სუეცის არხის წლიურმა შემოსავალმა რეკორდულ მაჩვენებელს - $5.84 მილიარდს მიაღწია

სუეცის არხის წლიურმა შემოსავალმა რეკორდულ მაჩვენებელს - $5.84 მილიარდს მიაღწია

ეგვიპტის ტერიტორიაზე მდებარე სუეცის არხის შემოსავალი 2020–2021 ფინანსურ წელს რეკორდულ მაჩვენებლამდე – $5.84 მილიარდამდე გაიზარდა. არხის ადმინისტრაციის  განცხადებით,  გასულ წელს აღნიშნული მაჩვენებელი $5.72 მილიარდს უტოლდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მარტში სუეცის არხში კონტეინერმზიდი გემი Ever Given-ი რამდენიმე დღის განმავლობაში იყო გაჭედილი,  როგორც სუეცის არხის ადმინისტრაცია აცხადებს, შემოსავალი 2021 წლის პირველ ნახევარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 10%–ით – $2.76 მილიარდიდან $3 მილიარდამდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ მარტში Ever Given–ის გამო არხი ექვსი დღის განმავლობაში ბლოკირებული იყო, რამაც მსოფლიო ვაჭრობას დიდი პრობლემები შეუქმნა. ამასთან, Ever Given–ს  მხოლოდ ივლისის დასაწყისში მისცეს ნება, დაეტოვებინა სუეცის არხი, მას შემდეგ, რაც არხის  ხელმძღვანელებმა გემის მფლობელებთან და სადაზღვევო კომპანიებთან  შეთანხმებას მიაღწიეს.

გემის გაჭედვის შედეგად მიყენებული ფინანსური და რეპუტაციული დანაკარგის კომპენსირების მიზნით, არხის ადმინისტრაციამ სარჩელით მიმართა ეგვიპტის სასამართლოს და გემის მფლობელისაგან 900 მილიონი დოლარის გადახდა მოითხოვა. თუმცა ადმინისტრაციასა და გემის მფლობელს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ ეს პროცესი შეჩერდა.

როგორც არხის ადმინისტრაცია აღნიშნავს, გემების რაოდენობა, რომლებიც  სუეცის არხს სატრანსპორტო მიმოსვლისათვის იყენებენ, 2021 წლის პირველ ნახევარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  9546 დან 9763–მდე  გაიზარდა.

საინტერესოა, რომ მსოფლიო საზღვაო გადაზიდვების დაახლოებით 15%  სწორედ სუეცის არხის გავლით ხორციელდება. ეს  უმოკლესი საზღვაო მარშრუტია ევროპასა და აზიას შორის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სუეცის არხი  ეგვიპტეში უცხოური ვალუტის შედინების უდიდეს წყაროს წარმოადგენს.

Ever Given–ის ინციდენტის შემდეგ, არხის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, დააჩქაროს არხის სამხრეთის მონაკვეთის გაფართოებისა და გაღრმავების სამუშაოები და გააუმჯობესოს მეორე, ჩრდილოეთის მიმართულების ზოლი, რომელიც 2015 წელს აშენდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *