TESLA-მ ბიტკოინების 75% გაყიდა

TESLA-მ ბიტკოინების 75% გაყიდა

ელექტრომობილების მწარმოებელი უმსხვილესი ამერიკული კომპანიის კვარტალური შედეგები ცნობილია – Tesla-მ მფლობელობაში არსებული ბიტკოინის 75% გაყიდა და მის სანაცვლოდ 936 მილიონი აშშ დოლარი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ Tesla-ს ხელმძღვანელობამ კრიპტოაქტივებში ინვესტირება გასულ წელს გადაწყვიტა და კომპანიამ 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინი შეიძინა. 2021 წლის მეოთხე კვარტალში აღნიშნული აქტივის ღირებულებამ $2.5-მილიარდიან ნიშნულს მიაღწია, რაც კრიპტობირჟის აღმასვლითა და ფასების ზრდით იყო განპირობებული.

კომპანიის გენერალური დირექტორის, ილონ მასკის განმარტებით, ბიტკოინის გაყიდვის გადაწყვეტილება მეორე კვარტალში კომპანიის წინაშე არსებულ გამოწვევებს უკავშირდებოდა. კერძოდ, ჩინეთის მასშტაბით მკაცრი ლოკდაუნების დაწესებამ Tesla-ს საწარმოო პროცესის შეფერხება გამოიწვია, რამაც კომპანია ნაღდი ფულის საჭიროების წინაშე დააყენა, ბიტკოინი კი, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიკვიდური აქტივი, მარტივი გასანაღდებელია, ანუ ბირჟაზე მისი ყიდვა ან გაყიდვა უაღრესად მარტივია.

ილონ მასკმა ისიც განმარტა, რომ აღნიშნული ქმედება ბიტკოინთან დაკავშირებით საბოლოო ვერდიქტად არ უნდა იქნეს აღქმული.

„ბიტკოინის გაყიდვის მიზეზი ჩინეთში ლოკდაუნების დაწესების საკითხთან დაკავშირებით გაურკვევლობის მაღალი დონე იყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ნაღდი ფულის მოცულობა მაქსიმალურად გაგვეზარდა. ეს ქმედება ბიტკოინთან დაკავშირებით საბოლოო ვერდიქტად არ უნდა იყოს აღქმული“, – განაცხადა მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა.

რაც შეეხება კომპანიის კვარტალურ შედეგებს, გასაჯაროებული ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ მეორე კვარტალში Tesla-მ 16.9 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 42%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

საგულისხმოა, რომ ელექტრომობილების გაყიდვით მიღებული მოგების მარჟა 32.9%-დან 27.9%-მდეა შემცირებული, რაც ბაზარზე კონკურენციის გაძლიერებასთან და მსოფლიო მასშტაბით გაზრდილ ინფლაციასთანაა დაკავშირებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *