გაიცანით Theneo, რომელიც კომპანიებსა და დეველოპერებს API დოკუმენტაციის შექმნას სთავაზობს - ინტერვიუ სტარტაპის თანადამფუძნებელთან

გაიცანით Theneo, რომელიც კომპანიებსა და დეველოპერებს API დოკუმენტაციის შექმნას სთავაზობს - ინტერვიუ სტარტაპის თანადამფუძნებელთან

ქართული სტარტაპი Theneo მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს, ასევე დეველოპერებს API დოკუმენტაციის სწრაფად და მინიმალური ხარჯებით შექმნას სთავაზობს. პლატფორმის ბეტა-ვერსია უკვე ხელმისაწვდომია და, როგორც ცნობილია, ამ დროისთვის მას მსოფლიო მასშტაბით ათასზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

აღსანიშნავია, რომ ახლახან Theneo „თიბისის“ აპლიკაციების კონკურსში პირველ ადგილზე გავიდა და ჯილდოს სახით 30.000 ლარი მოიპოვა. ცოტა ხნის წინ კი ის საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, GITA-ს 100.000-ლარიანი საგრანტო პროგრამის გამარჯვებული გახდა. Theneo-ს უკეთ გასაცნობად და მის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით სტარტაპის თანადამფუძნებელს, ანა რობაქიძეს ვესაუბრეთ.

როდის და საიდან გაჩნდა Theneo-ს შექმნის იდეა?

Theneo მე და მარია დოლიაშვილმა დავაფუძნეთ. მე ნიუიორკული კომპანიის, Clientela-ს ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვარ. უკვე წლებია, რაც ვმუშაობ ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა Chloe, LVMH, Gucci, Cartier და სხვა. მარია დოლიაშვილი კი ხელოვნური ინტელექტის ექსპერტია და ამჟამად Microsoft-ში მანქანური სწავლების ინჟინერია. მას Facebook-ში, Twitter-ში, Google-სა და სხვა გიგანტურ კომპანიებში ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ პროექტებზე უმუშავია. ერთ-ერთი შეხვედრისას მე და მარია ვსაუბრობდით, თუ რამდენ უხარისხო დოკუმენტაციაზე  გვიწევდა ყოველდღიურად მუშაობა და რამდენ დროს დავზოგავდით მასზე ორიენტირებული პლატფორმის არსებობის შემთხვევაში.

უხარისხო API დოკუმენტაცია ართულებს ინტეგრაციას და აფერხებს პროექტის წინსვლას. გამოვიყენეთ API დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ყოველი პლატფორმა, თუმცა არც ერთმა არ მოგვცა ის შედეგი, რომლის მიღებაც გვინდოდა. პროცესს საკმაოდ დიდი დრო სჭირდებოდა და მიღებული პროდუქტი უხარისხო იყო. ამრიგად, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა პლატფორმა, რომლითაც თავად ვისარგებლებდით. ის ტექნოლოგიური გიგანტების მსგავსი API დოკუმენტაციის აწყობის საშუალებას მოგვცემდა.

როგორია პლატფორმის მუშაობის პრინციპი? რას ემსახურება იგი?

API დოკუმენტაციას არსებითი როლი აქვს წარმატებული ინტეგრაციის  პროცესში. ამრიგად, Theneo კომპანიებს მის წარმატებულ დანერგვაში, სხვა კომპანიებთან პარტნიორობასა და ინტეგრაციაში ეხმარება. პლატფორმის მუშაობის პრინციპი მარტივია:  API კოლექციის იმპორტაციის შემდეგ მომხმარებელი იწყებს დოკუმენტაციის აწყობას: ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით პლატფორმა მომხმარებელს სთავაზობს დოკუმენტაციის სავარაუდო სექციებსა და ტექსტს, მომხმარებელს კი რელევანტური კოდი კოლექციიდან სასურველ სექციაში გადააქვს. დოკუმენტაცია შეიძლება იყოს საჯარო ან დახურული, რომელიც, რედაქტორის სურვილის შესაბამისად, კონკრეტულ ადამიანებთან იქნება გაზიარებული.

რა განასხვავებს Theneo-ს უკვე არსებული სხვა პლატფორმებისგან, რომლებიც API დოკუმენტაციის შექმნას ემსახურებიან?

Theneo არის ერთადერთი კომპანია, რომელიც კონტენტის ავტომატიზაციას გვთავაზობს. კონტენტში ვგულისხმობ ერთგვარ ინსტრუქციას, რომელიც კოდს მოჰყვება. ამჟამად მარია ზუსტად ამ ფუნქციაზე, მის დახვეწასა და განვითარებაზე მუშაობს. მოგეხსენებათ, დეველოპერები საუკეთესო მწერლები არ არიან, Theneo-ს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, მათ კონტენტის ავტომატიზაციასაც შევთავაზებთ.

ახლახან ლისაბონში წარვადგინეთ სტარტაპი ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე, Web Summit-ზე, სადაც ერთ-ერთმა დამსწრემ პროდუქტს თავიდან სკეპტიკურად შეხედა, თქვა, რომ Swagger-ს იყენებდა და მისით კმაყოფილი იყო. მას შემდეგ, რაც ერთ წუთზე ნაკლებ დროში ავუხსენით, თუ როგორ შეუძლია Theneo-ს მეშვეობით უმაღლესი ხარისხის დოკუმენტაციის აწყობა, მან საფულე ამოიღო და გვითხრა, ეს პროდუქტი მომწონს, მთელი ჩემი ფული თქვენი იყოსო.

ასეთი მომხმარებლები გვარწმუნებენ, რომ სწორ გზას ვადგავართ და Theneo ნამდვილად ავსებს ბაზარზე არსებულ დანაკლისს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პლატფორმა სხვებთან შედარებით უფრო დახვეწილია და მომხმარებელს თანამედროვე შაბლონებს სთავაზობს.

რამდენი კომპანია იყენებს ამჟამად აპლიკაციას? ძირითადად რომელ ქვეყნებსა და სფეროებს წარმოადგენენ ისინი?

Theneo-ს ბეტა-ვერსია ხელმისაწვდომი მიმდინარე წლის აგვისტოში გავხადეთ, იმის მიუხედავად, რომ მინიმალური დანახარჯი გვქონდა და მარკეტინგისთვის მხოლოდ Google Ads-ს ვიყენებდით, პლატფორმით უკვე 650-ზე მეტი კომპანია და 800-ზე მეტი დეველოპერი სარგებლობს. აქცენტს ამერიკულ ბაზარზე ვაკეთებთ, დარეგისტრირებული კომპანიების უმეტესობა კი ფინტექ-ინდუსტრიიდანაა.

ქართული კომპანიებისგან თუ არის დაინტერესება?

დიახ, დაინტერესება უკვე ქართული კომპანიებისგანაც იგრძნობა. აუცილებლად უნდა გამოვარჩიო Payze, ყველაზე პრესტიჟული სტარტაპ-აქსელერატორის, Ycombinator-ის მხარდაჭერის მქონე კომპანია, რომელიც თავიდანვე იმედით და კეთილგანწყობით შეხვდა ჩვენს პლატფორმას, მალევე დაიწყო გამოყენება და თავის საიტზეც განათავსა Theneo-ს მეშვეობით აწყობილი API დოკუმენტაცია. ასევე ვთანამშრომლობთ Schoolbook-თან და სხვა არაერთ ქართულ კომპანიასთან.

Theneo საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, GITA-ს 100.000-ლარიანი საგრანტო პროგრამის გამარჯვებულია, ასევე „თიბისის“ აპლიკაციების კონკურსში I ადგილი დაიკავა და 30.000 ლარით ჯილდოვდება – რაში გამოიყენებს აღნიშნულ თანხას სტარტაპი?

როგორც უკვე აღვნიშნე, მარკეტინგისთვის მხოლოდ Google Ads-ს ვიყენებთ, რაც, იმის კვალობაზე, რომ სამიზნე ჯგუფად ამერიკულ ბაზარს და ფინტექ-ინდუსტრიას ვისახავთ, საკმარისი არ არის. აღებული თანხის უმეტესი ნაწილი აუცილებლად მარკეტინგს მოხმარდება, დანარჩენი კი – პროდუქტის გაუმჯობესებას.

სამომავლო გეგმების შესახებ რას გვეტყვით?

ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს მომხმარებლებთან. გვაინტერესებს, თუ რისი დანაკლისი აქვთ და ვცდილობთ, გავითვალისწინოთ. ყოველკვირეულად ვამატებთ სიახლეებს. პლატფორმით ამჟამინდელი მომხმარებლები კმაყოფილები არიან, მაგრამ ეს ჩვენი საბოლოო შედეგი არ იქნება. ვაგრძელებთ მუშაობას კონტენტის ავტომატიზაციაზე. გვჯერა, რომ ხელოვნური ინტელექტი უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს კომპანიის განვითარებაში. პლატფორმის გამოყენება ამჟამად უფასოა, 2022 წლამდე ხელმისაწვდომი გახდება ბიზნეს- და პრემიუმპაკეტები. მომავალი წლიდან კი გვინდა, მომხმარებელს კორპორაციული პაკეტიც შევთავაზოთ.

ჩვენი გეგმაა, რომ კომპანიის დაარსებიდან ხუთ წელიწადში გვყავდეს ხუთი მილიონი მომხმარებელი და გავხდეთ ლიდერი API-ს მენეჯმენტში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *