამდე ავსტრალიაში 0.9%-ით დაიკლო, დიდ ბრიტანეთში – 2.9%-ით, ხოლო ახალ ზელანდიაში 1.6%-ით.

საინტერესოა, რომ ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთსა და ახალ ზელანდიაში თამბაქოს პროდუქციაზე თითქმის მსგავსი საკანონმდებლო შეზღუდვები მოქმედებდა. მიუხედავად ამისა, სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობა ავსტრალიაში უფრო ნელა მცირდებოდა. საინტერესოა, რამ განაპირობა აღნიშნულ მაჩვენებლებს შორის ასეთი განსხვავება?

თამბაქოს მოხმარებასთან ბრძოლის ინოვაციური მიდგომები

ამ ტენდენციის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად ბაზარზე ელექტრონულ სიგარეტებზე დაწესებული შეზღუდვები უნდა მივიჩნიოთ. მაშინ, როდესაც ავსტრალიაში თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების მოხმარება და კომერციალიზაცია 2019 წლამდე არალეგალური იყო, დიდი ბრიტანეთისა და ახალი ზელანდიის მთავრობები ხელს უწყობდნენ მოსახლეობის მხრიდან თამბაქოს შემცირებული რისკის მქონე პროდუქტების მოხმარებაზე გადასვლას.

მაგალითად, ახალი ზელანდიის მთავრობამ 2011 წელს ფისკალური და საკანონმდებლო შეზღუდვები დააწესა სიგარეტებზე, თუმცა, ამავდროულად განახორციელა თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის იმპლემენტაცია. ამავე ინიციატივის ფარგლებში, 2020 წელს ახალი ზელანდიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოეხდინა თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობებისა და ელექტრონული სიგარეტების მოხმარების ლეგალიზაცია.

2020 წელს მიღებული ინიციატივის შედეგად, ახალ ზელანდიაში ტრადიციული თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელმა საგრძნობლად იკლო. თუ 2014-2015 წლებში ქვეყანაში მწეველთა მაჩვენებელი 16.6%-ს უტოლდებოდა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 13.4%-მდე დაეცა, ხოლო 2021 წლისთვის, ანუ სულ რაღაც ერთ წელიწადში, 11.6%-მდე შემცირდა.

ამ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თამბაქოს მოხმარების შემცირების პროცესში თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

რა მიდგომა მოქმედებს საქართველოში?

საქართველოს საკანონმდებლო სისტემა არ ითვალისწინებს თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის შესაძლო სარგებელს, შედეგად, მის მთავარ ინსტრუმენტს თამბაქოს პროდუქციაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესება წარმოადგენს. ჯანდაცვის ინსტიტუტებისა და საკანონმდებლო სისტემების მიერ გატარებული ინიციატივების შედეგად, საქართველოში ზრდასრულ მწეველთა რაოდენობა 31%-დან (2016) 28.2%-მდე (2020) შემცირდა. თუმცა, დღეს ქვეყანაში დაახლოებით 800 000 მწეველია და მათი დიდი ნაწილი არ ანებებს თავს მოწევას.

ამ გამოწვევასთან გამკლავების მიზნით, 2023 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში თამბაქოს ნაწარმზე “სტანდარტიზებული შეფუთვის” ინიციატივა ამოქმედდება. საინტერესოა, რა შედეგის მომტანი იქნება აღნიშნული ინიციატივა საქართველოსთვის და მიაღწევს თუ არა ის ახალი ზელანდიის მსგავს წარმატებას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *