XX საუკუნის გამორჩეული ნობელიატი ეკონომისტი მილტონ ფრიდმანი თავის სატელევიზიო სერიაში – „თავისუფალი არჩევანი“ – ფანქრის წარმოების ჯაჭვის განხილვით ცდილობს ახსნას, თუ როგორ უზრუნველყოფს თავისუფალი ბაზარი მსოფლიო მშვიდობასა და ჰარმონიას.
„მსოფლიოში არ არსებობს ცალკეული ადამიანი, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია ფანქრის დამზადება. საჭირო მერქანი ვაშინგტონში მოჭრილი ხეებიდან მოდის, რომლის მოჭრას სჭირდება ხერხი. ხერხი ფოლადისგან მზადება. ფოლადი კი – რკინის მადნისგან. გრაფიტი, არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ, ვფიქრობ, სამხრეთ ამერიკიდან არის. საშლელი ალბათ მალაიზიიდან არის. სპილენძის რგოლი? წარმოდგენა არ მაქვს, საიდან მოვიდა. ან საღებავი, რომელიც შავ ხაზებს ქმნის, ან წებო, რომელიც ამ ყველაფერს აწებებს… პირდაპირი მნიშვნელობით, ათასობით ადამიანმა ითანამშრომლა ფანქრის დამზადებისას… მაშინ, როცა ფანქრის საყიდლად მაღაზიაში ჩადიხართ, სინამდვილეში, თქვენს რამდენიმე წუთს ვაჭრობთ ამ ათასობით ადამიანის რამდენიმე წამისთვის“.
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და ტრამპთან დაახლოებული ილონ მასკის მიერ მოწონებული და საკუთარ სოციალურ ქსელში ხშირად გაზიარებული ავტორი მილტონ ფრიდმანი ვაჭრობას არა მხოლოდ პროდუქტიულობის, არამედ მსოფლიოს ხალხებს შორის მშვიდობის ხელშემწყობად მიიჩნევდა.
XXI საუკუნეში დონალ ტრამპი თავისუფალ ვაჭრობას ებრძვის. ტრამპმა საპრეზიდენტო საქმიანობის მეორე კვირა სამი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნიდან საქონლის იმპორტზე ტარიფების დაწესებით დაიწყო: ჩინეთიდან ყველა სახის საქონელზე დამატებით 10%-იანი სატარიფო განაკვეთი დაწესდა, ხოლო მექსიკიდან და კანადიდან იმპორტზე 25%-იანი ტარიფები იმოქმედებს (გამონაკლისი კანადიდან ენერგორესურსებია, სადაც 10%-იანი სატარიფო განაკვეთი დაწესდება). მოგვიანებით, ტრამპმა ახალი ტარიფები გამოაცხადა. ამჟამად ყველა ქვეყნისთვის, გამონაკლისების გარეშე, 25%-იანი სატარიფო განაკვეთი იმოქმედებს აშშ-ში ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე. ამით, ფაქტობრივად, ევროკავშირთან და დიდ ბრიტანეთთან ადრე არსებული საგამონაკლისო შეთანხმება გაუქმდა.
დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ სავაჭრო ომში ყველა დამარცხებულია. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესება, ისევე როგორც ამ ქვეყნების მხრიდან საპასუხო პროტექციონისტული ზომების მიღება, გაუმართლებელია. ტარიფები ვაჭრობაში ბარიერია. ვაჭრობა ყველას მდგომარეობას აუმჯობესებს, ასეთი შეფერხება კი აუარესებს. საერთაშორისო ვაჭრობაში დაწესებული ბარიერები საქონლის გაცვლის მასშტაბს ამცირებს, რაც გლობალური ეკონომიკის დანაკარგია. საქართველოც სავაჭრო და კაპიტალის ღიაობით გამორჩეული გლობალური ეკონომიკის ნაწილია. შესაბამისად, ადგილობრივი ეკონომიკა გლობალური მოვლენებისადმი სენსიტიურია. ამრიგად, ტრამპის სავაჭრო ომის შედეგების გამზიარებელი საქართველოში ადგილობრივი მომხმარებელი და მწარმოებელიც იქნება.
დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკა პირდაპირ და მასშტაბურ ზიანს ამერიკის სავაჭრო პარტნიორებს მიაყენებს. ასეთი ეკონომიკური ერთეულები მეზობელი ქვეყნები – მექსიკა და კანადა, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ჩინეთი და ევროკავშირის ქვეყნებია. ესენი კი ასევე საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან. სხვა ქვეყნებზე გავლენა კი უფრო მეტად არაპირდაპირია. თუმცა, დიდად ამერიკელი მომხმარებელი დაზიანდება, რომელსაც პრეზიდენტ ტრამპის სავაჭრო ომის ხარჯების გაღება მოუწევს.
ტარიფი საქონელზე დაწესებული გადასახადია, რაც ვაჭრობაში მონაწილე ორივე მხარის მდგომარეობას აუარესებს. გადასახადი იწვევს მყიდველის მიერ გადახდილი ფასის გაზრდას და ამცირებს გამყიდველის მიერ მიღებულ ფასს. ამრიგად, ვაჭრობაში დაწესებული ტარიფები ორივე მხარის დანახარჯია, რომლის შედეგად ადგილობრივი მწარმოებლის ნაწილი კონკურენციის შემცირებით ხეირობს, მაგრამ მომხმარებლები და სხვა მწარმოებლები ზარალდებიან. პროტექციონისტული პოლიტიკით მიღებული მთლიანი ზარალი კი მთლიან სარგებელს აღემატება.
ვაჭრობა არ ჰგავს სპორტულ შეჯიბრებას, სადაც ერთი მხარე იგებს და მეორე აგებს. აქ ყველა გამარჯვებულია. ვაჭრობა ყველას მდგომარეობას აუმჯობესებს, რადგან ის საშუალებას აძლევს ადამიანებს, სპეციალიზდნენ იმ საქმეში, რაშიც ისინი შედარებით უპირატესობას ფლობენ. ესე იგი, აწარმოონ ის საქონელი, რომლის დამზადება შედარებით ნაკლები დანახარჯით შეუძლიათ. როცა ინდივიდების შრომა ასეა დანაწილებული, წარმოებული დოვლათის საერთო რაოდენობა იზრდება და თითოეული ინდივიდის ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდება. თავისუფალი საერთაშორისო ვაჭრობის პირობებში სპეციალიზაცია და შრომის დანაწილება მსოფლიო მასშტაბის ხდება, რაც ცალკეული ადამიანის შესაძლებლობებს კიდევ უფრო მეტად აფართოებს.
ამრიგად, ტრამპის სატარიფო პოლიტიკა ბრძოლაა თავისუფალ საერთაშორისო ვაჭრობასთან, რომელიც პირველ რიგში თავად ამერიკელ მომხმარებელს აზიანებს და შემდეგ – დანარჩენ მსოფლიოს. ამის ნაწილია საქართველოც.