„ფრანი“ პირველი ქართული ციფრული სადაზღვევო სტარტაპია, რომლის გამოყენებითაც მომხმარებელს მასზე მორგებული პაკეტის მიღება, ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე შეუძლია.
პირველი ქართული სადაზღვევო ბროკერის პრეზენტაცია ტექნოპარკში გაიმართა. როგორც სტარტაპის დამფუძნებელი გიორგი ჩაჩუა განმარტავს, მულტიფუნქციური ბროკერი სრულად მომხმარებლის სურვილზეა მორგებული და ყველა საჭირო პროცესი პლატფორმაშია ინტეგრირებული.
„ფრანი არის ციფრული სადაზღვევო ბროკერი, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას ჩვენს პლატფორმაზე მასზე მორგებული დაზღვევა აპოვნინოს და მიიღოს საუკეთესო შეთავაზება. მთელი ეს პროცესი ხორციელდება აპლიკაციის მეშვეობით, არანაირი გადამისამართება სხვა ვებგვერდებზე არ ხდება და ყველა პროცესი ჩვენთანვეა ინტეგრირებული. პროცესს სჭირდება 3-4 წთ და მნიშვნელოვანია, რომ არანაირი დამატებითი ხარჯები არ იქნება, ჩვენთან ფასი იქნება ის, რაც ნებისმიერ სადაზღვევოს აქვს შეთავაზებაში, არანაირი ფარული ხარჯი არც ელექტრონული კომერციის გადასახადი არ არსებობს.
ბაზარზე სამოგზაურო დაზღვევით გამოვდივართ, შემდგომში მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა დაგვემატება და ეტაპობრივად წლის განმავლობაში დავამატებთ ფიზიკური პირების მიმართულებით სხვადასხვა პაკეტებს. 2 თვეში დაემატება ჯანმრთელობის დაზღვევა, ასევე ავტომობილის, ქონების და კრიტიკული დაავადებებისგან არსებული დაზღვევა, ეს იქნება ჩვენი გეგმა ამ წელს. რაც შეეხება გრძელვადიან გეგმებს, აქაური ვალიდაციის შემდეგ, მომავალი წლიდან ვაპირებთ რომ გავდიეთ გლობალურ ბაზრებზეც.“ – განაცხადა გიორგი ჩაჩუამ.
„ფრანის“ პრეზენტაციას სსიპ საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის, პარტნიორი სადაზღვევო კომპანიების, მასტერქარდის, საქართველოს ბანკის, ჯიტას და ჯიტას გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მიერ დაფინანსებული სტარტაპი სწრაფად გაიზარდა და სწრაფად შეძლო თავისი ინოვაციური პროდუქტის ბაზარზე გამოტანა. სადაზღვევო სექტორში ინოვაციური გადაწყვეტა, რომელიც მომხმარებელს სწორი არჩევანის გაკეთებას გაუადვილებს ძალიან მნიშვნელოვანია. დაზღვევის დარგი მთელ მსოფლიოში მზარდი და მოთხოვნადია და ასეთი ინოვაციური გადაწყვეტები მნიშვნელოვნად აადვილებს როგორც დაზღვევის პოლისების გამოყენებას, ასევე ინფორმაციის სწორად მიღებას.“ – განაცხადა ჯიტას ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ.
კომპანია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 15 000 და 150 000-ლარიანი გრანტების პროგრამის გამარჯვებული და მასტერქარდის ჯილდოს მფლობელი. S