ტექნოლოგიური ლიდერის 25 წელი

ტექნოლოგიური ლიდერის 25 წელი

„იუჯითი“ 1997 წელს, რამდენიმე ასეული დოლარის მცირე ინვესტიციითა და ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების შემოტანის დიადი მიზნით დაფუძნდა. დღეს ის ერთადერთი IT კომპანიაა Forbes-ის 100 უმსხვილესი ქართული კომპანიის რეიტინგში. მის პარტნიორთა სიაში კი ისეთი გიგანტები არიან, როგორიცაა Microsoft-ი, Oracle-ი, DELL-ი, HPE-ი, IBM-ი, HP-ი, SAP-ი და სხვა. „იუჯითის“ 25 წლის ისტორიას მისი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ერმილე სულაძე აჯამებს.

25 წლის წინ „იუჯითი” შეიქმნა როგორც IT-კომპანია, დღეს კი ფართო პროფილის ტექნოლოგიური პროცესების მიწოდების მხრივ ბაზრის ლიდერად არის მიჩნეული. ვიდრე გარდაქმნაზე ვისაუბრებთ, გთხოვთ, დაარსება გაიხსენოთ…

კომპანია რეალურად გიორგი ჭირაქაძემ დააარსა და ძალიან მალე მას მე, გურამ ხოჯანაშვილი და გიორგი მაისურაძე შევუერთდით. ოთხივე ფიზიკოსები ვართ და კომპიუტერულ ტექნიკასთან შეხება, გარკვეულწილად, სტუდენტობის პერიოდშიც გვქონდა. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ თბილისში ერთ-ერთი პირველი IT-სასწავლო ცენტრი გავხსენით. ასობით ადამიანს ვასწავლიდით ძირითად საოფისე პროგრამებს და, სხვათა შორის, მოთხოვნა დიდი იყო. სასწავლო ცენტრი გარკვეული სახეცვლილებით, როგორც „იუჯითის“ შვილობილი კომპანია, დღესაც წარმატებით ფუნქციონირებს. ცენტრისთვის, ბუნებრივია, გვჭირდებოდა კომპიუტერების შეძენა, მომწოდებლები კი ფაქტობრივად არ არსებობდნენ ან მინიმალურ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებდნენ. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა კომპანია, რომელიც მსურველებს კომპიუტერულ ტექნიკას და სერვერებს მიაწვდიდა.

კომპიუტერული ტექნიკის გაყიდვის პარალელურად, აუცილებელი იყო თანამდევი სერვისიც, რაც უკვე მაღალი დონის კომპეტენციას მოითხოვდა. ვუკვეთდით, ჩამოგვქონდა და საქართველოში ვყიდდით კომპიუტერულ ტექნიკას და სერვისებს. თავდაპირველად ეს არაავტორიზებული გზით ხდებოდა, თუმცა მალე იმ დროისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწარმოებლის, COMPAQ-ის ოფიციალური პარტნიორები გავხდით და მალევე გავაფორმეთ კონტრაქტიც. ეს ძალიან სწრაფად კომპანიის დაფუძნებიდან დაახლოებით ექვს თვეში მოხდა. კარგად მახსოვს, როდესაც „თიბისი ბანკს“ COMPAQ-ის წარმოების კლასტერული სისტემა მივყიდეთ, 1997 წლის ბოლო იყო. საკმაოდ რთული სისტემა იყო, კომპეტენცია არ გვყოფნიდა, თუმცა მაინც მოვახერხეთ აღნიშნული სისტემის გაშვება.

კომპანიის ჩამოყალიბებიდან მეორე წელსვე, 1998-ში, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, არაერთი ბანკი და ბიზნესი გაკოტრდა. ეს, ბუნებრივია, ჩვენს ბიზნესზეც აისახა. ვერ ვხვდებოდით, რა ხდებოდა, რატომ გაქრა მოთხოვნა, სად გაქრნენ კლიენტები, რადგან არ გვქონდა ბიზნესგანათლება. თუმცა ამ პერიოდის სირთულეები მალევე გადავლახეთ და 1999 წლიდან უკვე საკმაოდ სწრაფ ზრდას მივაღწიეთ.

კონკურენტები გყავდათ მაშინ?

იყვნენ ჩვენი მსგავსი კომპანიები. მოგვიანებით უმრავლესობა ბაზრიდან გაქრა, თუმცა ზოგმა ბიზნესის შენარჩუნებაც მოახერხა. იმ დროს კომპიუტერული ნაწილები უმეტესობას რუსეთიდან ჩამოჰქონდა. ჩვენ კი ამერიკულ პროდუქციასა და კომპეტენციის ამაღლებაზე ვიყავით ორიენტირებული.

და პირველი ასეთი კომპანია იყო Compaq-ი, რომლის წარმომადგენელიც გახდით საქართველოში. როგორ შემოიყვანეთ ბრენდი, რომელმაც მოგვიანებით „საუკეთესო ბიზნესპარტნიორის” სტატუსი მოგანიჭათ? რა დაბრკოლებებს გულისხმობდა 90-იანი წლების ბოლოს გლობალურ ტექნოლოგიურ კომპანიებთან თანამშრომლობა?

ვფიქრობ, თავიდანვე სწორი სვლა გავაკეთეთ, COMPAQ-ი რომ ავირჩიეთ პარტნიორად და არა რომელიმე დაბალხარისხიანი პროდუქტის მწარმოებელი. ამ მიდგომას დღესაც ვინარჩუნებთ, ჩვენი პარტნიორი აუცილებლად ბაზრის ლიდერი და უმაღლესი დონის პროდუქციის მწარმოებელი უნდა იყოს. 2002 წელს HP-ის პარტნიორებიც გავხდით ამას მოჰყვა IBM-ი, DELL-ი, SAP-ი, ORACLE-ი, Microsoft-ი და სხვა მრავალი. ბევრ მათგანთან პარტნიორობა უკვე 20 წელზე მეტს ითვლის.

ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყოველთვის გვინდოდა, ძლიერი კომპანია აგვეშენებინა. გვქონდა გრძელვადიანი ხედვა და გამოვირჩეოდით კორპორაციული მიდგომით. თანამედროვე ამერიკული ტიპის ორგანიზაციის ჩამოყალიბება გვინდოდა, ბიზნესგანათლებას კი შრომის პარალელურად ვიღებდით.

დღეს როგორი კომპანიაა „იუჯითი”?

დღეისათვის „იუჯითი” 16 მიმართულებას აერთიანებს, იქნება ეს მონაცემთა დამუშავებისა და შენახვისთვის განკუთვნილი ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდება და ინსტალაცია, ბიზნესპროცესების პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა, საქსელო და ტელეკომ-აპარატურის მიწოდება და ინსტალაცია, მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვის განკუთვნილი საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოწყობა, IT-უსაფრთხოების პროდუქტების მიწოდება, ინსტალირება და კონსალტინგი, IT-აუტსორსინგი და ა.შ. შედარებით ახალი და ძალიან მნიშვნელოვა-ნი მიმართულებაა BMS (Building Management System) და ელექტრობის მიმართულება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში IT-მომსახურებისგან განსხვავებით, ამ მიმართულებით კომპეტენციებში საკმაოდ დიდი ჩამორჩენა გვაქვს. დაახლოებით ექვსი წლის წინ დავინახეთ, რომ ჩვენი როლი ამ სფეროში მნიშვნელოვანი იქნებოდა. საქართველოში დიდი სასტუმროების მშენებლობისას ელექტროსისტემების და მართვის სისტემების გამართვას ძირითადად უცხოელი სპეციალისტები უზრუნველყოფდნენ, რისი საჭიროებაც IT-ში დიდი ხანია, აღარ არის. ჩვენი მიზანია, თავად შევძლოთ ადგილობრივ ბაზარზე BMS-გადაწყვეტების და, მათ შორის, ჭკვიანი სისტემების მიწოდება. ჩვენი მისიაა, დავეხმაროთ ორგანიზაციებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და ციფრულ ტრანსფორმაციაში.

2006 წლიდან მონაწილეობთ სახელმწიფო ტენდერებში. სწორედ თქვენმა კომპანიამ ითავა საქართველოს სკოლების კომპიუტერიზაცია, ასევე, მომსახურება მიაწოდეთ შსს-ს, ფინანსთა სამინისტროს. რა გამოწვევებთან არის დაკავშირებული თქვენთვის მსგავს მსხვილ ტენდერებში მონაწილეობა? რა დაბრკოლებებს აწყდებით და რას შეცვლიდით?

ტენდერებში ძალიან რთულია ხარისხისა და ფასის ბალანსის დაცვა საქართველოში სახელმწიფო შესყიდვებში გადამწყვეტი მაინც ფასია. როდესაც ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენა ძირითადად ფასზეა დამოკიდებული, არის რისკი, მივიღოთ დაბალხარისხიანი და იაფი პროდუქტი ან სერვისი. სხვა პრობლემებსაც ვხედავ, მაგალითად, ზედმეტ ბიუროკრატიას სატენდერო დოკუმენტაციაში უმნიშვნელო ხარვეზის გამო შესაძლოა, საკმაოდ კარგი პრეტენდენტი მოიხსნას. თუმცა იცით, რომ ამ კუთხით საქართველოს კანონმდებლობის ევროპასთან დაახლოება იგეგმება, რეფორმირების პროცესში ალბათ ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვლება.

ხშირად ამბობენ, რომ საქართველოს ტექნოლოგიების სფეროში დიდი პოტენციალი აქვს – მათ შორის სერვისის ექსპორტის თვალსაზრისით. თქვენი დაკვირვებით, რამდენად ვითვისებთ ამ პოტენციალს?

ამის პოტენციალს ნამდვილად ვხედავ და პროგრესიც არის. თუმცა ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამას ცდილობს. რეალურად მსოფლიო ბაზარზე დიდი კონკურენციაა და ამ პროცესს ჩვენ ხელი განათლებით უნდა შევუწყოთ. განსაკუთრებით, თავად ბიზნესმა უნდა იმოქმედოს. სახელმწიფო კი, სხვათა შორის, ხელს უწყობს მათ, ვინც სერვისების ექსპორტზეა ორიენტირებული. ჩვენც გვყავს შვილობილი კომპანია, რომელიც უცხოელებს აწვდის პროგრამული უზრუნველყოფის სერვისს. მსგავსი კომპანიებისთვის გადასახადები დაბალია, რაც კარგია. ასევე, სერვისების ექსპორტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა, უფრო კონკრეტულად, ძალიან მაღალი დონის ინტერნეტია საჭირო.

აქვე მინდა გკითხოთ პანდემიისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ IT-კომპანიების მიგრაციაზეც. საქართველოში ცხოვრება შედარებით იაფია და, შესაბამისად, აქაურობა მიმზიდველია ე.წ. „ციფრული ნომადებისთვის”. რამდენად გრძნობს ამ ნაკადს „იუჯითი”?

მაინცდამაინც ვერ ვგრძნობთ, ვინაიდან ეს კომპანიები ქართული ბაზრისთვის არ მუშაობენ და ასევე, ქართველი სპეციალისტები ნაკლებად საქმდებიან რუსულ კომპანიებში, მათ სხვა, უკეთესი არჩევანიც აქვთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსული IT-კომპანიების გადმოსვლამ მხოლოდ ჰორეკა სექტორსა და რიტეილზე მოახდინა გარკვეული გავლენა.

ტექნოლოგიურ სფეროში საკადრო დეფიციტზე სექტორის წარმომადგენლებს არაერთხელ უსაუბრიათ. რატომ ხდება ეს და რამდენად გიჭირთ კვალიფიციური კადრების მოძიება?

განსაკუთრებით რთული მდგომარეობა პროგრამისტების ნაწილშია, თუმცა არც სხვაგან არის ბევრად უკეთესი. ქვეყანაში პროგრამისტების რაოდენობა იზრდება, თუმცა განათლებისა და პროფესიონალიზმის დონე დაბალია. ჯერ კიდევ პრობლემაა ის, რომ უმაღლესი და სპეციალიზებული სასწავლებლები კვალიფიციური კადრების გამოშვებას ვერ ახერხებენ, ახალგაზრდებს პრაქტიკულ ცოდნას ვერ აძლევენ. თუმცა ვფიქრობ, საერთო ჯამში, ვითარება ეტაპობრივად უმჯობესდება. ცალკე პრობლემაა ე.წ. ტვინების გადინება. ბევრი ახალგაზრდა სამუშაოდ მიდის უცხოეთში, მიუხედავად იმისა, რომ ანაზღაურება ყველაზე მეტად ჩვენს სექტორშია დაახლოებული დასავლეთის ქვეყნების ანაზღაურებასთან. ჩვენს სფეროში სპეციალისტები ყოველთვის მეტი მობილურობით გამოირჩეოდნენ.

თქვენ, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი ამ სფეროში, რას აკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ბაზარს ამ კუთხით პრობლემა არ ჰქონდეს?

ჩვენ თავად აგვყავს სტუდენტები, აქ გადიან პრაქტიკას, სწავლობენ, ამავდროულად იუმჯობესებენ უნარებს და იღებენ გამოცდილებას. „იუჯითის“ ამ 25 წლის განმავლობაში აღზრდილი ჰყავს უამრავი კადრი, რომლებიც დღეს დასაქმებულები არიან სახელმწიფო და კერძო სექტორში, ჩვენს მომწოდებლებთან, კლიენტებთან და კონკურენტებთანაც კი. ამასთან, ყოველთვის ორიენტირებული ვართ ქვეყანაში ტექნოლოგიური ცოდნის შემოტანაზე. ვფიქრობ, არცერთი კომპანია საქართველოში თანამშრომლების განათლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში იმდენ ფინანსურ რესურსს არ დებს, რამდენსაც „იუჯითი“. ამჟამად დაახლოებით 300 თანამშრომელი გვყავს და შექმნილი გვაქვს სამოტივაციო სისტემა, რომლის მიხედვითაც კვალიფიკაციის ამაღლების პირდაპირპროპორციულად იზრდება ანაზღაურებაც. ელექტროსისტემების მიმართულებითაც იმავე ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ, რათა ის ჩამორჩენა, რაც საქართველოში ამ კუთხით, ცოდნის თვალსაზრისით არსებობს აღმოიფხვრას.

ასევე ვიწყებთ IT-ინჟინერიის საგრანტო პროგრამას UGT TechHub-ს, რომლის წარდგენაც უკვე გვქონდა. პროგრამას სრულად აფინანსებს „იუჯითი“, რომლის ფარგლებშიც 25 საუკეთესო ახალგაზრდას IT-ინჟინერიას ვასწავლით და შემდეგ უკვე დასაქმდებიან ჩვენთან, ან სადაც თავად მოისურვებენ.

თქვენი აზრით, რა არის ის მთავარი ფაქტორები, რამაც კომპანია მზარდი გახადა?

ჩვენი წარმატების განმაპირობებელი ყოველთვის იყო და დღემდე არის ბიზნესის გრძელვადიანი ხედვა, კომპეტენცია და კლიენტების საჭიროების ცოდნა. ჩვენი მომხმარებლები არიან ქვეყნის უმსხვილესი კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციები, რომლებსაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ, ვიცით მათი დღევანდელი და მომავალი საჭიროებები. ვცდილობთ, წინასწარ განვსაზღვროთ, რა შეიძლება იყოს მათი მოთხოვნები მომავალში. თუმცა, მეორე მხრივ, ორიენტირებული ვართ ჩვენი პარტნიორებისა და მომწოდებლების საჭიროებებზეც: ვზრდით მათი პროდუქტების სპეციალისტებს, ვმუშაობთ მათი პროდუქტებისა და გადაწყვეტების პრომოუშენზე საქართველოში. ჩვენი კომპანია ერთგვარი შუამავალია მსხვილ ქართულ ორგანიზაციებსა და დასავლეთის უდიდეს ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის. ჩვენ მათი ტექნოლოგიები და კომპეტენცია შემოგვაქვს საქართველოში და, არცთუ ისე მცირედს, ჩვენს შექმნილ გადაწყვეტებსაც ვამატებთ.

ასევე, წარმატებისთვის რაც მთავარია, ეს არის ადამიანები, კომპეტენტური და მოტივირებული თანამშრომლები. ჩვენი ერთადერთი აქტივი, რომელსაც შემოსავალი მოაქვს და მოგების გენერირებას ახდენს, ჩვენი ხალხი იუჯითელები არიან.

„იუჯითი” სხვა ქვეყნებშიც აპირებს გასვლას?

ამაზეც ვფიქრობთ, თუმცა აქ გასათვალისწინებელია ის, თუ რა შეიძლება იყოს ჩვენი კონკურენტული უპირატესობა. კვალიფიციური პერსონალი გვყავს, მაგრამ რაოდენობრივად არა იმდენი, რომ მომხმარებელს ქვეყნის გარეთაც გავუწიოთ მომსახურება. უცხოურ ბაზრებზე გასვლისთვის გადამწყვეტი იქნება, თუ სპეციალისტების რაოდენობის გაზრდას მოვახერხებთ. ჩვენი სამომავლო განვითარებაც სწორედ ამ მიმართულებით იგეგმება.

2023 წლის მთავარი გეგმა რა არის?

ვაპირებთ ახალი მიმართულებებისა და პროდუქტების დამატებას. მათ შორის განსაკუთრებულ იმედებს ქლაუდ-ტექნოლოგიებისა და სერვისების განვითარებაზე ვამყარებთ. მოგეხსენებათ, გლობალური მასშტაბით ქლაუდ-სერვისების მოხმარება ბევრად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ტრადიციული IT-ბაზარი. სამწუხაროდ, საქართველო ოდნავ ჩამორჩება ამ მიმართულებით მსოფლიო განვითარებას. ორი წლის წინ დავისახეთ მიზნად ლოკალური ქლაუდ-სერვისების შექმნა, რათა ჩვენს კლიენტებს მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობა ჰქონოდათ. ავაგეთ მაღალი ხარისხის თანამედროვე მონაცემთა ცენტრი და მის ბაზაზე გავუშვით სხვადასხვა ტიპის ქლაუდ-სერვისები, რომლებსაც კრებსითად, UGT Cloud-ს ვუწოდებთ. ამჟამად ათამდე სერვისი გვაქვს და 2023 წელს პორტფელის გაფართოებას ვგეგმავთ.

უახლოესი წლების განმავლობაში ამ მიმართულებით 50%-70%-იან ზრდას ვვარაუდობთ, მთლიანი კომპანიის დონეზე კი საშუალოდ 20%-იან წლიურ ზრდას. ეს ნორმალურია ჩვენი ტიპის კომპანიისთვის, რომელსაც ბაზრის დიდი წილი უკავია. მაგალითად, 2022 წელს, იმედი გვაქვს, 30%-იანი ზრდით დავასრულებთ. ამასთან, ჩვენი განვითარება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზეცაა დამოკიდებული. საერთო ჯამში, მომავალ წელს პოზიტიურად ვუყურებთ.



დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *