ახალი წელი ტექნოლოგიური ინდუსტრიის უმსხვილესი კომპანიების ნაწილმა თანამშრომელთა გათავისუფლებით დაიწყო. ეს კი გარკვეულწილად შესაძლოა 2023 წლის ტენდენციის გაგრძელებად მივიჩნიოთ, რომელიც ტექნოლოგიურ სფეროში ათწლეულებზე მეტი ხნის განმავლობაში კომპანიებში თანამშრომელთა ყველაზე მკვეთრი შემცირებათა რაუნდებით გამოირჩეოდა.
უკანასკნელ რამდენიმე დღეში, იმ კომპანიათა შორის, რომელთაც დასაქმებულთა შემცირება დააანონსეს, იყო Amazon-ი. საცალო ონლაინვაჭრობის გიგანტი სტრიმინგისა და სტუდიური ოპერაციების განყოფილებაში, მათ შორის Prime Video-სა და პირდაპირი ტრანსლაციის საიტ Twitch-ში, ასეულობით თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს. ასობით პოზიციას ინჟინერიის განყოფილებასა და ხმოვანი ასისტენტის გუნდში შეამცირებს Google-ი. ხოლო Unity Software-ი, რომელიც ისეთი პოპულარული თამაშის მხარდამჭერია, როგორიცაა Pokemon Go, სამუშაო ძალის 25%-ს ამცირებს – დაახლოებით 1,800 სამუშაო ადგილს.
თანამშრომელთა გათავისუფლების მიზეზად Amazon-მა გარკვეულ სფეროებში ინვესტიციების შემცირება დაასახელა, რადგან კომპანიას სურს, მათი ძირითადი ფოკუსი, დაფინანსების ზრდასთან ერთად, კონტენტისა და პროდუქციის ინიციატივების მიმართულებით გადაიტანოს. ცნობისთვის, მხოლოდ გასულ წელს, Amazon-მა სამუშაო ძალა 27,000-ზე მეტი თანამშრომლით შეამცირა.
გათავისუფლებები Google-შიც პრიორიტეტებზე ფოკუსირებით ახსნეს. კომპანიის განცხადებით, 2023 წლის მეორე ნახევარში განხორციელებული ცვლილებებიც ეფექტიანობისა და სამუშაო ხარისხის გასაუმჯობესებლად იქნა მიღებული. გასულ წელს Google-მა 12,000 ადგილი შეამცირა.
2023 წლის ხუთრაუნდიანი შემცირებების შემდეგ, გათავისუფლებების ახალი სერიები Intel-მა მიმდინარე წელსაც დააანონსა. დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებას განაგრძობენ Meta Platforms-სა და Salesforce-ში, თუმცა შემცირებები ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით, მკვეთრად მცირე მოცულობებით ხდება. მიუხედავად ამისა, კომპანიათა ქცევა მიუთითებს, რომ ტექნოლოგიური ინდუსტრია გასული ათწლეულის მსგავს ზრდას ჯერ კიდევ არ დაჰბრუნებია. საპროცენტო განაკვეთების ზრდასთან ერთად, კომპანიათა ნაწილი მოგებაზე უფრო მეტადაა ორიენტირებული, ვიდრე შემოსავლების ზრდაზე.
თავის მხრივ კი, დასაქმებულები სამუშაოს დაკარგვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს ხელოვნური ინტელექტის გავლენაში ხედავენ. ენების შემსწავლელი აპლიკაცია Duolingo0-მ, ნაწილობრივ მის საქმიანობაში AI-ის დანერგვით, კონტრაქტორების, როგორიცაა მთარგმნელები, 10% შეამცირა. მეორე მხრივ, თანამშრომელთა შემცირების მიზეზი შესაძლოა კომპანიათა გაერთიანებებიც იყოს. მაგალითად, Juniper Networks-თან $14-მილიარდიანი გარიგების ფარგლებში გაერთიანების შემდეგ, Hewlett Packard Enterprise-მა განაცხადა, რომ ავტომატიზაციის საშუალებით Juniper-ის ხარჯების შემცირება განიხილება.
Layoffs.fyi-ის მონაცემებით, გასულ წელს თანამშრომელთა შემცირების გადაწყვეტილება 1,186 ტექნოლოგიურმა კომპანიამ მიიღო. საერთო ჯამში, გასულ წელს, ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებმა 262,600 სამუშაო ადგილი შეამცირეს. მიმდინარე წლის პირველი იანვრის შემდეგ კი, თვრამეტმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ კოლექტიურად უკვე 2,945 თანამშრომელი დაითხოვა.