ტექნოლოგიური განათლება საქართველოში - გამოწვევები და პერსპექტივები

ტექნოლოგიური განათლება საქართველოში - გამოწვევები და პერსპექტივები

გლობალურად მცირდება იმ პროფესიების რაოდენობა, რომელთაც ტექნოლოგიების ცოდნა არ სჭირდება. ტექნოლოგიები არაერთი სამუშაოს შესრულებას აიოლებს და ეს ტენდენცია სწრაფად მზარდია. საქართველოში ტექნოლოგიების სწავლების შესაძლებლობა ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა. შეიქმნა არაერთი ლაბორატორია, სასწავლო პროგრამა და სასწავლებელიც კი. მათ შორისაა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU), რომელმაც პირველი სტუდენტები 2017 წელს მიიღო. Forbes Georgia ტექნოლოგიური განათლების მიმართულებით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე BTU-ს რექტორს, ნინო ენუქიძეს ესაუბრა.

ქალბატონო ნინო, საქართველოში ბევრი ახალგაზრდა ტექნოლოგიების შესასწავლად საზღვარგარეთ ამჯობინებს წასვლას, თუ ამის შესაძლებლობა აქვს. როგორ ფიქრობთ, რა აკლია საქართველოს ტექნოლოგიური განათლების მიმართულებით?

ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა დიდი გამოწვევაა სფეროში მიმდინარე სიახლეების მუდმივი მონიტორინგი და პროგრამებში ინტეგრირება, შესაბამისი ქართულენოვანი ლიტერატურის დეფიციტი და სხვა. მოგეხსენებათ, ყველა სფეროსგან განსხვავებით, ტექნოლოგიების ინდუსტრია ყველაზე სწრაფად იცვლება და ვითარდება. შესაბამისად საგანმანათლებლო პროგრამების განახლება და თუნდაც ლიტერატურის ამავე ტემპში გენერირების აუცილებლობა რიგ შემთხვევებში დაბრკოლებას ქმნის. ეს პრობლემა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშია. თუმცა ჩვენს ქვეყანაში ამას ემატება ისიც, რომ ქართულ ენაზე შესაბამისი ლიტერატურა ან კვლევები კიდევ უფრო ცოტაა.

თეორიული ნაწილის გარდა, პრაქტიკულ ნაწილში თუ ხედავთ დეფიციტს, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების სფეროში განათლების მისაღებად?

ჩვენ ყოველ სემესტრში ვატარებთ კვლევებს, სადაც როგორც აკადემიურ პერსონალს, ასევე სტუდენტებს ტექნოლოგიების მიმართულებით პროგრამების გაანალიზებას, უკუკავშირს და შეფასებას ვთხოვთ. როგორც წესი, მთავარი, რაც ორივე ჯგუფში სახელდება, პრაქტიკული ნაწილის სასწავლო მოდულში დიდი დოზით ჩაშენებაა, რასაც დადებითად აფასებენ. IT-მიმართულებით მხოლოდ თეორიული სწავლება, რა თქმა უნდა, არაეფექტიანი იქნება. ის, რომ BTU-ში სხვადასხვა პროგრამულ ენას პირველივე კურსიდან ვასწავლით, ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გამო კრიტიკაც მოგვისმენია, ვინაიდან ბევრი მიიჩნევს, რომ ცალკეული პროგრამული ენა საწყის პერიოდში შესაძლოა, მარტივად დასაძლევი არ იყოს. თუმცა საბოლოო ჯამში, ამას იმ შედეგზე გავყავართ, რასაც ვისახავთ მიზნად. სტუდენტებს ოთხი წლის შემდეგ უკვე აქვთ საკმარისი ცოდნა, რომელსაც პრაქტიკაში იყენებენ.

რა შედეგები გაქვთ დაარსებიდან დღემდე? როგორია თქვენი კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი?

IT-მიმართულების პროგრამის კურსდამთავრებულების ერთი ნაკადი უკვე გვყავს. ჩვენი პოლიტიკაა, ჩვენი სტუდენტები მაქსიმალურად სწრაფად დავასაქმოთ სწავლის პერიოდშივე. სხვადასხვა ტექნოლოგიური კომპანიის მხრიდან ძალიან მაღალია მოთხოვნა და ინტერესი, რომ ჩვენი სტუდენტები დაასაქმონ. საბაზისო ცოდნა და ის უნარები, რაც დამწყებ პოზიციებზე სამუშაოდ სჭირდებათ, ჩვენს მეორე- და მესამეკურსელ სტუდენტებს უკვე აქვთ. სასიხარულოა ისიც, რომ მათი ნაწილი წამყვან პოზიციებზეც მუშაობენ. ამას ალბათ ისიც განაპირობებს, რომ სწრაფად ვცდილობთ იმ სიახლეების დანერგვას, რომლებიც სფეროს განვითარებასთან არის დაკავშირებული. გვაქვს ასევე უწყვეტი განათლების პროგრამა, რომლის მიხედვითაც ჩვენს ყოფილ სტუდენტებს მთელი ცხოვრება შეუძლიათ, უფასოდ ისწავლონ ჩვენთან. მაგალითად, გაჩნდა ახალი პროგრამული ენა, რომელიც ჩვენს კურსდამთავრებულს არ უსწავლია, ვინაიდან მისი სწავლის პერიოდში არ არსებობდა, ჩვენ მათ ამ ახალი კურსის გავლას უფასოდ ვთავაზობთ.

ბევრი მიიჩნევს, რომ საქართველოს პოტენციალი არის „ტვინების ექსპორტი“ ტექნოლოგიების მიმართულებით. თქვენ რა პერსპექტივას ხედავთ ამ კუთხით?

ახალი არ არის ის, რომ საქართველო ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანა –  არ გახლავთ. ჩვენი მთავარი რესურსი ინტელექტუალური რესურსია, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ამ კონტექსტში საქართველოს პოტენციალი ალბათ არის ის, რომ შეუძლია, ერთგვარი ტექნოლოგიური ჰაბი გახდეს. საქართველოში ბოლო წლებში მსხვილი საერთაშორისო IT-კომპანიების წარმომადგენლობები ჩნდება, რეგიონული ცენტრები ფუძნდება, ისინი იწყებენ  თანამშრომლობას ადგილობრივ IT-სპეციალისტებთან, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების შეკვეთებზე მუშაობენ და ემსახურებიან მსხვილ კომპანიებს. ამ შემთხვევაში ანაზღაურებაც გაცილებით საინტერესო და მაღალია, გამოცდილებასაც იღებენ და დიდი პერსპექტივაც არის როგორც მათთვის, ასევე ქვეყნისთვისაც. სახელმწიფოს მხრიდანაც იყო ინიციატივა, რომ, მაგალითად, მსხვილი IT-კომპანიები, რომლებიც საქართველოში შემოდიან, სხვადასხვა საგადასახადო შეღავათით სარგებლობდნენ. შესაძლოა, ეს ზოგიერთი კომპანიისთვის საინტერესო ინიციატივა იყოს. კიდევ მეტი შეიძლება გაკეთდეს იმ მიმართულებით, რომ ჩვენი სპეციალისტები არათუ წავიდნენ სხვაგან და სხვა ქვეყანაში დაფუძნდნენ, არამედ საქართველო გახდეს რეგიონული ცენტრი, სადაც მსხვილი საერთაშორისო IT-პროექტები განხორციელდება. ამ კუთხით ძალიან კარგი გამოცდილება აქვს ესტონეთს, ასევე უკრაინასა და ბელარუსსაც. ამიტომაც ველოსიპედის თავიდან გამოგონება არ დაგვჭირდება.

სტარტაპებზეც რომ ვისაუბროთ, ბოლო წლების განმავლობაში მათი რაოდენობა მომრავლდა, ახალგაზრდებს საკმაოდ ინოვაციური იდეებიც აქვთ, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ისინი სერვისის თუ პროდუქტის ქვეყნის ფარგლებს  გატანას ვერ ახერხებენ. რა დაბრკოლებებს და საჭიროებებს ხედავთ ამ პროცესში?

BTU-ს როცა ვაფუძნებდით და მისიის განაცხადზე ვსაუბრობდით, ვთქვით, რომ, ქვეყანაში სტარტაპ-ეკოსისტემის აქტიური მხარდამჭერები უნდა გავმხდარიყავით. ამისთვის შევისწავლეთ ისეთი უნივერსიტეტის გამოცდილება, რომელიც ჩვენთვის როლური მოდელი იქნებოდა, მათ შორის არის სტენფორდი, MIT-ი და სხვა მრავალი. ყველა ამ უნივერსიტეტს ერთი თავისებურება აქვს:  ბიზნესს და ტექნოლოგიებს ერთმანეთისგან გამიჯნულად არ ასწავლიან. მაგალითად, IT-პროგრამებზე აქტიურად ისწავლება მენეჯმენტი, მეწარმეობა, გუნდის მართვა და ყველა ის საკითხი, რაც ადამიანს სჭირდება სტარტაპის განვითარებისთვის. და პირიქით, ბიზნესის სკოლის სტუდენტები სწავლობენ ტექნოლოგიებს, ვინაიდან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამის გარეშე მათ წარმატებული და საინტერესო ციფრული პროდუქტები შექმნან. ეს იყო ამოსავალი წერტილი, რომლის მიხედვითაც ჩვენ კურიკულუმი დავგეგმეთ. შესაბამისად, ბიზნესის პროგრამის სტუდენტებს IT-პროგრამასაც ვთავაზობთ და პირიქით. გარდა ამისა, გვაქვს ძალიან ბევრი ტრენინგი, გადამზადების პროგრამა და ა.შ. რამდენიმე ტექნოლოგიური ლაბორატორიაც გვაქვს, სადაც ეს კურსები სტუდენტისთვის სრული დაფინანსებით თავს იყრის.

საქართველოში მას შემდეგ, რაც GITA (საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო) დაფუძნდა, სტარტაპებიც მომრავლდა, ვინაიდან გაჩნდა დაფინანსების შესაძლებლობა. ძირითადად მათი განვითარების ნაწილი სწორედ ამ სააგენტოზე გადის, თუმცა ვფიქრობ, რომ დროა, მათმა საქმიანობამ კერძო სექტორში გადაინაცვლოს, ვინაიდან გამოცდილ ბაზრებზე სტარტაპების განვითარება ანგელოზ ინვესტორებსა და ვენჩურულ ფონდებს უკავშირდება. ჩვენს ქვეყანაში ასეთი ფონდებიც ნელ-ნელა ჩნდება, ერთ-ერთი ასეთია, მაგალითად, BTU-ში დაფუძნებული „გლობალური სტარტაპ ფონდიც“. მესამე წელია, ყოველწლიურ ღონისძიებებს ვმართავთ. ისრაელის მხარესთან პარტნიორობით დავიწყეთ, წელს გამართულ შეხვედრაზე ინვესტორები ამერიკიდანაც გვყავდნენ. სწორედ მათი დახმარებით სტარტაპები საერთაშორისო ბაზრებზე უნდა გავიდნენ. სხვანაირად ტექნოლოგიური სტარტაპი გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ იქნება წარმატებული. როგორც წესი, სტარტაპების 90% სამწლიან სასიცოცხლო ციკლსაც ვერ აღწევს.

საინტერესოა BTU-ს სტუდენტების სტატისტიკაც. გყავთ თუ არა უცხოელებიც, ვინაიდან თქვენი სივრცე რეგიონალურ ტექნოლოგიურ ჰაბსაც აერთიანებს.  

საინფორმაციო ტექნოლოგების საბაკალავრო პროგრამაზე ამ დროისთვის 2000-მდე სტუდენტია. ჩვენს პროგრამებს შორის სწორედ ეს არის ყველაზე მოთხოვნადი. ყოველწლიურად მზარდია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ამ პროგრამაზე ჩაბარების სურვილს გამოთქვამს. ამჟამად მხოლოდ ქართული პროგრამები გვაქვს, თუმცა არის არჩევითი საგნები, სადაც  სწავლა ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. აღნიშნულ საგნებზე დასასწრებად უცხოური უნივერსიტეტებიდან გაცვლითი პროგრამებით სტუდენტები ჩამოდიან და სწავლობენ. გარდა ამისა, BTU-ს ბაზაზე ფუძნდება ამერიკული ვებსტერის უნივერსიტეტის პროგრამა, რომელიც ახლა ავტორიზაციის პროცესს გადის საქართველოში და 2022 წლიდან გეგმავს საერთაშორისოდ აკრედიტებული სამი  საბაკალავრო და სამი სამაგისტრო პროგრამის შეთავაზებას როგორც საქართველოში მცხოვრები, ისე რეგიონის ქვეყნების სტუდენტებისთვის.

ვებსტერის უნივერსიტეტის გარდა, რომელ უცხოურ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობთ და როგორ?

ჩვენი საერთაშორისო ურთიერთობები მყარი და მრავალფეროვანია. 50-მდე უცხოურ უნივერსიტეტთან ვთანამშრომლობთ, ესენია გერმანული, ესპანური, იტალიური, ფრანგული, ბრიტანული, ამერიკული სასწავლებლები. რაც მთავარია MIT-სთან (მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი) ვთანამშრომლობთ, რომელიც საუნივერსიტეტო რეიტინგების ლიდერია. ისინი კურიკულუმს გვიზიარებენ, რომლითაც შემდეგ აქაურ სტუდენტებს ვასწავლით, ასევე გვიზიარებენ სასწავლო მასალებს, რესურსებსა და კვლევებს. იქაური პროფესორები ჩვენი სტუდენტებისა და პროფესორებისთვის, აგრეთვე ქართული სტარტაპებისთვის ვებინარებს და ტრენინგებსაც ატარებენ. საგანმანათლებლო დაწესებულებების გარდა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ტექნოლოგიური კომპანიები. მაგალითად, „ამაზონი“, რომლის აკადემიამაც ჩვენს DEVOPS-ის სამაგისტრო პროგრამას აკრედიტაცია მისცა, ეს სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო სერტიფიცირება ჩვენთან შესაბამისი საგნის ჩაბარებით გაიაროს.

დაბოლოს, თქვენ ახსენეთ DEVOPS-ის ახალი სამაგისტრო პროგრამა DEVOPS-ის შესახებ, რომელიც წელს ამოქმედდა. რას სთავაზობთ ამ პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს?

ეს არის ინფორმაციული სისტემების მართვის (DEVOPS) პროგრამა, რომელიც ფაქტობრივად თავდაპირველად „ამაზონში“ გაჩნდა მაშინ, როდესაც ოპერაციული სისტემებისა და დეველოპერების ჯგუფებმა ინტეგრირებულად მუშაობა და ციფრული პროდუქტებისა და სერვისების უფრო სწრაფად განახლება დაიწყეს. შედეგად „ამაზონში“ ყოველ 11 წამში ერთხელ რომელიმე ერთი ფუნქციონალი განახლებულია. DEVOPS-ჯგუფები ასეთი ტიპის ორგანიზაციებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში ისეთ მსხვილ კომპანიებში, როგორიცაა, მაგალითად, თიბისი და საქართველოს ბანკი, DEVOPS-გუნდები სწრაფად იზრდებიან. ეს და სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიები ამ მიმართულებით დიდ ინვესტიციას ახორციელებენ. ჩვენ ეს ტენდენცია დავინახეთ და ახალი პროგრამაც დავამატეთ. უკვე 50 სტუდენტი გვყავს. მათ წელს დაიწყეს სწავლა და შედეგებზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ. თუმცა შემიძლია აღვნიშნო, რომ ეს სტუდენტები ძალიან კარგი გამოცდილებით მოვიდნენ, საკმაოდ ძლიერი ჯგუფია და ჩვენი სწავლის ხარისხი თუ იქნება შესაბამისი, მათი დასაქმება ფაქტობრივად 100%-ით მალევე მოხდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *