TBC Capital: 2019 წელთან შედარებით, 2021 წლის ივლისში ერთი ვიზიტორის საშუალო დანახარჯი 98%-ით გაიზარდა

TBC Capital: 2019 წელთან შედარებით, 2021 წლის ივლისში ერთი ვიზიტორის საშუალო დანახარჯი 98%-ით გაიზარდა

2021 წლის პირველი ივნისიდან საზღვრების გახსნასთან ერთად, მიმდინარე წლის ივლისში ავიამიმოსვლამ 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემების 73% შეადგინა. თუმცა ქვეყანაში სახმელეთო გზით შემოსვლამ 2019 წლის ივლისის მონაცემების მხოლოდ 13% მოიცვა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ივლისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ვიზიტებმა ჯამური საჰაერო ვიზიტების 58,9% შეადგინა, ვიზიტორთა 32%  – ბათუმის აეროპორტზე, ხოლო 9% კახეთზე მოდის. ბათუმის აეროპორტის შემთხვევაში ვიზიტების მოცულობა 2019 წლის ივლისთან შედარებით 12%-ითაა გაზრდილი. საერთაშორისო ვიზიტორების 60% ქვეყანაში საჰაერო გზით შემოვიდა.

მნიშვნელოვანია, რომ თუ 2019 წელს საერთაშორისო ვიზიტორების დიდი წილი მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსულებზე მოდიოდა, 2021 წლის ივლისში ტურისტების ძირითადი ნაკადი უკრაინიდან, ისრაელიდან, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, ევროკავშირიდან და შეერთებული შტატებიდანაა. საერთაშორისო ვიზიტორებისგან 2021 წლის ივლისში მიღებული შემოსავლები 2019 წლის ანალოგიური პერიოდის 52%-ს შეადგენს. მთლიანი შემოსავლების 47,5% უკრაინაზე, საუდის არაბეთზე, ისრაელზე, დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. რაც შეეხება 2021 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, საერთაშორისო ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავალი 2019 წლის ანალოგიური პერიოდის 27%-ს შეადგენს.

არარეზიდენტი პირების მიერ გაწეული ხარჯების შემთხვევაში, 2021 წლის ივლისმა 2019 წლის დონეს 26%-ით გადააჭარბა, რაც რეგულაციების შემცირებითა და ინფიცირების შემთხვევების კლებით აიხსენება. თუმცა არარეზიდენტების უნაღდო ხარჯები აგვისტოში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის პარალელურად შემცირდა.

2019 წლის მაჩვენებლამდე საერთაშორისო ვიზიტორთა მოგზაურობების აღდგენას, მნიშვნელოვნად აჭარბებს შემოსავლები, რაც საშუალო დანახარჯების ზრდას გულისხმობს. 2021 წლის ივლისში ერთი ვიზიტორის მიერ გაწეულმა ხარჯმა 889 ლარი შეადგინა, რაც 98%-ით მაღალია 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე. აღნიშნული ზრდა TBC Capital-ის შეფასებით ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობის ზრდას უკავშირდება. 2021 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით კი აღნიშნული მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით 61%-ითაა გაზრდილი. საშუალო ხარჯების ზრდის მიზეზად ვიზიტორების მიერ ქვეყანაში გატარებული დროის ზრდა შეიძლება ჩაითვალოს.

 

ფოტო: Walter Shalev

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *