ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები 2023 წელს 31%-ით გაიზარდა - Rho Motion

ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები 2023 წელს 31%-ით გაიზარდა - Rho Motion

გლობალური ბაზრების კვლევითი ფირმის, Rho Motion-ის ანგარიშის თანახმად, ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვები 2023 წელს 31%-ით გაიზარდა. კომპანიის მონაცემთა მენეჯერის განმარტებით, ელექტრომობილების გაყიდვების ზრდის მაჩვენებელი იკლებს, თუმცა ეს ტენდენცია მოსალოდნელი იყო. „გაყიდვებს ყოველ წელს ვერ გააორმაგებ“, – აღნიშნა ჩარლზ ლესტერმა.

ცნობისთვის, ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვები 2022 წელს წინა წელთან შედარებით 60%-ით გაიზარდა. Rho Motion-ი 2024 წლისთვის გლობალურ ბაზარზე 25-30%-იან ზრდას პროგნოზირებს.

Rho Motion-ის ანგარიშის თანახმად, ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვებმა დეკემბერში ერთი თვისთვის რეკორდული მაჩვენებელი, 1.5 მილიონი ერთეული შეადგინა. მთლიანობაში გაყიდვებმა 2023 წელს 13.6 მილიონი შეადგინა. აქედან სრულად ელექტრონული ავტომობილის გაყიდვები 9.5 მილიონი ერთეული იყო. სრულად ელექტრონული ავტომობილების გაყიდვები ყველაზე მეტად აშშ-სა და კანადაში გაიზარდა (50%). ევროპასა და ჩინეთში კი ზრდის მაჩვენებელმა, შესაბამისად, 27% და 15% შეადგინა.

სფეროს ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ელექტრომობილების გაყიდვების ზრდის ტემპი მომდევნო წლებში კიდევ უფრო შენელდება.