გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები კულტურის სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები კულტურის სფეროდან

გასული ერთი კვირის განმავლობაში კულტურის სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა. Billboard-მა 2022 წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის ათეულშიც ბრიტანულ-ამერიკული როკჯგუფის, Fleetwood Mac-ის მიერ 1977 წელს გამოშვებული მუსიკალური ჩანაწერების კრებულები „Rumours“-ი მოხვდა. მოდის გერმანულმა ბრენდმა Hugo Boss-მა კი წარმატებული მეორე კვარტალის შემდეგ, წლიური გაყიდვების პროგნოზი რეკორდულ €3.5 მილიარდამდე გაზარდა. გარდა ამისა, იტალიის პოლიციამ არტემიზია ჯენტილესკის მე-17 საუკუნის ფერწერული ტილოს პოტენციური უკანონო გაყიდვის ფაქტი აღკვეთა.

რაც შეეხება სხვა სიახლეებს: ცნობილი გახდა, რომ ოსკაროსანი მსახიობი ჯულიან მური ვენეციის წლევანდელ კინოფესტივალზე მთავარი კონკურსის ჟიურის უხელმძღვანელებს; ოლივია ნიუმენის რეჟისორობით გადაღებული ფილმის, „Where the Crawdads Sing“-ის საშინაო დებიუტისას მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით 17.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; დიდ ბრიტანეთში კინოთეატრების ქსელმა Showcase-მა ცხელ დღეებში წითურთმიანებს ბილეთები უსასყიდლოდ შესთავაზა.

მოცემული ბლოგი გასული ერთი კვირის განმავლობაში კულტურის სფეროში მომხდარ აღნიშნულ სიახლეებსა და მოვლენებს ეთმობა.

Billboard: 2022 წლის ტოპ-10 ყველაზე გაყიდვადი ალბომი

ამერიკულმა გამოცემა Billboard-მა 2022 წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომების რეიტინგი გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ჰარი სტაილზის, ადელისა და BTS-ის მუსიკალური ჩანაწერების კრებულთა გვერდით ტოპ-ათეულში ბრიტანულ-ამერიკული როკჯგუფის, Fleetwood Mac-ის მიერ 1977 წელს გამოშვებული ალბომი „Rumours“-ი მოხვდა.

ფოტო: timeout.com

2022 წლის ყველაზე გაყიდვად ალბომებს შორის „Rumours“-ი მე-9 პოზიციას იკავებს. ეს უკანასკნელი რეიტინგის ტოპ-10-ეულში შემავალი მუსიკალური ჩანაწერების კრებულებიდან ერთადერთია, რომელიც 2021 ან 2022 წელს არ გამოსულა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „Rumours“-ი 2022 წელს ვინილის სახით გაყიდულ ალბომებს შორის მე-4 პოზიციაზეა.

Fleetwood Mac-ის ზემოხსენებულ ალბომში როკჯგუფის ცნობილი ჰიტი „Dreams“-ი შედის, რომელსაც Spotify-ზე 1 მილიარდზე მეტი სტრიმი აქვს მოგროვებული.

მიმდინარე წლის დასაწყისში ექსპერტებმა The Guardian-ს განუცხადეს, რომ Fleetwood Mac-ის მიერ ჩარტებში ადგილის ხანგრძლივად შენარჩუნება შესაძლოა, მისი სიმღერების ჟღერადობას მიეწეროს, რის გამოც, ისინი „მოდიდან არასდროს გადადის“. მათივე თქმით, ეს ასევე ბოლო დროს ვინილის პოპულარობის ზრდითაც არის განპირობებული.

წარმოგიდგენთ 2022 წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომების ათეულს Billboard-ის მიხედვით:

  1. Harry’s House – ჰარი სტაილზი (2022 წელი)
  2. Proof – BTS (2022 წელი)
  3. Sour – ოლივია როდრიგო (2021 წელი)
  4. 30 – ადელი (2021 წელი)
  5. „Encanto“-ს საუნდრეკი (2021 წელი)
  6. Oddinary – Stray Kids (2022 წელი)
  7. Dawn FM – The Weeknd (2022 წელი)
  8. Unlimited Love – Red Hot Chili Peppers (2022 წელი)
  9. Rumours – Fleetwood Mac (1977 წელი)
  10. Minisode 2: Thursday’s Child – Tomorrow X Together (2022 წელი)
ბრენდის განახლების ფონზე, Hugo Boss-ი რეკორდულ წლიურ გაყიდვებს პროგნოზირებს

მოდის გერმანულმა ბრენდმა Hugo Boss-მა, წარმატებული მეორე კვარტალის შემდეგ, წლიური გაყიდვების პროგნოზი რეკორდულ €3.5 მილიარდამდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ ბრენდის განახლებიდან, რის შემდეგაც Hugo – მილენიალებზე, ხოლო Boss-ი Gen Z-ზე ფოკუსირდა, დაახლოებით შვიდი თვეა გასული.

2022 წლის დასაწყისში ბრენდის განახლების შემდეგ ევროპასა და ამერიკაში Hugo Boss-ის პროდუქციაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. შედეგად, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში კომპანიის გაყიდვებმა, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 34%-ით, 878 მილიონ ევრომდე მოიმატა. ამის პარალელურად, Hugo Boss-ის აქციების ფასი 2,8%-ით გაიზარდა.

ფოტო: Bloomberg

უფრო კონკრეტულად, ევროპაში ბრენდის გაყიდვები – 41%-ით, ამერიკაში კი 45%-ით გაიზარდა. 2022 წლის მეორე კვარტალი Hugo Boss-ისთვის შედარებით წარუმატებელი გამოდგა ჩინეთის ბაზარზე, რაც აზიურ ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესებამ და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მაღაზიების დახურვამ გამოიწვია.

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში Hugo Boss-ის საოპერაციო მოგება 100 მილიონ ევრომდე გაორმაგდა. ცნობისთვის, გასული წლის ამავე პერიოდში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 42 მილიონი ევრო შეადგინა.

Hugo Boss-ი მთელი წლის განმავლობაში, საერთო ჯამში, გაყიდვების 20%-დან 25%-მდე ზრდას პროგნოზირებს, რის შედეგადაც აღნიშნული მაჩვენებელი 3.3-დან 3.5 მილიარდ ევრომდე მიაღწევს. ეს კი ბრენდის მიერ რეკორდული ნიშნულის გადალახვას გულისხმობს.

იტალიის პოლიციამ არტემიზია ჯენტილესკის ფერწერული ტილოს პოტენციური უკანონო გაყიდვის ფაქტი აღკვეთა

იტალიის პოლიციამ ვენის სააუქციონო სახლის მიერ ბაროკოს სტილის მიმდევარი მხატვრის, არტემიზია ჯენტილესკის მე-17 საუკუნის ფერწერული ტილოს პოტენციური უკანონო გაყიდვის ფაქტი აღკვეთა.

ფოტო: AP

კარაბინერების ჯგუფის განცხადებით, დილერებმა, სავარაუდოდ, ნამუშევრის ნამდვილი ავტორის ვინაობა დამალეს და ფერწერული ტილო ჯენტილესკის მიმდევარს მიაკუთვნეს, რათა იტალიის ხელისუფლებისგან ხელოვნების ნიმუშის ექსპორტისთვის ნებართვა თაღლითურად მიეღოთ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ არტემიზია ჯენტილესკის ზემოხსენებული ნამუშევრის ღირებულება დაახლოებით 2 მილიონ ევროდ არის შეფასებული. როგორც ცნობილია, ის მხატვარს მე-17 საუკუნის შუა ხანებში პულიაში მცხოვრებმა აზნაურმა შეუკვეთა.

არტემიზია ჯენტილესკიმ, როგორც მხატვარმა ქალმა წარმატებას თავის დროზე მამაკაცების მიერ დომინირებულ ხელოვნების სამყაროში მიაღწია. მისი ნამუშევრების ნაწილი ბიბლიურ და მითოლოგიურ თემატიკაზეა შექმნილი. ბევრი მათგანის ცენტრალურ ფიგურას ქალი წარმოადგენს. ის ხშირად დანით ან ხმლით არის დახატული, რომელსაც კაცის წინააღმდეგ იყენებს.

ჯულიან მური ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის უხელმძღვანელებს

ოსკაროსანი მსახიობი ჯულიან მური ვენეციის წლევანდელ კინოფესტივალზე მთავარი კონკურსის ჟიურის უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ღონისძიების ორგანიზატორებმა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს.

მურთან ერთად ჟიურიში ასევე იქნებიან: ფრანგი რეჟისორი ოდრი დივანი, რომელმაც გასულ წელს „ოქროს ლომი“ მოიპოვა ფილმისთვის „Happening“; ირანელი მსახიობი ლეილა ჰათამი; იტალიელი რეჟისორი ლეონარდო დი კოსტანცო და ნობელის პრემიის ლაურეატი, მწერალი კაზუო იშიგურო.

ფოტო: Alexi J. Rosenfeld

არგენტინელი რეჟისორი და სცენარისტი მარიანო კონი და ესპანელი კინორეჟისორი როდრიგო სოროგოიენი შეადგენენ საერთაშორისო ჟიურის, რომელიც ნომინანტებს ფესტივალის მთავარ საკონკურსო ჯილდოებს, მათ შორის „ოქროს ლომს“ ანიჭებს.

შეგახსენებთ, ვენეციის რიგით 79-ე კინოფესტივალი კუნძულ ლიდოზე 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

ბრიტანეთში კინოთეატრების ქსელმა წითურთმიანებს ცხელ დღეებში ბილეთები უფასოდ შესთავაზა

დიდ ბრიტანეთში კინოთეატრების ქსელმა Showcase-მა ცხელ დღეებში წითურთმიანებს ბილეთები უსასყიდლოდ შესთავაზა. მათ ფილმების უფასოდ ნახვა ორშაბათსა და სამშაბათს შეეძლოთ, როდესაც ქვეყანაში საშუალო ტემპერატურამ რეკორდულ 40 °C-ს გადააჭარბა.

კვლევებით დგინდება, რომ წითურთმიანები მზის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან. Showcase-ის კამპანია სწორედ აღნიშნულზე დაყრდნობით შემუშავდა.

„მიუხედავად იმისა, რომ დიდ ბრიტანეთში მზიანი ამინდი სასურველია, ჩვენ ვიცით, თუ რამდენად ძნელად ასატანია სიცხე ზოგიერთი ადამიანისთვის. სწორედ ამიტომ, სიცხის დასაძლევად, წითურთმიანებს ორშაბათსა და სამშაბათს ჩვენს კინოსეანსებზე ბილეთებს უფასოდ ვთავაზობთ, რათა ისიამოვნონ საოცარი ფილმებით კონდიცირებულ კინოდარბაზებში“, – განაცხადა ინიციატივის გაჟღერებისას Showcase-ის გენერალურმა მენეჯერმა, მარკ ბარლოუმ.

ფოტო: Getty Images

აღსანიშნავია, რომ თითო წითურთმიანს დღეში ერთი ბილეთის მოთხოვნა შეეძლო. Showcase-ი კამპანიის დაწყებამდე შეძენილი ბილეთების საფასურის უკან დაბრუნებას არ უზრუნველყოფდა.

ცნობისთვის, Showcase-ის კინოთეატრებში ორშაბათსა და სამშაბათს ფილმებს: „Thor: Love and Thunder“, „Elvis“, „Top Gun: Maverick“, „The Gray Man“, „Lightyear and Minions: The Rise of Gru“ – უჩვენებდნენ.

ფილმის „Where the Crawdads Sing“ საშინაო დებიუტისას მიღებულმა შემოსავალმა $17.2 მილიონი შეადგინა

ოლივია ნიუმენის რეჟისორობით გადაღებული ფილმის „Where the Crawdads Sing“ საშინაო დებიუტისას მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით 17.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, მონაცემები აშშ-სა და კანადაში მდებარე 3,650 კინოთეატრის სალაროების მიხედვით არის დათვლილი.

დელია ოუენსის გასული ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად რომანზე დაფუძნებული ფილმის გლობალური შემოსავალი, მოცემული დროისთვის, 19.8 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. აღსანიშნავია, რომ კინოსურათის ბიუჯეტი სულ რაღაც 24 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

გასულ უიკენდზე ჩრდილოეთ ამერიკის კინოთეატრების სალაროებში ბილეთების გაყიდვით მიღებული შემოსავლის მიხედვით „Thor: Love and Thunder“ ლიდერობს, რომელმაც 46 მილიონი აშშ დოლარის შეგროვება შეძლო. მეორე ადგილს $26-მილიონიანი შემოსავლით ანიმაციური ფილმი „Minions: The Rise of Gru“ იკავებს. მესამე პოზიციაზე კი სწორედ ახლახან გამოსული „Where the Crawdads Sing“-ია.

ზოგადად, 2022 წელს გამოსული ფილმებიდან შემოსავლების კუთხით საუკეთესო შედეგი ამ დროისთვის „Top Gun: Maverick“-ს ეკუთვნის. ტომ კრუზის მონაწილეობით გადაღებული კინოსურათის ბილეთების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი, საერთო ჯამში, დაახლოებით 1.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *