ჭადრაკის სვლები საქართველოში

ჭადრაკის სვლები საქართველოში

ჭადრაკის დაფა ბრძოლის ველია, რომელზეც, დადგენილი წესების ფარგლებში, ორი მოთამაშე ერთმანეთს გამარჯვებამდე ებრძვის. ეს უკვდავი თამაში, რომელიც მუდმივად ინარჩუნებს პოპულარობას და რომელსაც მრავალი საუკუნეა, მთელ მსოფლიოში თამაშობენ, მსოფლიო ისტორიისა და კულტურის შემადგენელი ნაწილია. როდის შეიქმნა ეს უნივერსალური სამაგიდო თამაში, როგორ მოაღწია საქართველომდე და რა კვალი დატოვა მსოფლიო ისტორიაში? 

შუა საუკუნეების ქართულ პოემაში, „ამირანდარეჯანიანში“, ჩამოთვლილია შვიდი უნარი, რომელთაც ყველა რაინდი უნდა ფლობდეს: მშვილდოსნობა, ასპარეზობა, შუბის ხმარება, ცხენოსნობა, ნადირობა, ცურვა და ჭადრაკი. არჩილ მეფეც, დაახლოებით იმავე თვისებებს ჩამოთვლის XVII საუკუნეში და მისგან შექებულ უნარებს შორის კვლავ გვხვდება ჭადრაკი. გიორგი ათონელი რელიგიურ ტექსტშიც ასახელებს, მეფე ვახტანგ VI წესებს აღწერს, სულხან-საბა ორბელიანი ლექსიკონში განმარტავს, თეიმურაზ II კი საინტერესო ლექსს უძღვნის გვიანანტიკურ ხანაში შექმნილ უკვდავ თამაშს, რომელსაც ამიერკავკასიაში სულ ცოტა, 1300 წელია, რაც თამაშობენ. 

ადრეული შუა საუკუნეებიდან, ჭადრაკს თამაშობდნენ ინდოეთში, სასანურ ირანში, ბიზანტიის იმპერიაში, ქართულ და სომხურ სამეფოებში, აბასიანთა სახალიფოში, კაპეტინგების საფრანგეთში, საღვთო რომის იმპერიაში, ინგლისში, ჯვაროსნულ სამეფო-სამთავროებში, კორდოვის სახალიფოში, ტამპლიერთა ორდენში, მონღოლთა იმპერიასა და საერთოდ, შორეულ აღმოსავლეთში. თამაშს ჰქონდა მრავალი ნაირსახეობა, სანამ იმ კლასიკურ ვერსიამდე მოვიდოდა, რომელიც დღესაც ინარჩუნებს დიდ პოპულარობას. 

ფირდოუსის „შაჰნამეში“ (XI ს.), მოყვანილია ამბავი ინდოეთის მეფისა და თამაშის გამომგონებელი ბრძენი სისა იბნ დაჰირისა, რომელმაც მეფე ჯერ ჭადრაკის გამოგონებით გააოცა, შემდეგ კი, ჯილდოდ, ოსტატურად მოითხოვა იმ რაოდენობის ხორბალი, დედამიწას რომ დაფარავდა. ისევ „შაჰნამეშია“ მოთხრობილი სხვა ვერსია: თითქოს თამაშის გამოგონების მიზანი, უფლისწულის ბრძოლაში დაღუპვის მიზეზის ჭადრაკის დაფაზე, ფიგურების მეშვეობით ჩვენება იყო. ასევე, ამ სპარსულ ეპოსშია მოთხრობილი, როგორ გაცვალეს ინდოეთის მეფემ და სპარსეთის შაჰმა თავიანთი სამაგიდო თამაშები (სპარსელებმა – ნარდი, ინდოელებმა – ჭადრაკი) და შეთანხმდნენ, ვინც მოწინააღმდეგის შექმნილი თამაშის ყველა წესს გამოიცნობდა, მას მეორე მხარე დიდძალ ძღვენს უბოძებდა. სპარსელებმა ამოიცნეს ჭადრაკის პრინციპები, ინდოელებმა კი ვერაფერი მოუხერხეს ნარდს და შაჰისთვის ხარკის გადახდა მოუხდათ. „ჩატურანგა“ – ასე ეძახდნენ ინდოელები თამაშს. ეს სიტყვა ოთხ ნაწილს, ოთხ დივიზიას ნიშნავს და უნდა მიუთითებდეს ინდური ჯარის ოთხ სახეობაზე – სპილოები, ეტლები, კავალერია, ქვეითი ჯარი, რაც ჭადრაკის დღემდე შემორჩენილ ფიგურებზეც კი აისახება. ასევე, ჩატურანგას ოთხი მოთამაშე თამაშობდა და მასში კამათელიც გამოიყენებოდა.

სასანურ ირანში, შაჰის კარზე, თამაშს ჩატრანგი უწოდეს, დახვეწეს, განავითარეს და ბიზანტიისა თუ სპარსული კულტურის გავლენის ქვეშ მოქცეულ ქვეყნებს – ალბანეთს, სომხეთსა და ქართლს უწილადეს. თამაშმა მიაღწია შუა აზიასაც, იმ დროისთვის, თეთრი ჰუნების, ჰეფტალიტების სახელმწიფოს. აქ ჭადრაკის მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ფიგურებიც კი არის აღმოჩენილი. სასანიანებისგან ჭადრაკის გავრცელება VI-VII საუკუნეების მიჯნაზე უნდა მომხდარიყო და ამავე დროს უნდა შემოსულიყო ქართლშიც. თამაშობდა თუ არა მხცოვანი ვახტანგ გორგასალი ამ თამაშს უჯარმაში, არ ვიცით, მაგრამ ქართლის ერისმთავრებისთვის ის უკვე ნაცნობი უნდა ყოფილიყო. 

არაბებმა, რომელთაც VII საუკუნეში სასანური ირანი დაიპყრეს, თამაშის სახელი, ჩატრანგი, შატრანჯით შეცვალეს, რადგან ჩ და გ არაბულ ანბანში არ არის; ქართული ჭადრაკი კი, მისი სახელის ეტიმოლოგიის მიხედვით, აშკარად სპარსულ-ფალაური ჩატრანგიდან არის წარმოშობილი, რაც მთავარი მტკიცებულებაა ქართლში ამ თამაშის ჯერ კიდევ არაბულ პერიოდამდე შემოსვლისა. 

სპარსეთი რომ საკვანძო იყო ჭადრაკის განვითარებაში, ფიგურების სახელწოდებებსა და შემდგომში, ევროპულ ქვეყნებში, ამ თამაშის სახელიდანაც კარგად ჩანს: შახმატი, ჩეკმეთი და ა.შ. სხვათა შორის, ეს ტერმინი შაჰის, მეფის დაუძლურებას, უსუსურ მდგომარეობაში ჩავარდნას ნიშნავს და არა მოკვლას, როგორც ხშირად თარგმნიან ხოლმე.

ჭადრაკმა დიდი გზა გაიარა აღმოსავლეთიდან ევროპამდე. მის გავრცელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისლამურმა სამყარომაც, რომელიც VII საუკუნის მეორე ნახევრიდან ერთბაშად გაიზარდა და ესპანეთიდან ინდოეთამდე იყო გადაჭიმული. როდესაც გარკვეული დროით დიდი სივრცე ერთი მმართველობის ქვეშ მოხვდება, ამ მხარეთა კულტურა, გამოგონებები, ინოვაციები ადვილად ვრცელდება იმპერიის ფარგლებში. არაბებისგან ევროპაში ჭადრაკი X საუკუნის დამდეგს მიიღეს და მას შემდეგ ის ნელ-ნელა გავრცელდა კონტინენტზე. 

შორეულ აღმოსავლეთში, ჩინეთსა და იაპონიაში, ჭადრაკი მნიშვნელოვნად დაშორდა იმ თამაშს, რომელიც წესების მცირედი ცვლილებებით ვრცელდებოდა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. ეს შეეხო წესებს, ფიგურების ფორმას და დაფასაც. 

ჩინეთში თუ ჭადრაკს რელიგია არ ზღუდავდა, სამაგიეროდ, მონოთეისტურ რელიგიებთან გაჩნდა პრობლემები. სუნიტურ ისლამში ეს უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენდა, ვიდრე შიიტურში, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჭადრაკი ბოლომდე ვერაფერმა შეაჩერა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, რელიგიური წესების გამო, არაბული ჭადრაკის ფიგურები უფრო აბსტრაქტული გახდა და აღარ იყო გამოკვეთილი ადამიანების თუ ცხოველების გამოსახულებები. შესაბამისად, სუნიტ მუსლიმებსაც შეეძლოთ ჭადრაკის დაფას შემოსხდომოდნენ თუ მას აბსტრაქტული ფიგურები ექნებოდა, რელიგიური წეს-ჩვეულებების შესრულებას ხელს არ შეუშლიდა, არ ითამაშებდნენ ფულზე, ხოლო თამაშის დროს კამათი ბილწსიტყვაობაში არ გადაიზრდებოდა. 

არაბული „ათას ერთი ღამის“ ზღაპრებში ჭადრაკი ხშირადაა მოხსენიებული და მისმა პოპულარობამ პიკს ხალიფა ჰარუნ ალ რაშიდის დროს მიაღწია. ჰარუნ ალ რაშიდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა თავისი ხელქვეითების მიერ ჭადრაკის ცოდნას. განსაკუთრებულ ნიჭს, მაგალითად, ჭადრაკის თვალახვეულ თამაშს, შეიძლება მაღალი საზოგადოებრივი პოზიცია და სიმდიდრე მოეტანა დაბალ სოციალურ ფენას მიკუთვნებული ადამიანისთვის. ამას, ალეგორიულად, პაიკის ლაზიერად დაწინაურებასაც უწოდებდნენ. შუა საუკუნეების ისლამურ სამყაროში იყო პერიოდები, როდესაც ჭადრაკი იკრძალებოდა, მაგრამ ის მაინც იქცა ისლამური კულტურის დამახასიათებელ, მნიშვნელოვან ნაწილად.

განსაკუთრებით საინტერესოა შუა საუკუნეებში ჭადრაკის ტერმინების გამოყენება პოლიტიკური მდგომარეობის აღსაწერად და დიპლომატიურ მიმოწერებში. ამის ყველაზე მკაფიო ნიმუში არის ნიკიფორე I ლოგოთეტის (IX ს.) წერილი ჰარუნ ალ რაშიდს: „დედოფალი, რომელსაც მე ვმემკვიდრეობ (იგულისხმება ბიზანტიის რეგენტი დედოფალი ირინე) შენ გთვლიდა ეტლად (ძველი სახელით, რუხად, რომელიც ამ დროს ჭადრაკში უძლიერესი ფიგურა იყო), ხოლო თავის თავს უყურებდა როგორც პაიკს; ამის გამო იგი დათანხმდა შენთვის ხარკი გადაეხადა იმ დროს, როცა მას ამნაირი და კიდევ ორჯერ მეტი შენთვის უნდა მოეთხოვა, მაგრამ ეს მისი სქესის სისუსტით აიხსნება. ახლა მე მოვითხოვ, ამ წერილის მიღებისთანავე, დამიბრუნო მთელი ფული, რომელიც მისგან მიიღე. თუ ყოყმანობ, ხმალი გაასწორებს ჩვენ შორის ანგარიშს“. ბიზანტიის დედოფლისგან ჭადრაკის ცოდნა გასაკვირი არ არის, რადგან ამ თამაშს ქალებიც თამაშობდნენ როგორც ქრისტიანულ, ისე ისლამურ სამყაროში. ბიზანტიაში ჭადრაკი არაბებამდე უკვე იცოდნენ. ირანიდან შესულ ამ თამაშს ბერძნებმა „ძატრიკიონი“ უწოდეს. ვინაიდან ბერძნულს არა აქვს ფალაური ჩ-ს შესატყვისი ასო, ის ძ-თი შეიცვალა. 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ჭადრაკმა ევროპაში შესვლისას განიცადა, იყო მდედრობითი სქესის ფიგურის გაჩენა, უფრო სწორად, დედოფლით ვეზირის ჩანაცვლება. ეს, რასაკვირველია, შუა საუკუნეების ევროპაში ძლიერი და გავლენიანი დედოფლების გამოჩენამაც გამოიწვია. ჭადრაკის დედოფლის შესახებ წიგნის ავტორი, მერილინ იალომის აზრით, ასეთი დედოფლები შეიძლება ყოფილიყვნენ X-XI საუკუნეების მოღვაწეები, საღვთო რომის იმპერატორ ოტო I-ის მეუღლე, დედოფალი ადელაიდე და ოტო II-ის მეუღლე თეოფანო. X საუკუნის „ჭადრაკზე სტროფებში“, დედოფალი უკვე მოხსენიებულია ფიგურებს შორის. თუმცა შემდგომში, ელეონორა აქვიტანელის (XII ს.), ესპანეთის დედოფალ იზაბელას (XV ს.), უფრო გვიან, ელიზაბეტ I-ის (XVI ს.) მოღვაწეობის შემდეგ, მისი პოზიციები კიდევ უფრო გამტკიცდა. XV საუკუნეში, თავის დროზე ერთ დიაგონალურ უჯრაზე მოძრავი, სუსტი ფიგურა, ჭადრაკის დაფის ბატონ-პატრონი გახდა და ჩამოაქვეითა ეტლი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ლიდერობდა.

რადგან საქართველოში ჭადრაკი მისი გამოგონებიდან საკმაოდ მალევე შემოვიდა, ფიგურების სახელებიც მეზობელი იმპერიების გავლენის სფეროების ცვლილებების მიხედვით იცვლებოდა. პაიკი სპარსული ბაიდაკიდან ანუ ქვეითიდან ან ფაიქიდან მომდინარეობს, ლაზიერი იგივე აღმოსავლური ვეზირია და როგორც სპარსეთში, საქართველოშიც მამრობითი სქესის ფიგურას წარმოადგენდა, კუ ან საალყო მანქანასთან, ან ჭადრაკის განსხვავებული ვერსიიდან შემორჩენილი ფიგურის სახელწოდებაა; შამათი – სპარსულად მეფის უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნას ნიშნავს, სვლა როქი, რომლითაც მეფე და ეტლი ცვლიან ადგილებს, ამ ფიგურის ძველი სახელიდან – რუხიდან (მომდინარეობს მითური ფრინველიდან) შემორჩა. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ უცხო ქვეყნებში მოხვედრილი ჭადრაკი ხშირად ტრანსფორმირდებოდა და ადგილობრივ საზოგადოებას ერგებოდა. ამიტომ არის ჭადრაკის ისტორიის მანძილზე დამკვიდებული ფიგურებისა და სვლების მრავალფეროვანი ფორმები და სახელწოდებები. საქართველოშიც, ჭადრაკი ქართულ კულტურაში შემოსული აღმოსავლური და ადგილობრივი ელემენტების ნაერთია. 

შუა საუკუნეებიდან ქართული ჭადრაკის მხოლოდ რამდენიმე ფიგურა თუა შემორჩენილი. მიხეილ ვადბოლსკის ცნობით, ამ ფიგურებს ივანე ჯავახიშვილმა, 1937 წელს, დმანისის შუასაუკუნოვანი ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრებისას მიაგნო და XII საუკუნეს მიაკუთვნა. სამაგიეროდ, საკმარისი ცნობებია შუა საუკუნეების ქართული ჭადრაკის ფიგურების შესახებ. მათი უმრავლესობა დღემდე ძალაშია, რაც ჭადრაკის ხანგრძლივ ტრადიციაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს და ავსებს ისტორიულ წყაროებსა და ლიტერატურაში მოყვანილ ინფორმაციას. 

ჭადრაკის პოპულარობა და სიყვარული საქართველოში არც შუა საუკუნეების მერე განელებიათ და როგორც რუსეთის იმპერიისა თუ საბჭოთა, ასევე, თანამედროვე ისტორიაში, ქვეყანამ ბევრი გამოჩენილი მოჭადრაკე აღზარდა. მათ შორის კი გამოირჩევიან ქართველი მოჭადრაკე ქალები, რომელთაც მსოფლიო მასშტაბით მრავალი წარმატებისთვის მიუღწევიათ.