GITA-ს 650,000 – ლარიანი საგრანტო პროგრამის ფარგლებში სტარტაპმა „ქარუ“ 300,000 ლარი გრანტის სახით მიიღო.
„ქარუ“ არის პლატფორმა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ავტოასისტენტის გამოძახება, რომელსაც მიჰყავს მანქანა და შეკეთებულს აბრუნებს უკან.
სტარტაპის დამფუძნებლისა და დირექტორის ნიკა აბაშიძის განმარტებით, მიღებულ 300,000-ლარიან გრანტს „ქარუ“ პროგრამული განვითარების გუნდის შექმნაში გამოიყენებს, რაც განვითარებასა და მასშტაბების გაზრდაში დაეხმარება. მისივე თქმით, თუ აქამდე „ქარუ“ პროგრამულ უზრუნველყოფას გარე კომპანიებს უკვეთავდა, გრანტის მეშვეობით თავად გახდება ტექნოლოგიური კომპანია და თავადვე შექმნის პროდუქტს.
„ქარუმ“ GITA-სგან პირველი – 100,000-ლარიანი გრანტი 2019 წელს მიიღო, რაც პლატფორმის შესაქმნელად გამოიყენა.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ტოპ სამ ყველაზე დიდ ავტოსერვისში შევდივართ და მომხმარებლის მომსახურების მაჩვენებლით შეიძლება მეორეც ვიყოთ. GITA-სგან 2019 წელს მიღებული გრანტის მეშვეობით დღეს უკვე გვაქვს ეკოსისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მომხმარებელს შევთავაზოთ Uber-ისა და Upwork-ის მსგავსი პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს, დაცულად გამოიყენოს ავტოასისტენტის მომსახურების სერვისი“, – აღნიშნა მან.
„ქარუს“ ამ დროისთვის დასაქმებული ჰყავს 70 ავტოასისტენტი, ხოლო ოფისში მომუშავეთა რაოდენობა 12 ადამიანს შეადგენს.
რაც შეეხება GITA -ს 650,000-ლარიან საგრანტო პროგრამას, ის მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. „ქარუ“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული მე-18 სტარტაპია.